Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Washington Post  აშშ

საიობან ო გრეიდი, ანასტასია გალუშკა, დენ ლამიტი

 

მიუხედავად უკრაინული არმიის მთავარსარდლის განცხადებისა, რომ ავდეევკიდან გავიდნენ, რათა შეენარჩუნებინათ ჯარისკაცების სიცოცხლე და თავიდან აეცილებინათ რუსულ ალყაში მოქცევა, უკრაინამ ვერ შეძლო საკუთარი შენაერთების მწყობრი და უსაფრთხო ევაკუაციის ორგანიზება და გასულ უქმეებზე, მას მოუწია უწესრიგოდ უკან დახევა

110-ე მოიერიშე ბრიგადის სულ ცოტა 6 მებრძოლი, მოექცა რუსების დაგებულ მახეში ანუ ჩარჩა ფრონტის ხაზის მიღმა და ისინი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ, დაიწერა აღნიშნული ბრიგადის Facebook-გვერდზე.

ამ ოპერაციების მონაწილე მებრძოლები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, რამდენი ჯარისკაცი ვერ გამოვიდა დაკარგული პოზიციებიდან – თუმცა ცხადია, რომ ყოველი ახალი ცნობა მსხვერპლის შესახებ, ნეგატიურად აისახება სამხედროების საბრძოლო სულისკვეთებაზე. უკრაინული არმია, რომელიც რუსულს ჩამორჩება რაოდენობრივად, დასავლური დახმარების მოსვლამდე, ცდილობს შეავსოს საკუთარი რიგები.

რუსების მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და აწ უკვე თითქმის ბოლომდე დანგრეული, ავდეევკის აღება, რომელსაც დაახლოებით 15 კილომეტრი აშორებს დონეცკს, იქცა ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიულ მონაპოვრად მოსკოვისთვის, ბახმუტის შემდეგ, რომელიც რუსებმა გასული წლის მაისში დაიკავეს.

უკრაინელების ავდეევკიდან გასვლიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა შეფასებები გაკეთდა – მათ შორის ისეთიც, რომელიც ადასტურებს ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სიტყვებს იმის შესახებ, რომ ქალაქისათვის ბრძოლაში, გაცილებით მეტი რუსი მებრძოლი დაიღუპა, ვიდრე უკრაინელი.

სამშაბათს, ერთბაშად სამმა ამერიკულმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შეატყობინეს: „ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი დარჩა ფრონტის ხაზის მიღმა, როცა მათი შენაერთები უკან იხევდნენ“. ჩინოვნიკებმა, საკითხის სირთულიდან და დელიკატურობიდან გამომდინარე, ანონიმურობის პირობით, განგვიმარტეს: ცნობები ათასამდე უკრაინელი უგზო-უკვლოდ დაკარგვისა და ტყვედ ჩავარდნის შესახებ, მათ გაზვიადებულად ეჩვენებათ.

სხვა უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც კარგად იცნობენ ვითარებას, რომელიც ავდეევკის დაცვის ბოლო დღეებში შეიქმნა, ამბობენ, რომ სიტუაცია იყო ქაოსური და უხეიროდ მომზადებული. უკანდახევა, რომელიც გენერალ-მაიორ ალეკსანდრ სირსკის ბრძანებით დაიწყო (ის ახლახან დანიშნა ზელენსკიმ უკრაინის ჯარების მთავარსარდლად), იყო გაურკვეველი, სახიფათო და რომ მას ვერ უწოდებ მომზადებულ გადაადგილებას – „უფრო მომგებიან პოზიციებზე“, რის შესახებაც, ამდენს საუბრობდა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

ერთ-ერთმა უკრაინელმა მებრძოლმა, რომელმაც ჩვენგან ანონიმურობის დაცვა მოითხოვა,  გვითხრა, რომ ზოგიერთმა შენაერთმა „მიიღო ბრძანება“ – დაეკავებინათ უკვე დაკარგული ან დანგრეული პოზიციები.

