Al Jazeera ყატარი
ორივე მხრიდან, მთლიანობაში – 470-ზე მეტი ტყვე დაუბრუნდა საკუთარ სახლს. 2013 წლის მეორე ნახევრიდან, ტყვეთა გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებები – უშედეგოდ მთავრდებოდა
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ 230 პატიმარი გათავისუფლებულია. მაშინ, როცა რუსეთი ამბობს, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების შუამავლობით, დაიბრუნა 248 ჯარისკაცი…
ეს გაცვლა მოხდა პირველად, ბოლო 5 თვის განმავლობაში.
„200-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ…
უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ 230 უკრაინელი სამხედრო და 6 სამოქალაქო პირი გათავისუფლებულია, რაც მისი თქმით, რიგით 49-ე მსგავსი შეთანხმებაა მხარეებს შორის.
კიევმა გვამცნო, რომ ეს არის ტყვეთა გაცვლის ყველაზე მასშტაბური – დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი
ზოგიერთი უკრაინელი, პატიმრობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. მათ შორის არიან ისინიც, ვინც საეტაპო ბრძოლებში მონაწილეობდა, იგულისხმება, კუნძული ზმეინნი და მარიუპოლი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გვაუწყა, რომ 248 მისი ჯარისკაცი, დაიბრუნეს არაბეთის საემიროების თაოსნობით მიმდინარე – „მძიმე მოლაპარაკებების“ შედეგად. რუსეთის ოფიციალურ პირებს, ამ ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია – არ წარმოუდგენიათ.
თავდასხმა ბელგოროდზე
ოთხშაბათსვე რუსეთმა განაცხადა, რომ ჩამოაგდო 12 რაკეტა, რომლებიც უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამხრეთ რეგიონების მიმართულებით იქნა გაშვებული.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა – ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხდა, რომ სიტუაცია „ისევ რჩება დაძაბული“ – უკრაინული რაკეტებითა და უპილოტოებით თავდასხმის გამო.
მართალია ბოლო შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ, არაფერი თქმულა, მაგრამ გლადკოვის თქმით, ხელისუფლება ახდენს მაცხოვრებლების ევაკუაციას აუფეთქებელი ჭურვების სიახლოვეს. გამოძახებულია სპეციალური ქვედანაყოფი, რომელმაც უნდა შეაფასოს არსებული საფრთხეები. თავდაცვის უწყების ტექნიკა მუშაობს აუფეთქებელი ჭურვების უტილიზაციაზე – 328 სახლის 600-მდე მაცხოვრებელი, საბრძოლო მასალებიდან 500 მეტრის რადიუსში, გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
გლადკოვმა დასძინა, რომ ოთხშაბათის შეტევის დროს, დაზიანდა რამდენიმე სოფელი და ელექტროგადამცემი ხაზი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ მათი მიმართულებით გაუშვა 6 ბალისტიკური რაკეტა „ტოჩკა-უ“ და 6 მართვადი რაკეტა ზალპური ცეცხლის მძიმე სისტემიდან „ვილხა“.
უკრაინამ გააძლიერა ბელგოროდზე თავდასხმები საახალწლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ომის დაწყების დღიდან, ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინაზე.
ოთხშაბათს კიევმა განაცხადა, რომ პარასკევიდან მოყოლებული, მოსკოვმა მიმართა 300 დამრტყმელი უპილოტო აპარატი და სხვადასხვა ტიპის რაკეტა მთელი უკრაინისკენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ კიევის თავდასხმა ბელგოროდზე – „დაუსჯელი არ დარჩება“.