Le Figaro საფრანგეთი
რუსეთის არმიამ კონტროლი დააწესა დონეცკის მიმდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ მარინკაზე, რომელიც დონბასის გულს წარმოადგენს, განაცხადა ორშაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა – სერგეი შოიგუმ. მართალია უკრაინული არმია ამ განცხადებას უარყოფს, მაგრამ მომხდარის ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ძნელია გადააფასო
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა – ალეკსანდრ შტუპუნმა განაცხადა, რომ თქმა იმისა, თითქოს ქალაქს სრულად აკონტროლებენ რუსები – „არაკორექტულია“. „ბრძოლა ქალაქისთვის გრძელდება“ – თქვა მან და დასძინა, რომ ქალაქში, რომელიც პირწმინდად დაინგრეულია, კიდევ იმყოფებიან უკრაინელი ჯარისკაცები. რუსეთი კი თავისას ირწმუნება: „დღეს მთლიანად გათავისუფლდა ქალაქი მარინკა, რომელიც მდებარეობს დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით – 5 კილომეტრში“ – განაცხადა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი ვიდეომიმართვაში.
ქალაქი მარინკა წარმოადგენდა უკრაინული არმიის საყრდენ პუნქტს 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც უკრაინაში დაიწყო კონფლიქტი პრორუს სეპარატისტებთან (მათ მხარს უჭერს მოსკოვი). რუსულენოვანი დონეცკი იქცა სეპარატისტების მთავარ მონაპოვრად და დასაყრდენად. მარინკაზე კონტროლი, საშუალებას აძლევდა უკრაინის ძალებს საარტილერიო დარტყმები მიეტანათ დონეცკზე.
სერგეი შოიგუს თქმით, მარინკა წარმოადგენდა განსაკუთრებით მძლავრ თავდაცვით ზღუდეს, სადაც სხვადასხვა სიმაგრეები ერთმანეთს უკავშირდებოდა მიწისქვეშა გასასვლელებით და ეს იცავდა უკრაინის არმიის საარტილერიო და საჰაერო დარტყმებისგან. „ჩვენი სამხედროების მტკიცე მოქმედების შედეგად, გამაგრებული რაიონი დაეცა“ – კმაყოფილებით აღნიშნა შოიგუმ. მან დაამატა, რომ „ამ დასახლებული პუნქტის გათავისუფლება, ამცირებს უკრაინული არმიის თავდაცვისუნარიანობას და ჩვენთვის აჩენს დამატებით შესაძლებლობებს ამ მიმართულებაზე“.
ვლადიმირ პუტინი მიესალმა იმ ფაქტს, რომ მარინკის დაუფლებით, მოხერხდება უკრაინული არმიის დაშორება ქალაქ დონეცკიდან. დონეცკი რუსების კონტროლირებადი რეგიონის დედაქალაქია, მილიონზე მეტი მაცხოვრებლით. ქალაქი, 2014 წლიდან მოყოლებული, გამუდმებით იბომბება უკრაინელების მხრიდან. „ჩვენ მნიშვნელოვნად გადავწიეთ პოზიციები, საიდანაც უკრაინული არმია ახორციელებს დარტყმებს დონეცკზე. სადღეისოდ, ეს გვაძლევს საშუალებას, უფრო ეფექტიანად დავიცვათ ქალაქი თავდასხმებისგან“ – აღნიშნა სერგეი შოიგუმ. როგორც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, „მარინკის გათავისუფლებით, რუსულ არმიას შეეძლება უფრო ფართო ოპერატიულ სივრცეზე გასვლა“. უკრაინული კონტრშეტევის ჩავარდნის შემდეგ (2023 წლის ზაფხული- შემოდგომა), რუსულმა ძალებმა მართლაც იგდეს ხელთ ინიციატივა ფრონტზე და განიმტკიცეს პოზიციები ქვეყნის აღმოსავლეთში. კერძოდ, ისინი უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ მეორე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის – ავდეევკის ალყაში მოქცევას, რომელიც ასევე ახლოს არის განლაგებული ქალაქ დონეცკთან.