Forbes აშშ
დევიდ ექსი
რუსული არმია, რომელიც განუხრელად წინ მიიწევს გამანადგურებელი პლანირებადი ბომბებისა და ტანკსაწინააRმდეგო სარაკეტო ცეცხლის თანხლებით, ახლა პოკროვსკიდან აღმოსავლეთით, სულ რაღაც 18 კილომეტრში იმყოფება – პოკროვსკი დონეცკის ოლქში უკრაინის საკვანძო საყრდენი პუნქტია
„სწორედ აქ მიმდინარეობს უსასტიკესი ბრძოლები – აღიარა ვლადიმირ ზელენსკიმ – და ზუსტად ამ მიმართულებაზე უნდა გაეცეს მტერს ყველაზე ინტენსიური პასუხი.“
რუსული სამხედრო აგრესია უკვე ითვლის 28 თვეზე მეტს და ამ ეტაპზე, მართალია ორი ურთიერთგამომრიცხავი იდეა. რუსები კარგავენ იმაზე მეტ მებრძოლსა და ტექნიკას, რამდენის განადგურების უფლებასაც ( გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით), საკუთარ თავს არ უნდა აძლევდნენ. იმავდროულად, რუსები კვლავინდებურად იმაზე მეტ მებრძოლს და ტექნიკას ფლობენ, ვიდრე უკრაინელები და თუ სხვა ადგილებზე მათი შეტევები მიინავლა, პოკროვსკის მიმართულებაზე ისინი ნაყოფიერად იყენებენ რაოდენობრივ უპირატესობას.
რუსებმა, პოკროვსკის აღმოსავლეთით მდებარე პლაცდარმზე, თავი მოუყარეს 20 პოლკსა და ბრიგადას: მთლიანობაში 40 ათას მებრძოლს. მათ შეჩერებას ცდილობს 6 უკრაინული ბრიგადა – 12 ათასი კაცის შემადგენლობით.
ჯერ კიდევ მაისში, უკრაინული ანალიტიკური ჯგუფი Frontelligence Insight-ი პროგნოზირებდა უთანასწორო ბრძოლებს პოკროვსკის მიმართულებაზე. „ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მიმართულებაა ამ დროისთვის – აღნიშნავდა ხსენებული ჯგუფი – რუსებს ამ რაიონში მნიშვნელოვანი ძალა ჰყავთ, რასაც ისინი აუცილებლად გამოიყენებენ შემდგომი წინსვლისთვის“.
„მართალია უკრაინელებმა მიიღეს ზომები ხაზის დასტაბილურებისთვის, ძალთა ბალანსი ისევ უთანაბროა და არსებობს რისკები“ – დასძენს Frontelligence Insight-ი.
უკრაინულ თავდაცვას უძღვება ერთ-ერთი საუკეთესო 47-ე მექანიზებული ბრიგადა – ამერიკული მძიმე ჯავშანტექნიკის ძირითადი ოპერატორი.
თუმცა რუსებმა შეიმუშავეს ქვეითთა საბრძოლო მანქანა M-2 „ბრედლისთან“ ბრძოლის ახალი მეთოდი. ვიდრე საჰაერო-კოსმოსური ძალების ბომბდამშენების – „სუხოის“ მეშვეობით, ბომბები ცვივა უკრაინელების ზურგში, რუსი მზვერავი მოტოციკლეტებზე ამხედრებული ეძებენ შეხების ხაზზე არსებულ მოწინააღმდეგის ტექნიკას.
როცა მზვერავი უკრაინული ტექნიკის ადგილსამყოფელს ადგენს, ბრძოლაში ერთვება რუსული არტილერია. „ბოლო დღეების განმავლობაში, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება მნიშვნელოვანად გაიზარდა“ – გვიხსნის უკრაინული ანალიტიკური ჯგუფი – Deep State.
პარასკევს 47-ე ბრიგადის M-2 მიუახლოვდა რუსულ პოზიციებს პოკროვსკის აღმოსავლეთით. წინსვლის დროს, ის აქტიურად იყენებდა 25 მილიმეტრიან ავტომატურ ქვემეხს. რუსული ანტისატანკო რაკეტა მას პირდაპირ შუბლში მოხვდა და ის მწყობრიდან გამოიყვანა. ეკიპაჟის 7 წევრი აალებული „ბრედლიდან“ გადმოხტა და უკრაინულ პოზიციებს დაუბრუნდა.
უკრაინელი მეთაურები შფოთავენ, წარმატებით ფრთაშესხმული რუსი ოფიცრები კი პლაცდარმზე დამატებით ტექნიკასა და ცოცხალ ძალას უყრიან თავს.
რა იქნება ხვალ, უცნობია. უკრაინელებისთვის დადებითი ისაა, რომ ქალაქის ტერიტორია უფრო ადვილი დასაცავია. რაც უფრო უახლოვდებიან რუსები პოკროვსკს, მით უფრო ძნელია შეტევის ტემპის შენარჩუნება.
თავდაცვითი სტრატეგიების უკრაინულმა ცენტრმა უკვე შენიშნა ეს დინამიკა. „მოწინააღმდეგის წინსვლის ტემპი – ქალაქთან მიახლოების კვალად, სულ უფრო ეცემა“ – ნათქვამია შეტყობინებაში.
თუმცა ეს უკრაინელებისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. ისინი წლების განმავვლობაში ცდილობდნენ, მტერი პოკროვსკში არ შეეშვათ, ახლა კი ხედავენ, რომ რუსები ქალაქს სულ უფრო უახლოვდებიან.