Newsweek აშშ
ბრენდონ კოული
უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოება, რათა დახმარებოდა თავის სამხედროებს რუსეთთან ბრძოლაში, მაგრამ კომპანიებს პრობლემები აქვთ კიევთან ურთიერთობაში, რომელიც შეიარაღების შესყიდვას არ ჩქარობს
გასულ წელს, უკრაინის სამხედრო ქარხნებმა 3 მილიარდი დოლარის პროდუქცია აწარმოეს, წელს კი, ამ დარგის სიმძლავრე – 6-ჯერ გაიზარდა და მან 18 მილიარდი დოლარის შეიარაღება გამოუშვა. თუმცა სახელმწიფო, სამხედრო ბიუჯეტის მხოლოდ 50%-ს ხარჯავს ადგილობრივ პროდუქციაზე. ამდენად, მილიარდობით დოლარის ტექნიკა „თაროებზე იმტვერება“, იტყობინება უკრაინული გამოცემა „ეკონომიჩესკაია პრავდა“.
გარანტირებული სახელმწიფო შეკვეთების გარეშე, არსებული ბზარი კიდევ უფრო გაღრმავდება და იარაღის მწარმოებლები იძულებულნი იქნებიან, შეამცირონ შტატები და შეაჩერონ ახალ პროდუქციის შექმნაზე მუშაობა, რაც თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
„არასაკმარისი დაფინანსების გამო, კონტრაქტები იდება უსისტემოდ – ამბობს საწარმოო გაერთიანება „პრაქტიკას“ დირექტორი – იულია ვისოცკაია – ბედნიერი ვიქნებოდი ჩვენი სიმძლავრეების თუნდაც მესამედი, მუდმივად რომ ყოფილიყო დატვირთული. ასეთ ვითარებაში, საწარმოო გეგმა რამდენიმე წლით განისაზღვრებოდა“.
ამ კვირაში გამოქვეყნებულმა – მსოფლიო პრობლემატიკის შემსწავლელმა სტოკჰოლმის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებმა, დაგვანახა, რომ ბოლო პერიოდში, უკრაინა იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა, ადრე კი მას მეორე ადგილი ეკავა.
რუსეთის – მეზობელ ქვეყანაში შეჭრიდან მოყოლებული (2022 წლის თებერვალი), უკრაინის არსენალი შეავსო 30-მა ქვეყანამ – ლიდერია აშშ – 39%-ით, მას მოსდევს გერმანია 14%-ით და პოლონეთი 13%-ით.
ამასთან, როგორც უკრაინული გამოცემა აღნიშნავს, კიევისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებაზე საუბრისას, უკრაინის მოკავშირეებს ავიწყდებათ იმის თქმა, რომ ამით ისინი ეწევიან საკუთარი მრეწველობის სტიმულირებას.
მაგალითად, The Washington Post-ის ცნობით, სამხედრო და სხვა სახის დახმარების 68 მილიარდიანი პაკეტიდან, რომელზეც დასტური კონგრესმა გასცა, 90% იხარჯება უშუალოდ აშშ-ს ტერიტორიაზე. 2022 წლიდან მოყოლებული, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 350 000 ერთეული საბრძოლო მასალა შეიძინა ევროკავშირში.
„ეკონომიჩესკაია პრავდამ“, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ კიევმა ვერ დაარწმუნა მოკავშირეები შეეძინათ უკრაინული პროდუქცია. ამის ნაცვლად, ის თავად ყიდულობს უცხოურ იარაღს, ხშირად გაცილებით ძვირ ფასად.
გარდა ამისა, უკრაინელი მეიარაღეები ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას, რადგან საექსპორტო ლიცენზიები, ომის დაწყებიდან აღარ გაიცემა.
გამოცემის ცნობით, უკრაინის გენერალური შტაბი თავდაცვის სამინისტროს აწვდის საჭირო შეიარაღების ჩამონათვალს, თუმცა მოთხოვნილი საშუალებების სია, გაცილებით ფართოა, ვიდრე სამთავრობო და სამხედრო ჩინოვნიკების ხელში არსებული სახსრები და მათ უწევთ პრიორიტეტების გამოყოფა.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა ესა თუ ის შეიარაღება სასიცოცხლოდ აუცილებელია, სამამულო მწარმოებელი ვერ ხვდება პრიორიტეტულ სიაში იმის გამო, რომ მისი პროდუქცია ან ძვირია ან ის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ვთქვათ, საარტილერიო ჭურვი ან უპილოტო საფრენი აპარატი.
უცხოურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა – ნამდვილად გადაწყვეტდა ადგილობრივი მეიარაღეების წინაშე არსებული პრობლემების ნაწილს, ამბობს სამხედრო საწარმოთა ეროვნული ასოციაციის თავჯდომარე – სერგეი ვისოცკი.
„ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს, რომ უკრაინელ მეწარმეებს არ ჰყოფნით სახსრები, რათა რუსეთი გარიყონ შეიარაღების საერთაშორისო ბაზრიდან. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, მივაწოდოთ მათ, ბრძოლებში გამოცდილი უკრაინული ტექნიკა“ – დაასკვნის ვისოცკი.
ჟურნალმა „Newsweek“-მა, ამ საკითხებზე კომენტარისთვის, მიმართა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.