Politico აშშ
ლაურა კაიალი
ვილპენტი, საფრანგეთი – რადიკალი მემარჯვენე „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერმა – ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას, მაგრამ არ აპირებს ამ განაწამებ ქვეყანაში, არც ფრანგი ჯარისკაცებისა და არც შორი მანძილის რაკეტების გაგზავნას – თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდა
„პოზიცია არ შემიცვლია და ის გამოიხატება უკრაინის სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალებით, ოპერატიული მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვითი შეიარაღებით დახმარებაში, რომ მან შეძლოს თავის დაცვა და ფრონტის ხაზის შენარჩუნება“ – განუცხადა ბარდელამ ჟურნალისტებს გამოფენა Eurosatory-ის კულუარებში, რომელიც პარიზის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ ქალაქში გაიმართა.
„მაგრამ პრეზიდენტისგან განსხვავებით, მე ვეწინააღმდეგები უკრაინაში ფრანგული ჯარისა და ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნას“ – თქვა მან და იქვე დასძინა, რომ კონფლიქტში პირდაპირი ჩართვა – ეს იქნება „წითელი ხაზის“ გადალახვა.
სააგენტო როიტერის თანახმად, ბარდელამ ასევე გამორიცხა შორი მანძილის რაკეტების კიევისთვის გადაცემა, რითაც შესაძლებელია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმა.
პარიზი და კიევი ამთავრებენ მუშაობას უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის გეგმაზე. ამ პროექტის რეალიზაცია აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ თუ „ნაციონალური გაერთიანება“ საფრანგეთის მთავრობაში მოხვდა ვადამდელი არჩევნების შედეგად, რომელსაც მაკრონი განიხილავს როგორც პასუხს – თვის დასაწყისში ევროპულ არჩევნებზე მისი პარტიის დამარცხებაზე. ფრანგი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებს 30 ივნისსა და 7 ივლისს მიაშურებს.
თუ საზოგადოებრივი გამიკითხვის შედეგები არ ტყუის, მაშინ „ნაციონალური გაერთიანება“ მყარად იქნება წარმოდგენილი ეროვნულ ასამბლეაში და ბარდელას ერგება პრემიერ-მინისტრის პოსტი. პრეზიდენტი მაკრონი – დარჩება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ხოლო პრემიერ- მინისტრი განკარგავს მის ბიუჯეტს.
ბოლო თვეების განმავლობაში, „ნაციონალურმა გაერთიანებამ“ შეარბილა პოზიციები საკამათო საკითხებში, რომლებიც რუსეთთან და ნატოსთან ურთიერთობებს ეხება. კერძოდ, რადიკალმა მემარჯვენეებმა თავისი საიტიდან გააქრეს მანიფესტი, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სადაც იყო მოწოდება მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის გაღრმავებისა და სამხედრო ალიანსის ერთიანი მმართველობიდან გასვლის შესახებ.
ბარდელა შეეცადა გაებათილებინა მოსაზრება, რომ მისი პარტიის გამარჯვება დააკნინებს საფრანგეთის პოზიციებს მსოფლიო ასპარეზზე. „მე არ ვაპირებ დავასუსტო საფრანგეთის ხმა საერთაშორისო არენაზე და უარი ვთქვა საერთაშორისო ვალდებულებებზე, ასე რომ, ვაპირებ ამ საკითხებს სერიოზულად მივუდგე“ – უთხრა მან ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ მისი პარტია არ აპირებს ნატოს ერთიანი მმართველობიდან გასვლას უკრაინაში კონფლიქტის დასრულებამდე.
ბარდელამ დაგმო კრემლის ქმედება და „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, ამასთან დაამატა, რომ სურს გამოირიცხოს „რუსეთთან ნებისმიერი ესკალაცია“, ვინაიდან ის ბირთვული სახელმწიფოა. მან სცადა ყველა დაერწმუნებინა, რომ „რეგიონში დააბრუნებდა მშვიდობასა და პოლიტიკურ სტაბილურობას“.
Eurosatory-ს გამოფენაზე, ბარდელამ, როგორც ევროპარლამენტის ახლადარჩეულმა დეპუტატმა, მოინახულა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სტენდები – „ეირბასი“, KNDS France-ი, Arquus-ი და პირობა დადო, რომ გაზრდიდა თავდაცვით ხარჯებს. გასულ ზაფხულს, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა სამხედრო დაგეგმარების 7- წლიან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს, 2030 წლამდე – სამხედრო ხარჯების 413 მილიარდ ევრომდე გაზრდას.
„მინდა, რომ საფრანგეთმა გააგრძელოს გადაიარაღება. ჩემი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და სტრატეგიული ავტონომიის განმტკიცება, ამდენად გავაძლიერებ იმ ფინანსურ ძალისხმევას, რასაც ითვალისწინებს სამხედრო დაგეგმარების შესახებ კანონი“- ირწმუნება ბარდელა.