Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Interia პოლონეთი

მარცინ იან ორლოვსკი

 

გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, რამდენიმეთვიანი ბრძოლების შემდეგ, იძულებული შეიქნენ, დაეტოვებინათ დასახლებული პუნქტები – უროჟაინოე და სტარომაიორსკოე. ეს პუნქტები უკრაინულმა არმიამ შარშანდელი კონტრშეტევის შედეგად დაიკავა და მას შემდეგ, მათ საუკეთესო უკრაინული ქვედანაყოფი იცავდა. „ამ დასახლებების დაკარგვა, მნიშვნელოვანი დარტყმაა უკრაინისთვის“  – წერენ ექსპერტები

უროჟაინოესა და სტარომაიორსკის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე, იტყობინებოდა ამერიკული გამოცემა The New York Times-ი. პუბლიკაციებში ხაზგასმულია, რომ ბრძოლა ამ დასახლებული პუნქტებისთვის მიმდინარეობდა 2023 წლიდან მოყოლებული. სწორედ ამ დროს დაიწყო უკრაინული კონტრშეტევა, რომელმაც წარმატება ვერ მოიტანა.

ამ დასახლებებში, მარტიდან განლაგებული 58-ე მოტოქვეითი ბრიგადა, ყოველდღიურად იგერიებდა რუსული ნაწილების შემოტევებს. მათ მისადგომებთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ახალ-ახალი მოიერიშე რუსული რაზმები, რომელთა მიზანს შეადგენდა საცხოვრებელ ზონაზე კონტროლის დაწესება. ამ საბრძოლო მისიებში უშუალოდ მონაწილეობდა ელიტური რუსული საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადა.

სტარომაიორსკის ასაღებად, რუსულ არმიას 3 თვე დასჭირდა. რამდენიმე კვირის ინტენსიური იერიშების შედეგად, მათ გაარღვიეს უკრაინული თავდაცვის ხაზი – მალევე კონტროლი დაწესდა ურაჟაინოეზეც.

„ამ დასახლებების დაკარგვა, მით უფრო  სხვადასხვა მონაკვეთებზე რუსების ბოლოდროინდელი წარმატებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი დარტყმაა უკრაინისთვის. თანაც, თავის დროზე, უკრაინელმა სამხედროებმა ისინი დიდი ოფლისა და სისხლის ფასად დაიბრუნეს კონტრშეტევის დროს“ – ამბობენ ანალიტიკოსები.

კონფლიქტი უკრაინაში: „გადამწვარი მიწის“ რუსული ტაქტიკა

როგორც 58-ე ბრიგადის მებრძოლები იტყობინებიან, ამ დასახლებული პუნქტების დაცვა უკიდურესად გართულდა. რუსები იყენებდნენ „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკას და ცდილობდნენ ყველა შენობის განადგურებას. ამის გამო, უკრაინელებმა ვერ მოახერხეს თავდაცვის მუდმივი ზღურბლის ორგანიზება.

„ბრძოლები მიმდინარეობდა ნანგრევებში, სარდაფებში… იყო რამდენიმე სანგარი, მაგრამ აღარ არსებობდა ერთიანი თავდაცვითი ზღუდე. ჩვენ ამის საშუალება არ გაგვაჩნდა“ – ამბობს 43 წლის მებრძოლი – მეტსახელად „კარაი“ და ამასთან, ის აღიარებს, რომ ივნისიდან, დასახლების ნახევარი უკვე იყო რუსი სამხედროების ხელში.

„თვენახევრის განმავლობაში, ეს ჰგავდა 2 ძაღლის ჩხუბს. ირგვლივ იმდენი  დრონი ტრიალებდა, რომ დაჭრილების ევაკუირებაც მხოლოდ ღამით ხერხდებოდა. ასე რომ, დადგა მომენტი, როცა ჩვენი მებრძოლების იქ ყოფნამ, აზრი დაკარგა“  – დაამატა მან.

თუმცა უროჟაინოესა და სტრარომაიორსკის დაკავებით, რუსული შეტევა არ სრულდება. რუსებმა მიიღეს ბრძანება, რომ შეტევა განავითარონ.

„შევეცდებით ისინი მაქსიმალურად დიდხანს შევაკავოთ“ – ამბობს 28 წლის სნაიპერი – მეტსახელად „სტანი“.

მისი აზრით, მოგერიების რეჟიმში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების უპირატესობა მხოლოდ მორალურ სულისკვეთებაში არ მდგომარეობს, ამას ემატება უკრაინული უპილოტოების  მაღალი ეფექტიანობა. მათ აქტიურად იყენებენ ქვეითთა ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც თავდაცვის ხაზს უტევენ.

„ისინი მუდმივად გადმოდიან იერიშებზე, ძირითადად მცირე ჯგუფებად –  მოტოციკლეტების გამოყენებით. რუსები იჭრებიან ტყის გამყოფ ზოლებში და შემდეგ იწყებენ სანგრების თხრას“.

By admin