Financial Times დიდი ბრიტანეთი
ფაბრის დეპრეზი
სამხედრო ანალიტიკოსებმა, მათთვის უჩვეულო მანერით, უკრაინული არმია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მათ წინა ხაზზე მებრძოლების შეცვლის დროს, რუსებს საშუალება მისცეს 5 კილომეტრით წინ წაწეულიყვნენ. ეს მიუთითებს, თუ როგორი წნეხის ქვეშ იმყოფება უკრაინული არმია ამერიკული დახმარების ახალი პაკეტის მოლოდინში
უკრაინელმა ანალიტიკურმა ჯგუფმა Deep state-მა, თავდაცვის სამინისტროსთან არსებული კავშირების საფუძველზე, ოთხშაბათს განაცხადა, რომ სოფელ ოჩერეტინოს სამხრეთ ნაწილში, რუსების წარმატების მიზეზი გახდა გასული კვირის ბოლოს განხორციელებული ქვედანაყოფების როტაცია და ამის გამო, ფრონტის ეს მონაკვეთი დაუცველი დარჩა.
კრიტიკა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ, გაისმა სწორედ მაშინ, როცა სენატმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი 61 მილიარდის ოდენობით, რომელზე დავაც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. შეიარაღების შეფერხების გამო, უკრაინელი მებრძოლები იძულებულნი იყვნენ ეკონომიურად გამოეყენებინათ მასალები ბრძოლის ველზე. პირველ პარტიებს, უახლოესი კვირეების განმავლობაში ელოდებიან, მანამდე კი რუსეთი იმუქრება იერიშების ინტენსიფიკაციით. უკრაინის ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ მას წინ მძიმე დღეები ელოდება.
„115-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურობას, ეკისრება პასუხისმგებლობა როტაციის დროს მომხდარ ჩავარდნაზე, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი დანაკარგი“ – აღნიშნავს თავის განცხადებაში Deep state-ი. ამ ბრიგადას უნდა ჩაენაცვლებინა გაცილებით გამოცდილი 47-ე ბრიგადა, მაგრამ ის ადგილზე დროულად ვერ მივიდა, რის გამოც, ეს ზონა დაუცველი დარჩა.
გადაღლილი ნაწილების გამოცვლა ახალი შენაერთებით, ურთულესი ამოცაანაა, რადგან მათზე ნადირობს რუსული კამიკაძე-დრონები, მათ უშენენ ჭურვებს და მათ თავზე ცვივა მძლავრი კორექტირებადი ავიაბომბები. მცირე აცდენამაც დროში, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ფრონტის რომელიმე მონაკვეთი საერთოდ „გაშიშვლდეს.“
„ნაწილების როტაციამ შეიძლება შექმნას პრობლემები, ამგვარ რამეს ჩვენ უკვე შევესწარით – ამბობს ამ შეიარაღებულ კონფლიქტზე დამკვირვებელი, ანალიტიკოსი ემილ კასტეჰელმი – ფინური კომპანიიდან Black Bird Group – ჩვენ ზუსტად ვიცით, რა მოხდა ამ შემთხვევაში, რა შეცდომა იქნა დაშვებული. ფაქტია, რომ რუსებმა ეს ჩავარდნა გამოიყენეს, უკრაინამ კი პოზიციები განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე დათმო.“
მეორე სამხედრო წარმომადგენელმა – ნაზარ ვოლოშინმა განაცხადა, რომ უკრაინელი მებრძოლები კვლავ აკონტროლებენ სოფლის უმეტეს ნაწილს, თუმცა მან აღიარა, რომ ვითარება ამ მონაკვეთზე მძიმეა. ახლა რუსები ცდილობენ შექმნან პლაცდარმი ოჩერეტინოს ირგვლივ, „რათა გააგრძელონ დაწყებული ოპერაცია“, განაცხადა ოთხშაბათს ვოლოშინმა.
რუსული შეტევა საფრთხეს უქმნის თავდაცვით ზღუდეებს, რომლებიც სახელდახელოდ მოაწყვეს უკრაინელებმა თებერვალში – ავდეევკიდან გასვლის შემდეგ, იმ ქალაქის დატოვებიდან, რომელიც ოჩერეტინოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით – 15 კილომეტრზე მდებარეობს.
„რუსების მიერ დაკავებული პლაცდარმი, ჩვენს, სამხრეთ მიმართულების დანაყოფებს, მძიმე მდგომარეობაში აგდებს“, დაწერა ოთხშაბათს 47-ე ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა – ნიკოლაი მელნიკმა.
ოთხშაბათს, ჯგუფი Deep state-ი იტყობინებოდა, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა შეაჩერეს რუსების წინსვლა სოფელ პროგრესისკენ, რომელიც ოჩერეტინოს დასავლეთით, 8 კილომეტრში მდებარეობს.
„როგორც ჩანს, უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს სიტუაციის სტაბილიზაცია“ – თქვა კასტეჰელმმა.