Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Telegraph დიდი ბრიტანეთი

რიცარდ კემპი

 

 დღეს ვლადიმირ ზელენსკი აწყდება უდიდეს გამოწვევას როგორც ლიდერი  და ეს გამოწვევა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ორი წლისწინანდელი, როცა რუსულმა ძალებმა გადმოლახეს უკრაინის საზღვრები. იმხანად დასავლეთმა მას შესთავაზა უსაფრთხო თავშესაფარი, მაგრამ ზელენსკიმ მოითხოვა საბრძოლო აღჭურვილობა და წინ გაუძღვა  ქვეყანას თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში

დღეს ვითარება შეცვლილია. ღრმავდება ზელენსკის უთანხმოება სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან (მაგალითად მის წინამორბედთან – პეტრო პოროშენკოსთან და კიევის მერთან – ვიტალი კლიჩკოსთან). დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ ომში წარუმატებლობა.  ყველაზე უარესია კი არის ის, რომ ზელენსკი ექიშპება მისივე მთავარსარდალს – ვალერი ზალუჟნის. როგორც კი ზალუჟნიმ აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კამპანია ჩიხში მოექცა, ზელენსკიმ ის  საჯაროდ დატუქსა.

გარდა იმისა, რომ ბრძოლაში ჩაბმულ ქვეყანას სჭირდება ეროვნული ერთობა, უკრაინისთვის აუცილებელია ერთიანი სამხედრო სტრატეგია. ზელენსკის დაუჩემებია, რომ უკრაინა რუსეთს მთელი წართმეული ტერიტორიიდან გააძევებს, თუმცა ზაფხულის კონტრშეტევის წინ არსებული გადაჭარბებული მოლოდინის გაქარწყლების შემდეგ, მან შეწყვიტა კონკრეტულ ვადებზე  საუბარი. ხსენებული ოპერაციის ჩაფლავებით დემორალიზებულებმა, უკვე დაიწყეს სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი. მეტიც, წამოიჭრა  რეფერენდუმის გამართვის საკითხიც.

როცა კიევს უკანასკნელად ვსტუმრობდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი განიხილავდა იმ  ვარიანტს, რომ რუსეთის შეეგუებოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას თუ უკრაინა უარს იტყოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამგვარი საუბრები თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ საზოგადოებაში დაგროვილი გაღიზიანების ნიშნად, მაგრამ ბაიდენისა და რიგი ევროპელი ლიდერებისთვის, რომლებიც ასეთ ხელშეკრულებაზე ოცნებობენ – ეს  ნამდვილი ღვთიური მანანაა. ნებისმიერი განხილვა სამშვიდობო მოლაპარაკებისა, უკრაინისთვის დამარცხების ტოლფასია,  თუნდა აშშ-სა და ევროკავშირში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარებას გათვალისწინებით, რაც აბრკოლებს სამხედრო დახმარების გაგრძელებას. ბაიდენი და ევროპელები მუდმივად ამბობდნენ უარს კიევისთვის მიეწოდებინათ გამარჯვების იარაღი.

ისინი წამდაუწომ ფეხს აჭერდნენ მუხრუჭს იმ უსაფუძვლო მოტივით, რომ ეს გამოიწვევდა მათ მიმართ რუსეთის აგრესიის ესკალაციას. არადა ყოველი მინიშნებაც კი მოლაპარაკებაზე, უკრაინას დამატებით საფრთხეს უქმნის: რუსეთი არ წავა დათმობაზე და რომც წავიდეს, ის ჯარს უკრაინიდან არ გაიყვანს.

ე.წ. „პროვოკაციული მიწოდებები“ დასავლეთის მხრიდან,  ადრე თუ გვიან შეწყდება. პუტინმა ეს მშვენივრად უწყის, ამიტომ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, განიხილოს სამშვიდობო პირობები.

ზელენსკიმ ყოველივე ამას წერტილი უნდა დაუსვას. რაკი წელს , ომის პირობებში არჩევნების ჩატარება ძნელი წარმოსადგენია, მან უნდა ჩამოაყალიბოს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რათა მოთოკოს ტოქსიკური შიდა უთანხმოება, რამაც შეიძლება ჩაკლას  უკრაინის საბრძოლო სულისკვეთება. ზელენსკიმ ასევე უნდა წარუდგინოს საკუთარ ხალხს ერთიანი სტრატეგია ქვეყნის მომავალის შესახებ.

ჯერჯერობით ამგვარი რეალური სტრატეგია, მას არ წარმოუდგენია, თუ არ ჩავთვლით მინიშნებას, რომ სიმძიმის ცენტრმა ყირიმსა და შავ ზღვაზე უნდა გადაინაცვლოს. პარალელურად მას უწევს რუსების შეტევის მოგერიება აღმოსავლეთში, მაგრამ ეს ძალისხმევა არ კმარა, როგორც იმის იმედად ყოფნა, რომ დასავლეთი ჯიბეზე ხელს გულუხვად  გაიკრავს უკრაინის დასახმარებლად.

არ კმარა იმის გამუდმებული შეხსენებაც დასავლეთისთვის, რომ უკრაინელები იბრძვიან, არა მარტო თავის ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვისაც, რომელსაც მოსკოვის რისხვა აუცილებლად დაატყდება თავს თუ პუტინმა წარმატებას მიაღწია ბრძოლის ველზე. ეს, რა თქმა უნდა სიმართლეა, მაგრამ იგივეს როდი ფიქრობენ აშშ-ს პრეზიდენტი და დასავლეთ ევროპის ლიდერები. ასე რომ იყოს, ისინი ყველაფერს იღონებდნენ, რომ უკრაინას რუსეთი დაემარცხებინა.

როგორი გამოფიტულიც არ უნდა იყოს ზელენსკი ორწლიანი ბრძოლის შედეგად, მან უნდა მოიკრიბოს უკანასკნელი ძალა საიმისოდ, რომ დაიბრუნოს ინიციატივა.

 

By admin