რუსების გამუდმებულმა იერიშებმა ავდეევკის შენარჩუნება შეუძლებლად აქცია, რადგან რუსების რაოდენობა 7-ჯერ აღემატებოდა უკრაინელებისას. რუსეთმა, ეს რაიონი უმოწყალოდ დაბომბა – ყოველდღიურად მას 60 მართვად რაკეტას ესროდა. უკრაინული არმია კი ამ დარტყმებს ვერ გაუმკლავდა, რადგან საზენიტო საშუალებები არ გააჩნდა.

ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, 110-ე ბრიგადა იყო გამოფიტული – უროტაციო 2 წლიანი ბრძოლით და სწორედ გადაღლილობამ აიძულა მისი წევრები, მიეტოვებინათ – „პოზიციები ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე“.

„სიტუაციიდან თავის დაღწევას, უკრაინელები, არა გეგმაზომიერად, არამედ უწესრიგო მოკლე გადარბენებით ცდილობდნენ – ამბობს ჯარისკაცი – მათ ვერ გახსნეს მარწუხები, რომლებიც რუსებმა ავდეევკას შემოარტყეს… ამით, მოწინააღმდეგემ ისარგებლა და შექმნა პლაცდარმი“.

41 წლის სერგეიმ, რომელიც 53-ე ბრიგადის  ოცმეთაურია, გვითხრა, რომ ის ავდეევკიდან 4 დღის წინ გამოვიდა. მებრძოლის თქმით,  მისი ბატალიონის ყველა მონაწილემ, მოახერხა ქალაქიდან გასვლა, მაგრამ სმენია, რომ სხვა შენაერთების ზოგიერთი ჯარისკაცი -„მაინც იქ ჩარჩა“.

სერგეის თქმით, „უკანდახევა დაიგეგმა მეტად ცუდად, თუკი ამგვარი მონახაზი საერთოდ არსებობდა“.

სერგეი ირწმუნება რომ იმ დროისთვის, როცა სარეზერვო ნაწილები შეიყვანეს, მთავარი  საევაკუაციო გზა უკვე მოჭრილი იყო. უქმეებზე,   ის მფრინავებს ევაკუციაში ეხმარებოდა. ეს ხდებოდა, სადღაც დილის 5-6 საათზე, 8 საათისთვის კი, ის გზა,  რომელიც მათ გაიარეს, უკვე რუსული არმიის ხელში იყო. მისი ხელქვეითები უკან მიბრუნებას აპირებდნენ, მაგრამ რუსები ძალზე სწრაფად მოიწევდნენე წინ და მათ მიიღეს ბრძანება ქალაქში აღარ შესულიყვნენ.

სერგეის არ ახსოვს, როდის დატოვეს ქალაქი, შაბათს  თუ კვირას. თავად ამას გადაღლით ხსნის. მისი ოცეული, ახლა ქალაქის მიმდებარე რაიონშია განლაგებული და იბრძვის „ურთულეს პირობებში“. მოულოდნელმა  უკანდახევამ და ავდეევკის დაკარგვამ „ცოტა არ იყოს, გატეხა ადამიანები ფსიქოლოგიურად – ამბობს სერგეი – უამრავი მართვადი ბომბი და ამდენი თვითმფრინავი… მართალი გითხრათ, ჯარისკაცების უმეტესობა შოკში იმყოფება ყოველივე ამისგან“.

დმიტრი კუხარჩუკი, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის, მე-2  ბატალიონის მეთაური, ამბობს, რომ ბრძოლები ავდეევკაში „შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე იყო“.

ვიდრე რუსული არმია ქალაქს დაიკავებდა, მისი ქვედანაყოფი დაცვის მარცხენა ფლანგზე იყო პასუხისმგებელი. „ჩემს ხალხს პოზიციებზე 9 დღე არ ეძინა“  – ამბობს ის. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მიიღეს უკანდახევის ბრძანება, მათ მოახერხეს, როგორც თავისი, ისე სხვა ქვედანაყოფების დაჭრილთა ევაკუაცია.

„ჩვენი ქვედანაყოფი ბოლოს გამოვიდა“ – ამბობს ის და როგორც იცის, „სხვა შენაერთების უმეტესობამაც მოახერხა ალყიდან თავის დაღწევა“.

 

 

 

 

 

By admin