Boulevard Voltaire საფრანგეთი
ფრედერიკ მარტენ-ლასსე
1812 წლის ზაფხულში, რუსული არმია ცდას არ აკლებდა, რათა ნაპოლეონი აღმოსავლეთით შეეტყუებინა და ფრანგებს გამუდმებით ხელიდან უსხლტებოდა. ფრანგი მხედართმთავარი ორჭოფობდა: ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა დროშის ვიტებსკზე აღმართვა და იქვე გამოზამთრება, თუ უმჯობესი იყო მისი ლაშქარი შეჭრილიყო უკიდეგანო სივრცის სიღრმეში, მხნეობას ემარჯვა სიფრთხილეზე და ყელში სწვდომოდა რუსთა მეფის გენერლებსა და მის მოუხელთებელ ჯარისკაცებს?
ყოყმანმა მცირე ხანს გასტანა. არ იყო იმპერატორის ბუნებაში ერთი ადგილის ტკეპნა. რაც შეეხება ძლევამოსილ ფრანგულ არმიას, ის არ იყო შექმნილი თავდაცვითი ბრძოლისთვის. „ფრანგების სიდიადე არ არის სტაციონარულ, ხანგრძლივ თავდაცვაში“ – ამბობდა ნაპოლეონი. ასე რომ, არჩევანი შეჩერდა დევნაზე, აზარტულ შეტევასა და ტრიუმფალურ გამარჯვებაზე.
დანარჩენი ვიცით ისტორიიდან: ზამთარმა საფრანგეთის არმიას თეთრი სუდარა გადააფარა… ნაპოლეონი პარიზში გაიქცა და უკან დარჩა აალებული მოსკოვი, ოცნება გამარჯვებაზე, საბოლოოდ კი მთელი იმპერია.
უკანდახევისა და „გადამწვარი მიწის“ სტრატეგიამ, რუსებს შეაძლებინა შეესხათ ხორცი დიდი ჩინელი სტრატეგის, სუნ ძის ანდერძისთვის – „იმარჯვებს ის ლაშქარი, რომელიც უომრად ეუფლება“.
შეიტყუეს რა ნაპოლეონი მტრული ტერიტორიის სიღრმეში, რუსებმა იცოდნენ, რომ სიცივე, სნეულებები და შიმშილობა ყოველდღიურად სულ უფრო გაუსაძლისი შეიქნებოდა ფრანგული არმიისთვის. ამდენად, როცა ფრანგებმა შეტევა დააპირეს, მათ მეომრების საჭირო რაოდენობა უკვე აღარ ჰყავდათ. ეს იყო ომის სხვაგვარად წარმოება, ზედმეტი დაფდაფებისა და გმირული თავდადების გარეშე, ომი გამოფიტვაზე, ჩუმი, ვერაგი და უკომპრომისო.
გამქრალი ოცნებები
2 ასეული წლის შემდეგ, რუსეთმა, როგორც ჩანს, მოახერხა მტრების სახტად დატოვება. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასაწყისში, მოდური იყო რუსულ არმიაზე ქილიკი, ამდენად მისი უკანდახევა – კრახად მოინათლა. 2022 წლის სექტემბერში, უკრაინულმა არმიამ მოახერხა და ბრძოლით დაიბრუნა ათასობით კვადრატული კილომეტრი. ეს იყო შემობრუნების წერტილი სამხედრო ანალიტიკოსებისთვის: ზოგიერთი უკვე წინასწარმეტყველებდა კიევის გარდაუვალ გამარჯვებას. აქ გულისხმობდნენ ისეთ შეტევას, რომელიც ორად გახლეჩდა რუსულ არმიას და მოახდენდა ყირიმის იზოლაციას.
ამ დროისთვის, დასავლეთმა შეიმუშავა შეფასების ცნებით- კატეგორიული აპარატი და ასე სცადა გადმოეცა კონფლიქტის არსი. ამგვარი ანალიზი ემყარება 3 პრინციპს. პირველი: ესაა მსჯელობა დაკარგული და დაბრუნებული ტერიტორიების პერსპექტივაზე. მეორე – ნაპოლეონისეული რწმენა იმისა, რომ გენერალურ ბრძოლაში დამარცხება, რუსებს აიძულებდა შეეწყვიტათ წინააღმდეგობა და უბიძგებდა მათ მოლაპარაკებების დაწყებისკენ. მესამე, შესაძლოა იყო – მოსკოვის სამხედრო, საწარმოო და ტექნიკური პოტენციალის არასწორი შეფასება.
მართლაც, 2023 წლის შემოდგომისთვის, კიევის მოკავშირეებისთვის ნათელი გახდა, რომ ყველაფერი მათი გეგმის საპირისპიროდ წარიმართა, რასაც მოჰყვა კონტრშეტევის ჩაფლავება.
ნოემბერში – უკრაინის არმიის მთავარსარდალმა აღიარა, რომ სიტუაცია ჩიხში მოექცა: „მნიშვნელოვანი, ღრმა გარღვევა, ალბათ აღარ იქნება“ – ამბობდა ის.
