Institute for the study of war (ISW) აშშ
უკრაინის დაზვერვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ საკმარისი ოპერატიული რეზერვი, რათა ერთზე მეტი მიმართულებით შეუტიონ
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ხელმძღვანელის თანაშემწემ – გენერალმა ვადიმ სკიბიცკიმ, 17 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთს არ ჰყავს იმხელა რეზერვი, რომ შეტევითი ოპერაციები – ერთდროულად წარმართოს რამდენიმე მიმართულებით. სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ რუსულ არმიას არ ძალუძს სტრატეგიული ან ოპერატიულად მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა „მძლავრი“ რეზერვის გარეშე, ამგვარი რამ კი მას არ მოეპოვება. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთში გრძელდება სამობილიზაციო ღონისძიებები. როგორც ჩანს, ის გულისხმობდა ე.წ. კრიპტომობილიზაციას, რაც მოიცავს მოხალისეების, იძულებით მობილიზებულების, ასევე მსჯავრდებულებისა და მიგრანტების ძალდატანებით გაწვევას. გაურკვეველია უზრუნველყო თუ არა მოსკოვმა ამ კრიპტომობილიზაციით იმ რაოდენობის ცოცხალი ძალის შეგროვება, რაც დააკმაყოფილებდა ინტენსიური შეტევების მოთხოვნილებას. 15 იანვარს, სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვიურად ახდენს 30 ათასი კაცის მობილიზაციას და ამ კონტიგენტს რუსების მეთაურობა იყენებს დანაკარგის შესავსებად და სარეზერვო პოლკების ფორმირებისთვის, მაგრამ მას მაინც მოუწევს „მობილიზაციის გამოცხადება“. (ალბათ იგულისხმება „ნაწილობრივი მობილიზაცია“, მსგავსი იმისა, როგორიც ჩატარდა 2022 წლის სექტემბერში, ან საყოველთაო მობილიზაცია). „მძლავრი სტრატეგიული რეზერვის“ ჩამოყალიბებისთვის, აუცილებელია არმიაში ცოცხალი ძალის იმ მოცულობით გენერირება, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლონ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეტევა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ – დმიტრი მედვედევმა დაადასტურა, რომ უკრაინული სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია, რჩება მოსკოვის უმთავრეს სამხედრო მიზნად. მედვედევმა აღნიშნა, რომ „დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა – რუსეთის ისტორიულ მიწებზე“, წარმოადგენს „მუდმივ წყაროს საომარი მოქმედების განახლებისა“ და რომ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო – „სასიცოცხლო საფრთხეს“ უქმნის თავად უკრაინელებს. მედვედევმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი უკრაინა არასდროს იქნება ლეგიტიმური სახელმწიფო, განურჩევლად იმისა, თუ ვინ მართავს მას და რომ უკრაინასთან კონფლიქტი სამომავლოდაც გარდაუვალია – ეს იქნება ან ახალი დაპირისპირება, ან მიმდინარე კონფლიქტის გაგრძელება. მედვედევის 17 იანვრის გამოსვლა, სრულად შეესატყვისება რუსეთის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკების, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებს და მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი არ არის დაინტერესებული კეთილსინდისიერი შეთანხმებით უკრაინასთან და რომ პუტინის მაქსიმალისტური სამხედრო მიზნები – უცვლელი რჩება. მედვედევი უბრალოდ ეცადა რუსეთის ამ პოზიციისთვის მეტი სიმტკიცე შეეძინა და ხაზი გაესვა იმისთვის, რომ უკრაინის ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება, ვერ უზრუნველყოფს მომავალი კონფლიქტის თავიდან აცილებას. მედვედევს არ დაუკონკრეტებია, რას თვლის ის „რუსეთის ისტორიულ მიწებად“, მაგრამ თავად პუტინმა ამ ტერიტორიებად განსაზღვრა ყოფილი რუსული იმპერიისა და ყოფილი სსრკ-ს სივრცე… მედვედევის პოზიციის ბუნდოვანება შესაძლოა იყოს კარგად გათვლილი ნაბიჯი, რადგან კრემლის ყოვლისმომცველი კონცეფცია „რუსეთის ისტორიული მიწების“ შესახებ, ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან ექსპანსიონისტური მიზნების რეალიზაციას, სადაც და როდესაც მას მოეპრიანება – სივრცეზე, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აზიასაც, კავკასიასაც და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილსაც.