Європейська правда უკრაინა
სამშაბათს, კიევში – ვლადიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ცდილობდა, წინ წამოეწია დაუყოვნებელი ზავის იდეა, რომელიც გვხვდება რუსეთის ყველა „სამშვიდობო გეგმაში“, თუმცა მას არ დაუჟინებია მისი ინიციატივის გაზიარება
ამის შესახებ იტყობინება „ევროპეისკა პრავდას“ კორესპონდენტი.
ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, პრესისთვის გაკეთებულ განცხადებებში, უნგრეთის ლიდერმა აღიარა, რომ ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის მყისიერი შეწყვეტა და მხარეების შეჩერება შეხების იმ წერტილებში, რომელიც არის სადღეისოდ.
ორბანმა აღნიშნა, რომ არ არის უკრაინის მხარის მიერ წარმოდგენილი კონფლიქტის დასრულების გეგმის წინააღმდეგი, მაგრამ თვლის, რომ ის დროში გაიწელება.
„მე ვუთხარი ზელენსკის, რომ მისი ინიციატივების განხორციელება დიდ დროს მოითხოვს საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამდენად ვთხოვე, ეფიქრა იმაზე, რომ ცოტა სხვანაირად მოქცეულიყო: ჯერ შემწყდარიყო ცეცხლი და შემდეგ დაწყებულიყო საუბარი რუსეთთან, რადგან ეს მოლაპარაკებებს დააჩქარებდა“ – თქვა ორბანმა.
სხვათაშორის, ვიქტორ ორბანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას არავისთვის დაუძალებია მისი ინიციატივა და რომ მან გაითვალისწინა უკრაინული მხარის არგუმენტები.
„მე ზელენსკის მადლობელი ვარ მისი გულწრფელი პასუხის გამო“ – განაცხადა მან და პირობა დადო, რომ მოსმენილს ევროკავშირის სხვა ლიდერებს გადასცემდა.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში, ეს საკითხი არ ახსენა, მაგრამ მან ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებს შვეიცარიის სამიტზე.
„უნგრეთი დაესწრო პირველ „მშვიდობის სამიტს“ და მხარი დაუჭირა სამიტის კომუნიკეს. ეს ნიშნავს, რომ უნგრეთი ეფექტიანად იმოქმედებს რეალური ხანგრძლივი უსაფრთხოების დაბრუნების მიმართულებით“ – თქვა ვლადიმირ ზელენსკიმ.
როგორც „ევროპეისკა პრავდა“ იტყობინებოდა, კიევში გამართული მოლაპარაკების შედეგებზე დაყრდნობით, ზელენსკიმ და ორბანმა გადაწყვიტეს, იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობის შეთანხმებაზე.
ორბანმა პირობა დადო, რომ გახსნიდა პირველ უკრაინულ სკოლას უნგრეთში.