დეკემბერში, გამოცემა Washington Post-მა გამოაქვეყნა მასშტაბური გამოძიება სახელწოდებით – „ჩიხი, უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევა“. უკრაინელი, ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკების გამოკითხვით, ჟურნალისტები შეეცადნენ, დაედგინათ თუ რა არ წავიდა რიგიანად. ყველაზე თვალშისაცემი იყო უკრაინელებსა და მოკავშირეებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა.
მაღალი რანგის უკრაინელმა სამხედრო მოხელემ აგვიხსნა, რომ უკრაინელები იბრძვიან ომში, რომლის მსგავსს, ნატო არ გადაჰყრია.
2023 წლის იმიტაციურ სწავლებებზე, რომლებსაც უკრაინელები ატარებდნენ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებთან ერთად, მან სინანულით შენიშნა: „იცით, ეს მეთოდები შეგიძლიათ აიღოთ და ნაგავში მოისროლოთ“. ესე იგი, დასავლეთმა, როგორც თავის დროზე ნაპოლეონმა, თავი გაჰყო – „არა იმ ომში“.
გამოფიტვის მეთოდი სამხედრო საქმეში
ამასობაში რუსები გადავიდნენ შეტევაზე და ყოველდღიურად მიიწევენ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, იქ, სადაც ფრონტი, აქამდე გაყინულად მიიჩნეოდა. ყოფილმა ამერიკელმა სამხედრომ – ალექს ვერშინინმა, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის საკითხების კვლევითი ინსტიტუტისთვის მოამზადა შემეცნებითი ნაშრომი, რომელშიც ის შეეცადა მიმდინარე მოვლენების გააზრებას.
მისი ანალიტიკური ნაშრომი, სახელწოდებით -„გამოფიტვის მეთოდი სამხედრო საქმეში: რუსეთ-უკრაინის ომის გაკვეთილები“, გამოირჩევა იმით, რომ ის არ არის შერყვნილი პროპაგანდით. მაინც რას ამბობს გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი? ის წერს, რომ დასავლეთი და რუსეთი აწარმოებენ ომს განსხვავებული მეთოდებით. პირველი – ამჯობინებს ტაქტიკური ხასიათის შეტევით მოქმედებებს, მეორე კი, მოწინააღმდეგის გამოფიტვას ცდილობს. მკაფიოა შემდეგი ნიშნები: გადამწყვეტი ბრძოლის ნაცვლად, რა დროსაც მიმართავენ სწრაფ მანევრირებას, გამომფიტველი ომი მიზნად ისახავს მოწინააღმდეგე ძალისთვის რესურსების აღდგენის უნარის მოშლას და საკუთარი ძალების შენარჩუნებას“.
ასეთ ვითარებაში, ტერიტორიის შენარჩუნება არ არის პრიორიტეტული ამოცანა. უმჯობესია, აუცილებლობის შემთხვევაში, უკან დაიხიო და შეინარჩუნო საკუთარი ძალები. სწორედ ასე მოქმედებდნენ 2 საუკუნის წინ რუსები. მეორე ფაქტორია ის, რომ კონფლიქტის გაჭიანურება პირდაპირ პროპორციულია წარუმატებლობის, ეს ხდება მაშინ, როცა ერთი მხარე უკეთ ახერხებას დანაკარგის კომპენსირებას.
„გამოფიტვის სტრატეგია – აღნიშნავს ალექს ვერშინინი – მოიცავს 2 ფაზას. პირველი – უფრო სტატიკურია: მისი გამოყენებისას, აქცენტი კეთდება მოწინააღმდეგის დასუსტებასა და საკუთარი პოტენციალის გაზრდაზე. საბრძოლო მოქმედება მიმდინარეობისას, ცეცხლი პერიოდულად იხსნება, ეს გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე მანევრირება. ასეთი ტაქტიკის მიზანია, აიძულო მტერი დახარჯოს, რაც შეიძლება მეტი ტექნიკა და რეზერვები უმნიშვნელო ოპერაციებზე.
მას შემდეგ, რაც მტრის სტრატეგიული რეზერვები ამოიწურება და მიიღწევა საცეცხლე უპირატესობა მოწინააღმდეგეზე, ხოლო მისი საწარმოო სექტორი იწყებს დაკნინებას, საკუთარი მობილიზებულები კი ასრულებენ წვრთნას, ხდება მეორე ფაზაზე გადასვლა. იწყება შეტევითი ოპერაციები ფართო ფრონტზე. მისი მიზანია – მოწინააღმდეგის რეზერვების დაქსაქსვა, რაც იწვევს კოლაფსს და მას მოსდევს სიღრმისეული გარღვევა.
ალექს ვერშინინის აზრით, დასავლეთის რუსეთთან სერიოზული დაპირისპირების შემთხვევაში, გაიმარჯვებს ის, ვისი სამრეწველო პოტენციალი, დოქტრინა და სამხედრო სტრუქტურა უფრო მოერგება ომის ასეთი ფორმით წარმოებას. სხვაგვარად, საფრანგეთის პრეზიდენტს და მოკავშირეებს ელოდებათ მორიგი მარცხი, მსგავსი იმისა, რაც ფრანგებმა იწვნიეს მდინარე ბერეზინასთან რუსებთან შეტაკებისას.