Breitbart აშშ
ოლივერ ლეინი
შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინაში, იძენს „უპირატესად თავდაცვით ხასიათს… და ის სტატიკურია“. უკრაინა სანგრებს თხრის და თავისი ახალი თავდაცვითი სიმაგრეების დემონსტრირებას ახდენს. ყოველივე ეს, მიმდინარეობს რამდენიმე კვირის შემდეგ იმ განცხადებიდან, როცა უკრაინელმა გენერალმა აღნიშნა, რომ ფრონტზე – „პატური სიტუაცია“ შეიქმნა
უკრაინამ „მთელი ძალისხმევა მიმართა საველე სიმაგრეების სრულყოფისკენ“, ხოლო მისი შეიარაღებული ძალები, სულ უფრო მეტად გადადიან თავდაცვაზე, ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის დაიჯესტში. ის ეძღვნება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ბოლო მოვლენებს. ეს წელი დაიწყო გახმაურებული „საგაზაფხულო შეტევის“ იმედით და მთავრდება „ჩიხური სიტუაციით“.
თავდაცვითი ზღუდეები, რომელსაც ქმნის უკრაინა, წარმოდგენილია ღრმა ტრანშეებით, სანგრებით, ანტისატანკო ბოძკინტებითა და თხრილებით. თავდაცვის უწყების ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს მცდელობას – გააკონტროლოს დამატებითი ტერიტორიები, თუმცა მისი ეს მცდელობა ნაკლებად მოიტანს წარმატებას, რადგან „ შეტევები იშვიათად ხდება ოცეულზე დიდი ძალებით.“
მთლიანობაში ვითარება ფრონტზე „ხასიათდება უძრაობით“, აღნიშნულია ბრიტანულ დაიჯესტში.
ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი საუბრობდა თავდაცვის გაძლიერებაზე, რაც ეხმიანება მოსახლეობის განწყობას, რომელიც თვლის, რომ საბრძოლო მოქმედები არ ვითარდება შეტევის ნიშნით. ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახური, ამ კვირაში, იტყობინებოდა სოციალური ქსელების საშუალებით, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მასშტაბური საინჟინრო სამუშაოები და წარმოებს „საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა ამ უწყების ძალების მეშვეობით: ჩვენ ვაძლიერებთ თავდაცვით ხაზს და ვქმნით ზღუდეებს პირადი შემადგენლობის მეტი დაცულობისთვის, აღნიშნავს ეს სამსახური.
კომენტარები ომში არსებულ ვითარებაზე, ბრიტანეთის, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორის მხრიდან გაისმა და გახმაურდა მას მერე, რაც მთავარსარდალი – გენერალი ზალუჟნი გამოვიდა მკაცრი განცხადებით. ნოემბერში მან თქვა, რომ გულდასმით ეცნობა სამეცნიერო ლიტარატურას XX საუკუნის სასანგრე ომის შესახებ, რადგან ეს მას ეს უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ჰგონია, ვიდრე ნატოს თანამედროვე დოქტრინა.
ზალუჟნიმ აღნიშნა: „როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩვენ ახლა ვუახლოვდებით ისეთ ტექნიკურ დონეს, რომელიც ჩიხში გვაქცევს… დიდი ალბათობით, ღრმა და ეფექტური გარღვევები აღარ იქნება“.
გენერალი ეხება უპილოტოების ფართო გამოყენების საკითხსაც. ეს არის ახალი, ფართოდგამოყენებული ტექნიკა, რომელიც ისე დაიხვეწა სადაზვერვო მონაცემების მოკრების კუთხით, რომ ერთმა მხარემ, იცის რას აკეთებს მეორე… ასეთ ვითარებაში, მოულოდნელი იერიშები თითქმის შეუძლებელია. პირველ მსოფლიო ომზე მსჯელობისას, ზალუჟნიმ აღნიშნა: „მე მივხვდი, რომ ახლა ისეთივე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როგორც იმხანად იყო. ტექნიკის განვითარებამ მიაღწია ისეთ სიმაღლეს, რომელიც ჩვენც და რუსებსაც შოკურ მდგომარეობაში გვაგდებს … ელემენტარული ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ, რას აპირებს მოწინააღმდეგე, მათ კი იციან ყველაფერი, ჩვენ რას ვაპირებთ“.
სამწუხაროდ, ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ სასანგრე ომი, რომელიც გვეგონა რომ წარსულს მივაბარეთ, ახლა უკან გვიბრუნდება. როგორც ამ კვირაში ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გვაუწყა, ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელ მებრძოლებზე მიიტანეს მომწავლავი გაზით იერიში -სავარაუდოდ გამოიყენეს – CS-ი. თუ ეს მართალია, მაშინ საქმე გვაქვს სამხედრო დანაშაულთან, რადგან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მისი გამოყენება აკრძალულია.
ჯარისკაცი, რომელიც გადმოცემით ამ ამბის თვითმხილველია, ამბობს: ჯერ დავინახეთ ბოლი, ჩვენ გამოვცვივდით სანგრებიდან და ამ დროს გაზი აალდა, ტრანშეა ცეცხლში გაეხვა. ეს გაზი, წვის დროს აბრმავებს, სუნთქვას აბრკოლებს და სწრაფად ხვდება ყელში, ჩვენ კი წამებიც არ გვქონდა, რომ რეაგირება მოგვესწრო.“