Newsweek აშშ
აადილ ბრარი
ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში – ჩჟან ციუნმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის ეფექტიანობისთვის საჭიროა, შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. „ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს ცეცხლზე ნავთს დასხმა და დიპლომატიური მცდელობისთვის ძირის გამოთხრა“ – მიანიშნა მან აშშ-ს მისამართით, გაეროს უშიშროების საბჭოზე უკრაინის საკითხის განხილვისას
ჩჟანის კომენტარი გაისმა კრემლის გახშირებული სიგნალების ფონზე – კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შესახებ. თავის მხრივ, უკრაინა ცდილობს აშშ-სგან მიიღოს დამატებითი დაფინანსება, რათა ხელახლა წამოიწყოს კონტრშეტევა რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ოფიციალურად, ჩინეთი არ უწევს სამხედრო დახმარებას რუსეთს, მაგრამ მისი ფინანსური მხარდაჭერა, საშუალებას აძლევს კრემლს, აწარმოოს იარაღი და დაფაროს საარმიო ხარჯები.
ჩინეთი გამოდის მოწოდებით, შესრულდეს მინსკის ხელშეკრულებები, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას შორის 2014 წელს დაიდო: „ერთი ქვეყნის უსაფრთხოება, არ შეიძლება არსებობდეს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე, ხოლო რეგიონული უსაფრთხოების გარანტია, ვერ იქნება სამხედრო დაჯგუფებების გაძლიერება ან მათი გაფართოება. ყველა ქვეყანას აქვს უსაფრთხოების თანაბარი ინტერესი“ – აცხადებს ჩინეთის მუდმივი წარმომადგენელი.
ჩჟანმა ასევე მოუწოდა ნატოს, „შეწყვიტოს მუქარა“. „ნატომ უნდა მისდიოს დიალოგსა და კონსულტაციებს პოლიტიკური მოწესრიგების ძირითადი მიმართულების ფარგლებში, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წნეხით, ბრალდებებითა და ცალმხრივი სანქციებით, მით უფრო, ძალის გამოყენებით. კერძოდ, მან თავი უნდა დააღწიოს ძალის ყოვლისშემძლეობის ილუზიას და შეწყვიტოს მუქარა და ომისკენ მოწოდებები“ – განაცხადა დიპლომატმა.
სამშაბათს სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი უცხო ქვეყნებისთვის 95,3 მილიარდის გამოყოფის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებას. 70 სენატორმა 29-ის წინააღმდეგ, დოკუმენტს „კარი გაუხსნა“ წარმომადგენელთა პალატისკენ, რომელმაც უკრაინას უნდა გამოუყოს 60,06 მილიარდი დოლარი, იტყობინება CNN-ი. დემოკრატებისა და სენატის უმცირესობის ლიდერის – მითჩ მაკონელის გარდა, მას ხმა მისცა 22 რესპუბლიკელმა.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უკრაინის დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა მოხერხდეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.
„დასავლური სამხედრო დახმარების გარეშე, უკრაინის შანსები, წარმატებით განაახლოს მსხვილმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები 2025 წელს, სცდება ოპტიმიზმის დიაპაზონს. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს სხვა გძელვადიან სტრატეგიას უკრაინის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის“ – განაცხადა 7 თებერვალს იუჯინ რუმერმა – კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული პროგრამის დირექტორმა და უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა.