Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Newsweek  აშშ

დეივიდ ბრენანი

 

განუწყვეტელი ბრძოლა აღმოსავლეთუკრაინული ქალაქის – ჩასოვ იარისთვის, შესაძლოა იქცეს გადამწყვეტ შეტაკებად ამ კონფლიქტში: რუსული შენაერთები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მიაღწიონ ახალ წარმატებებს იქამდე, ვიდრე უკრაინული ქვედანაყოფები ბრძოლაში ჩააბამენ განახლებული ამერიკული დახმარებით მიღებულ შეიარაღებას – მისი მიწოდება რამდენიმე თვით შეჩერდა ვაშინგტონში მიმდინარე პარტიათშორისი დაპირისპირების გამო

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, რუსული ძალები, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ შეტევით ოპერაციებს ჩასოვ იარის მიმართულებით. მარტში, ანალიტიკურმა ცენტრმა დაწერა, რომ ამ ქალაქის აღება რუსულ ძალებს მოუტანდა  „შეზღუდულ, მაგრამ მნიშვნელოვან ოპერატიულ სარგებელს“.  საბრძოლო ვითარების ამსახველი ბოლო რუკა, ასახავს რუსეთის მრავალმხრივ შეტევას ბახმუტის დასავლეთ და  ჩრდილოეთ მიმართულებებიდან.

ჩასოვ იარი განლაგებულია ბახმუტის დასავლეთით 10 კილომეტრში. ეს უკანასკნელი, რუსულმა არმიამ ხელთ იგდო 2023 წლის მაისში, მრავალთვიანი, გამომფიტავი და სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად. დონეცკის ოლქის ეს ნაწილი, ცხელ წერტილად იქცა 2014 წელს, როცა მოსკოვმა მიიტაცა ყირიმი და მოახდინა სეპარასტისტული ამბოხების პროვოცირება  დონბასში.

2014 წლიდან, ქალაქი წარმოადგენდა კიევის მნიშვნელოვან ფორფოსტს – აქ იყო განლაგებული საკვანძო სამხედრო ჰოსპიტალი, შემდეგ კი რუსულ ძალებთან და მის მომხრეებთან მებრძოლი უკრაინის გაერთიანებული ძალების საოპერაციო შტაბი.

2022 წლიდან, მაცხოვრებლებისგან სრულიად დაცლილი ჩასოვ იარი, წარმოადგენდა საკვანძო პლაცდარმს ბახმუტის უკრაინელი დამცველებისთვის.

ქალაქი განლაგებულია შემაღლებულ ადგილას და ზემოდან დაჰყურებს შემოგარენს. მისი კონტროლი რუსებს საშუალებას მისცემს უკრაინული ძალები განდევნოს სამხრეთით, ისეთ სიღრმეში, რომ ისინი მნიშვნელოვნად დასცილდნენ რუსული მომარაგების ხაზებსა და ბახმუტის მისადგომებს.

ამას გარდა, ჩასოვ იარი, არის კრამატორსკისა და სლავიანსკის  კარიბჭე. რუსეთისთვის, ეს ქალაქები წარმოადგენს სტრატეგიულ მიზანს, რაკი ის პრეტენზიას აცხადებს მთელს დონბასზე და აპირებს მის სრულად დაუფლებას.

ჟურნალმა  Newsweek-მა თხოვნით მიმართა  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რათა მას კომენტარის  გაეკეთებინა შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ მას პასუხი არ მიუღია.

„ჩასოვ იარის აღება, რუსებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება ოპერატიული თვალსაზრისით, ვიდრე ავდეევკის დაუფლება იყო“ – წერს  ISW. თუმცა ის არ მოელის ქალაქის სწრაფ დაცემას, თუ ამგვარი რამ, მაინც მოხდა.

გარდა ამისა, ბრძოლა ქალაქისთვის, მისი შედეგების მიუხედავად, შესაძლოა იყოს გადამწყვეტი. პროუკრაინელი ანალიტიკოსი რადუ ჰოსუ  X-ში (ყოფილი  Twitter-ი) წერს, რომ რუსეთის წარმატება ჩასოვ იარში, შეიძლება მოხდეს ერთი მთავარი მიზეზით, თუ მოსკოვი ისარგებლებს დასავლეთის დაღლილობით კონფლიქტისაგან, შიდაპოლიტიკური დაძაბულობით ევროპის ქვეყნებში და თავის მხრივ, გააძლიერებს წნეხს „ „არასამართლიანი, უპატიოსნო და მორალურად დამანგრეველი მშვიდობის“ მისაღწევად, რითაც პრაქტიკულად მიიღებს დომინოს ეფექტს.

„ბრძოლა ჩასოვ იარისთვის – მნიშვნელოვანია და მას პრაქტიკულად შეიძლება მოჰყვეს დომინოს ეფექტი, რაც ბუნებრივია არცერთ ჩვენგანს არ სურს“ – დაამატა ხოსუმ.

რუსული ძალები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და აღწევენ ახალ ტერიტორიულ წარმატებებს, მიუხედავად რიგი ჩავარდნებისა ორწლიანი ომის განმავლობაში და 315 000 დაღუპულისა, როგორც ეს ამერიკელმა ჩინოვნიკებმა გამოთვალეს. ფიქრობენ, რომ მოსკოვი ახლა ემზადება საზაფხულო შეტევისთვის – შესაძლოა ის აპირებს მაქსიმალურად ძლიერი დარტყმის მიყენებას, რათა ჩაშალოს ახალი სამშვიდობო შეთანხმება.

რუსი სამხედრო ანალიტიკოსი, სამართლისა და დიპლომატიის  სკოლის თანამშრომელი – პაველ ლუზინი,  Newsweek-თვის მიცემულ ადრინდელ ინტერვიუში ამბობდა: „ძნელი სათქმელია მოახერხებს თუ არა რუსული არმია სამხედრო კამპანიის აქტივიზაციას და საზაფხულო შეტევის წამოწყებას. „რესურსები უფრო მასშტაბური შეტევისთვის ბევრი არ არის“ – ამბობს ლუზინი.

„ჩვენ ვხედავდით, რომ რუსეთი  აპირებდა უკრაინული დაჯგუფების ალყაში მოქცევას ავდეევკაში, ილოვაისკისა (2014 წლის აგვისტო) და დებალცევოს (2015 წლის თებერვალი)  მსგავსად, თუმცა მისი ეს მცდელობა  წარუმატებლად დასრულდა. შესაძლოა, რუსეთმა კვლავ სცადოს იერიში, რადგან მას სჭირდება ძლიერი პოზიციები ომის მსვლელობაში  გარდატეხის შესატანად“.

 

By admin