Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Süddeutsche Zeitung      გერმანია

ნიკოლას ფროინდი

 

 

         ბოლო ცნობები რუსეთის წარმატებების შესახებ დონბასში, შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა. უკრაინაში უკვე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მოვლენა შესაძლოა აისახოს მოსკოვთან მოსალოდნელ მოლაპარაკებებზე

ბოლო დღეების ახალ ამბებში უკრაინიდან, დომინირებს ერთი თემა: გამანადგურებელი – F-16. ერთი კვირის წინ, დაირხა ხმები, რომ უკრაინას პირველი თვითმფრინავი გადასცეს. მოგვიანებით გამოჩნდა F-16-ების გათხაპნილი გამოსახულებები, რომლებიც საეჭვოდ ჰგავდა უკრაინისთვის შეპირებულ ხომალდებს.

გასულ უქმეებზე ვლადიმირ ზელენსკიმ, როგორც იქნა, დაადასტურა ეს ინფორმაცია.

პრეზიდენტი მიესალმა მფრინავებს გამანადგურებლების ფონზე და საკუთარ Telegram-არხზე გააზიარა ფოტო და ვიდეო მასალები F-16-ების გამოსახულებით.

იმ დღეს ზელენსკის არხზე მთავარი თემა უკრაინელი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება იყო – უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, მასმედიასა და სოციალურ ქსელებში, ძირითადად გამანადგურებლებსა და ოლიმპიელებზე მსჯელობდნენ.

ამ დროს ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა – კერძოდ დონბასის ფრონტზე, რაც სერიოზულ გავლენას იქონიებს დიპლომატიაზე.

რუსული არმიის წინსვლაზე ქალაქ ტორეცკთან, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ალაპარაკდნენ. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ „სადაზვერვო ჯგუფებმა“ შეაღწიეს ქალაქში. ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ რუსული არმია დაზვერვას არ დასჯერდება. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსმა მებრძოლებმა სცადეს გაერღვიათ ფრონტის ხაზი.

გასულ სამშაბათს, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ ასევე დაადასტურა რუსების წამოწყებული მასშტაბური შეტევები.

მათ შორის იყო იერიში დასახლება ნიუ-იორკზე და მნიშვნელოვანი სამრეწველო ქალაქის – პოკროვსკის მიმართულებით.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, უახლოეს კვირეებში, რუსული არმია მიაღწევს შემდგომ პროგრესს, თუმცა მისი შესაძლებლობები შეზღუდულია.

გასულ ოთხშაბათს განხორციელდა ბოლო პერიოდის ყველაზე მძლავრი რუსული შეტევა უპილოტოებით. არსებული ცნობებით, რუსებმა 90 „შაჰედი“ მიმართეს უკრაინულ სამიზნეებზე, მათ შორის კიევზე.

უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ შეძლო უპილოტოების დიდი ნაწილის განეიტრალება, რომლებიც აღჭურვილი იყო 40-50 კილოგრამიანი ასაფეთქებლებით. ამ შეტევამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად დამოკიდებულია უკრაინა დასავლეთზე შეიარაღების კუთხით –  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაცვა მსგავსი იერიშებისგან.

უქმეებზე დონბასის გუბერნატორმა ბრძანება გასცა რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე. 772 ბავშვი და მათი მშობლები, უნდა გაეყვანათ უსაფრთხო ადგილებზე რკინიგზის ვაგონებისა და ჯავშანმანქანების გამოყენებით.

პრაქტიკა მოწმობს, რომ ევაკუაცია ხდება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინული მხარე დარწმუნებულია, რომ ვერ შეინარჩუნებს კონკრეტულ რაიონებს.

კვირას, როგორც იქნა, გაირკვა, რომ რუსი მებრძოლები წინ მიიწევენ მნიშვნელოვანი ქალაქის –  ჩასოვ იარის მიმართულებით. ჩასოვ იარი განლაგებული მაღლობზე, საიდანაც შეგიძლია ცეცხლი გაუხსნა კრამატორსკს, კონსტანტინოვკასა და სლავიანსკს.

ამ ქალაქებში უკრაინულ არმიას აქვს საკომანდო პუნქტები და ლოგისტიკური ცენტრები. თუ კიევმა ვერ შეინარჩუნა ეს ქალაქები ან რუსებმა დაიკავეს მათი ნაწილი, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ უკრაინისთვის დონბასი დაიკარგება.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ სცენარია, თუმცა მისი ხორცშესხმა სულ უფრო რეალური ხდება  განუხრელი რუსული შეტევის ფონზე. უკრაინულმა არმიამ ჩასოვ იარი ამდენ ხანს იმის ხარჯზე შეინარჩუნა, რომ აქ არსებულმა მდინარემ, შეტევის დროს, გავშანტექნიკის გამოყენება შეუძლებლად აქცია. მიუხედავად ზემოთქმულისა, რუსულმა შენაერთებმა, ზოგიერთი მონაცემით, შეძლეს ამ წინაღობის დაძლევა და მათ მდინარე გადალახეს კიდეც.

უკრაინული არმია ყველაფერს იღონებს ამ ქალაქის  შესანარჩუნებლად, მაგრამ ანალოგიურ სიტუაციაში, მას მოუწია ბახმუტის და ავდეევკის დატოვება. თანაც უკრაინელები აწყდებიან ძველ პრობლემებს: საბრძოლო მასალები ძალზე ცოტაა, ისე როგორ  ცოცხალი ძალა და რაც არის, ისიც გამოუცდელია. ტელეარხ Welt-ის ეთერში ბუნდესვერის პროფესორი, სამხედრო ექსპერტი – კარლო მასალა უკვე საუბრობს „დონბასის რაიონებიდან უკრაინელების გასვლის შესახებ“.

რამდენიმე კილომეტრით მეტს ან ნაკლებს – გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს კონფლიქტისთვის, თუმცა დონბასის სტრატეგიული დანიშნულების დაკნინებაც არ ივარგებს. ამ ტერიტორიის გათავისუფლება კრემლის სამხედრო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო კონფერენციის შემდეგ, სულ უფრო მეტ ძალას იკრებს მცდელობა, მოსკოვი დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან. შეიძლება ითქვას, ამ მოლაპარაკებების შედეგს  (მნიშვნელობა არ აქვს შეხვედრა სად და როდის გაიმართება), განსაზღრავს ის  – თუ რამდენად წარმატებული იქნება რუსული არმია დონბასში.

By admin