Le Figaro საფრანგეთი
შაბათს, მიტინგის მსვლელობის დროს, განხორციელდა თავდასხმა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ – დონალდ ტრამპზე. პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს ავტომატური შაშხანიდან, მან მიიღო მსუბუქი დაზიანება
„გონებით – თავდასხმის მსხვერპლთან, დონალდ ტრამპთან ვარ, რომელსაც ვუსურვებ უსწრაფეს გამოჯანმრთელებას“ – ასეთი იყო ემანუილ მაკრონის რეაქცია მომხდარიდან რამდენიმე საათში. „ერთი დამსწრე დაღუპულია, რამდენიმე დაიჭრა. ეს არის ტრაგედია დემოკრატიისთვის. საფრანგეთი იზიარებს ამერიკელების შოკსა და აღშფოთებას“ – დაწერა ფრანგმა ლიდერმა სოციალურ ქსელ X-ში ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. სხვადასხვა ქვეყნების მეთაურებმა, ასევე გამოხატეს აშშ-ს ექსპრეზიდენტის მხარდაჭერა.
საფრანგეთში – ბარდელა და მარინ ლე პენი სწრაფად გამოეხმაურნენ მომხდარს. „დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რასაც ის სასწაულებრივ გადაურჩა, არის დრამატული სიმბოლო ძალადობისა, რომელიც ანგრევს დემოკრატიულ წყობას“ – იტყობინება მარინ ლე პენი X-ში და ექსპრეზიდენტს „გამოჯანმრთელებას“ უსურვებს.
„ძალადობა არის შხამი მთელი დემოკრატიისთვის“ – განაცხადა ჯორდან ბარდელამ.
„შემართა რა მუშტი, ის აგრძელებს ბრძოლას. დონალდ ტრამპი ნამდვილი მამაკაცია“ – დაწერა ერიკ ზემურმა იმავე სოციალურ ქსელში.
„საბრძოლო სულისკვეთება, რომლითაც ის უპირისპირდება გაუსაძლის პოლიტიკურ ძალადობას, აღფრთოვანებას იწვევს“ – განაცხადა მარიონ მარეშალმა. მომხდარს ასევე გამოეხმაურნენ მემარცხენე ბლოკის პოლიტიკოსები, მათ შორის სანდრინ რუსო, რომელმაც დონალდ ტრამპს „ უსწრაფესი გამოჯანმრთელება უსურვა“. მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „მე ვგმობ ძალადობას ნებისმიერ შემთხვევაში“.
„გააღვივო ძალადობა, ეს ნიშნავს მოახდინო მისი პროვოცირება. დემოკრატიას ჯერ არ განუცდია ასეთი თავდასხმა“ – დაწერა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა – ნატალი ლუაზომ და განცხადებას დაურთო – „დაზარალებულების სწრაფი გამოჯანმრთელების“ სურვილი.