Onet.pl პოლონეთი
უკრაინის პრეზიდენტი – ვლადიმირ ზელენსკი, ორშაბათს მონაწილეობას მიიღებს 54-ე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში – შვეიცარიულ დავოსში, იტყობინება მისი კანცელარია. ამასობაში კი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ „მშვიდობა ვერ დამყარდება თუ რუსეთმაც არ თქვა თავისი სიტყვა“
„ჩვენ უნდა გამოვძებნოთ საშუალება, თუ როგორ ჩავრთოთ რუსეთი ამ პროცესში. მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული თუ რუსეთმა არ თქვა თავისი სიტყვა“ – განაცხადა დავოსში იგნასიო კასისმა. შვეიცარიის საგარეო უწყების მეთაურის ეს სიტყვები, გაისმა უკრაინის კონფლიქტის განვითარების სხვადასხვა სცენარების განხილვისას.
80-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა ასევე იმსჯელა „მშვიდობის ფორმულაზე“, რომელიც ვლადიმირ ზელენსკიმ წამოაყენა. 81 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის, კვირის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა ჩინური მხარე, პოლონეთს კი წარმოადგენდა პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი – მეშკო პავლიაკი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა – ანდრეი ერმაკმა, რომელიც კვირას მონაწილეობდა უკრაინული სამშვიდობო გეგმის განხილვაში, სააგენტო Reuters-სთან განაცხადა, რომ მეტად მნიშვნელოვანია ჩინეთის დასწრება ფორუმზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთთან კონფლიქტის დასრულებას.
კითხვაზე, შეხვდება თუ არა ზელენსკი დავოსში ჩინეთის პრემიერ-მინისტრ – ლი ციანს, ერმაკმა უპასუხა, რომ მან ბოლომდე არ იცის უკრაინის პრეზიდენტის დღის წესრიგი.