Do Rzeczy პოლონეთი
„ბევრი ექსპერტი უჭერს მხარს 70 კილომეტრიანი და კიდევ უფრო ფართო უსაფრთხოების ზოლის შექმნას დასავლეთ უკრაინის თავზე“ – ამბობს გამოცემა Do Rzeczy-სთან გენერალი – რომან პოლკო
Do Rzeczy: უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ივარაუდა, რომ პოლონურმა გამანადგურებლებმა, რომლებიც უწევენ საჰაერო მონიტორინგს რუსულ რაკეტებს დასავლეთ უკრაინაში, შესაძლოა ჩამოაგდეს კიდეც ისინი. ეს კარგი იდეაა?
რომან პოლკო: კარგია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ღიად ამბობს ამას. ბევრი ექსპერტი მხარს უჭერს უსაფრთხოების 70 კილომეტრიანი და შესაძლოა უფრო ფართო ზოლის შექმნასაც დასავლეთ უკრაინის თავზე, მაგრამ ამ კონცეფციის განხილვა შეუძლებელია უკრაინასთან შეუთანხმებლად. ახლა უკვე გასაგებია, რომ იდეის რეალიზაციისთვის არსებობს, არა მარტო თანხმობა, არამედ მოწოდებაც უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ. არ შეიძლება პოლონეთის ცაზე დაფრენდეს ფრთოსანი რაკეტები. ისინი წარმოადგენს რეალურ საფრთხეს პოლონეთისთვის და ჩვენი ტერიტორიის გავლით დაუბრკოლებლად აღწევს სამიზნეებს უკრაინაში, თანაც დარტყმები ხდება მოულოდნელი – დასავლეთ მიმართულებიდან. ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფითა და უკრაინის მხარდაჭერით, ჩვენ არ ვარღვევთ რაიმე საერთაშორისო წესს და ეს არ ნიშნავს დასავლეთის დაპირისპირებას რუსეთთან. პოლონეთმა არ უნდა დაუშვას, რომ საფრთხე ემუქრებოდეს სასაზღვრო ზოლში მცხოვრებ მის მოქალაქეებს, რომელთაც სულაც არ სცალიათ იმის სამკითხაოდ, დაეცემა რაკეტა მათ საცხოვრებელს თუ გააგრძელებს მარშრუტს და მოხვდება ვიღაცის სახლს უკრაინაში.
როგორ აფასებთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, სახელწოდებით „აღმოსავლეთ ფარი“?
ის თავდაცვის ელემენტია და უნდა იყოს სრულად ინტეგრირებული ამ სისტემაში. რაკი მუშავდება ქვეყნის თავდაცვის ახალი გეგმა, კარგი იქნება თუ ექსპერტები დააკვირდებიან, როგორ ხდება მისი რეალიზაცია. ამ ეტაპზე პრიორიტეტულია საჰაერო თავდაცვის ქოლგა. დღეს ყველაზე დიდი საფრთხეს გვიქმნის ფრთოსანი რაკეტები და ავიაცია. ჩვენ ვხედავთ, როგორ ნგრევას იწვევს ეს შეიარაღება უკრაინაში. უდავოდ პრიორიტეტულია კიბერსივრცეც, მაგალითად GPS-ის სიგნალის ჩახშობის მცდელობები, ეს სერიოზული საფრთხეა. ასევე საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული საქმიანობისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საზღვრის ჰერმეტიზაცია და ჩვენს ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების კონტროლი – არ უნდა მოხდეს ისე, რომ შემოიპარონ სპეცდანიშნულების ოფიცრები ან ვიღაც „ მწვანე ადამიანები“.
რას წარმოადგენს საზღვრის ჰერმეტიზაცია?
ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი: საზღვრის იმ მონაკვეთის გამაგრებას, სადაც არის არალეგალური მიგრაციის პრობლემა თუ სამხედრო ასპექტს. მაჟინოს ხაზი სიგრძე 450 კილომეტრს აღწევდა. ჩვენ ბელორუსთან 400 კილომეტრის სიგრძის საზღვარი გვაქვს, თუ რუსული არმია შემოვა პოლონეთის ტერიტორიაზე, ეს მოხდება უკრაინის დამარცხების შემდეგ, თუმცა ვფიქრობ, რომ უკრაინა გაუძლებს. განვიხილოთ პესიმისტური სცენარიც: ბელორუსის საზღვარს შეიძლება შემოუარო სამხრეთიდან. ეს დამატებითი 500 კილომეტრია. აქ არის საზღვარი კალინინგრადის ოლქთანაც ანუ დამატებითი 200 კილომეტრი. ეს უზარმაზარი ტერიტორიაა, რომელიც იარაღით უნდა შეივსოს და მომზადდეს. არ ვამბობ, რომ ამ დაბრკოლებების გამო, ასე არ უნდა გავაკეთოთ. არა, ახლავე უნდა მოეწყოს დრაკონის კბილები, ნაღმების საწყობები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. საერთოდ კი არ არსებობს გადაულახავი წინაღობა. ჰანიბალმა ალპები საბრძოლო სპილოებით გადალახა. არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეაფერხო მოწინააღმდეგის მოძრაობა.
უნდა შეიქმნას ხაზი, რომელსაც არმიაში თავდაცვით ზღუდეს ვეძახით. ეს არის ფორტიფიკაციების სისტემა, რაც აიძულებს მტერს თავი მოიყაროს ვიწრო გასასვლელებში. იმ შემთხვევაში, როცა მოწინააღმდეგე აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია, საქმეში ერთვება შესაბამისად ორიენტირებული ავიაცია და საბოლოო ჯამში, ამ ვიწრო გასასვლელებში მტერი ეფექტიანად ნადგურდება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პოლონეთში არ შეიქმნას იგივე სიტუაცია, რაც იყო კიევთან. იქ ტერიტორია არ იყო სათანადოდ გამაგრებული, მაგრამ ამას უზრუნველყოფდა თავად რელიეფი და ის აბრკოლებდა რუსების მოიერიშე ნაწილებს. რუსებს უხდებოდათ გზების გაკვალვა ვიწრო არტერიებით – ძირითადი მაგისტრალებით. უკრაინელებს კი არ ჰქონდათ იარაღი მათ გასანადგურებლად, რადგან გამოლეული იყო რაკეტები, არტილერია და ავიაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ეს სეგმენტი, ერთმანეთთან უნდა იყოს კოორდინირებული.