The New York Times აშშ
რუსები უზღვავი რაოდენობით მიაწყდნენ საარჩევნო უბნებს, რათა გამოეხატათ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა
ზოგიერთმა ამომრჩეველმა მადლიერება გამოთქვა პუტინის მიმართ, ვინაიდან მან უზრუნველყო ეკონომიკური კეთილდღეობა ქვეყანაში, რომელიც საბჭოეთის დაშლის შემდგომ, 90-იანი წლების ყოვლისმომცველ კრიზისში იყო ჩაძირული.
„მე ვამაყობ ჩემი ქვეყნითა და პრეზიდენტით“- გვიხსნის 59 წლის ირინა, ქალაქის ცენტრში, კუტუზოვის პროსპექტზე განლაგებულ საარჩევნო უბანზე. „მან ჩვენი ქვეყანა ისეთ სიმაღლეზე აიყვანა, რომ ახლა უკვე ვერავინ გაბედავს ჩვენს აბუჩად აგდებას“. ისე, როგორც ბევრმა სხვა რუსეთის მოქალაქემ, რომელიც გამოვკითხეთ კვირას საარჩევნო უბანზე, მანაც არ ისურვა დასავლური საინფორმაციო სააგენტოსთვის საკუთარი ვინაობის გამხელა.
ქალბატონმა გვითხრა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ცდილობდა რუსეთის იზოლირებას სანქციებითა და საზღვრების ჩაკეტვით, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია ირინასა და მისი ქალიშვილის – ევას გადაწყვეტილებაზე, რომელიც МГИМО-ში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რუსულ უნივერსიტეტში სწავლობს.
„ჩვენთვის სულ ერთია, ვამაყობთ იმით, რომ ვითარდება სამამულო წარმოება“- თქვა მან.
„ვერ მივდივართ რიგ ქვეყნებში, სამაგიეროდ დავფრინავთ დუბაიში, მალდივებზე, თურქეთში და ეს საკმარისზე მეტია“- აგრძელებს ის და გვაცნობს იმ უცხოურ მიმართულებებს, რომლებიც ღია რჩება რუსი ტურისტებისთვის.
27 წლის ვიაჩესლავ ჩერნოლობოვი, ასპირანტი, ამბობს, რომ ხმა მისცა პუტინს, რადგან არ სურს აშშ-ს ამხელა პოლიტიკური გავლენა მთელს მსოფლიოზე. ის თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად და აკრიტიკებს არსებულ მსოფლიო წესრიგს. მან თქვა, რომ პუტინი განასახიერებს კაცს, „რომელიც ცდილობს ჩამოაგდოს ჰეგემონი“.
ვიაჩესლავმა დასძინა: „ეს არის ის, რისთვისაც მე მას ხმა მივეცი. ჩვენი გულები ერთიანია ნატოს მხეცობებთან ბრძოლაში, „აშშ კი არსებული მსოფლიო წესრიგის დასაყრდენია“.
პიოტრი, 41 წლის მარკეტოლოგი მოსკოვიდან, ამბობს, რომ ეამაყება ის, თუ როგორ გააცურა და დაჩაგრა პუტინმა მისი დასავლელი ოპონენტები.
„მაქვს ბინა, კვების ნაკლებობას არ ვუჩივი – ამბობს ის – მშვენივრად მაცვია მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხელფასი მოკრძალებულია. ყოველივე ეს კი იმიტომ, რომ ჩემი პრეზიდენტი ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინია“.