The Standard დიდი ბრიტანეთი
რობერტ ფოქსი
დასავლელი მოკავშირეები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ უკრაინა მარცხდება რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში. ზაფხულისთვის, მან შეიძლება სრული კრახი იწვნიოს
რუსეთი ახორციელებს მძლავრ დარტყმებს წინა ხაზზე და საამისოდ იყენებს არტილერიას. ის ხარჯავს 5-ჯერ მეტ ჭურვს, ვიდრე უკრაინის შეიარაღებული ძალები და ეს უკანასკნელი მტრის იერიშებს ძლივს უმკლავდება. ვლადიმირ ზელენსკის არმია გამოიფიტა. თავდაცვის ხაზის ზოგიერთ მონაკვეთზე, მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის სიმჭიდროვე გაცილებით მაღალია, ვიდრე 1916 წლის სომის ბრძოლის, ან მოკავშირეთა არმიის ნორმანდიის სანაპიროზე გადასხმის დროს – 1944 წელს იყო.
დასავლეთი არაერთგვაროვნად რეაგირებს უახლოეს კვირეებში რუსული არმიის მოსალოდნელ გარღვევაზე. საარტილერიო მარაგის შესავსებად, საჭიროა კიდევ 2 წელი, თანაც ლაპარაკია ბრიტანეთის, გერმანიისა და აშშ-ს კუთვნილ არსენალზე. გერმანიამ გაზარდა თავდაცვის ხარჯები, მაგრამ უარს ამბობს, მიაწოდოს უკრაინას ისეთი იარაღი, რომელსაც შეეძლება ბრძოლაში გარდატეხის შეტანა, მაგალითად რაკეტა – „ტაურუსი“.
ნატოს წევრებსა და ევროკავშირის ქვეყნებს, სწორედ ახლა სჭირდებათ შეთანხმებული სტრატეგია, რათა არ დაუშვან კატასტროფა უკრაინაში. თუ ზელენსკი დამარცხდა, დასავლელ მოკავშირეებს მოუწევთ გაცილებით მეტის გაკეთება, რათა პუტინს საკადრისი პასუხი გასცენ. „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ გვითხრა, რომ ახლა ის ბრძოლას უცხადებს „ნეონაცისტებს“ არა მარტო უკრაინაში, არამედ დასავლეთშიც და ამ შემთხვევაში, კიევი მხოლოდ ბრენდის ლიდერად განიხილება.
რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, დასავლური ალიანსი დაბნეულია. ამერიკის უკრაინული პოლიტიკა ურთიერთდაპირისპირების საგნად იქცა თავად კონგრესში. გერმანია „გაზის“ დეფიციტს განიცდის, იტალია და ესპანეთი კი საიდუმლოდ ცდილობენ რუსეთთან გარიგებას.
ბალტიისპირეთმა და სკანდინავიამ კასანდრას როლი მოირგეს, გვიყვებიან რა ცუდ წინათგრძნობაზე და რეალისტურ მიდგომას ავლენენ. ისინი საკმარისად არგუმენტირებულად და დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ პუტინის სამხედრო რეჟიმი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება. მაკბეტის მსგავსად, რუსეთმა უკვე იმდენი სისხლი დაღვარა, რომ მისთვის გაჩერება უფრო რთულია, ვიდრე დაწყებულის გაგრძელება.
2 წლის განმავლობაში, მან უკვე დაკარგა 405 000 მებრძოლი. 1.3 მილიონი კაცი, ამა თუ იმ სახით, უკვე მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში, 2027 წლისთვის კი რუსეთს შეეძლება გაიწვიოს კიდევ მილიონნახევარი თავისი მოქალაქე. თავის მხრივ, უკრაინამ დაკარგა დაახლოებით 385 000 მებრძოლი.
ბრიტანეთმა ჯობს გაუსწოროს თვალი სიმართლეს. ჩვენი ხელისუფლება ტრაბახობს, რომ ვხარჯავთ მშპ-ს – 2.2%-ს. მაგრამ ეს თანხა მოიცავს სამხედრო პენსიებსა და სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებებს. მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა მოვა, მას აუცილებლად მოუწევს ჩაატაროს მარტივი და პრაქტიკული აუდიტი.
სამწუხარო პერსპექტივა, რომელიც უკრაინაში იკვეთება, მიუთითებს იმაზე, რომ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია. დროა გავიგოთ, რომ უკრაინის ბედი დიდწილად განსაზღვრავს დასავლური სამყაროს უსაფრთხოების მომავალს.