Yle ფინეთი
მარია სტენრუუსი
მოლაპარაკებები ფინეთსა და აშშ-ს შორის – თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (Defence Cooperation Agreement, DCA), ფინიშის სწორზე გავიდა, იტყობინება ფინური ტელერადიოკომპანიის – Yle-ს წყაროები
ფინეთი ამ მოლაპარაკებებს აშშ-სთან, უკვე წელიწადზე მეტია აწარმოებს.
ორმხრივი ხელშეკრულება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, დაადგენს თუ როგორ იმოქმედებს აშშ-ს არმია ფინეთის ტერიტორიაზე. ამ შეთანხმებით, მხარეები განამტკიცებენ ნატოს ფარგლებში არსებულ ურთიერთქმედებას.
მსგავსი ხელშეკრულება აშშ-ს აქვს 20 ქვეყანასთან. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება შვედეთთანაც.
ფინეთი იმედოვნებს, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა გააუმჯობესებს ქვეყნის უსაფრთხოებას. წინასწარი შეთანხმება გაფორმდა რამდენიმე წლის წინ, ხოლო უშუალო მოლაპარაკებები დაიწყო უკრაინის კონფლიქტის გაჩაღებიდან.
ფინეთი დაუშვებს აშშ-ს თავის აეროპორტებზე, პორტებსა და სახმელეთო სამხედრო ზონებში.
Yle-ს მონაცემებით, ფინეთი ნებას რთავს ამერიკელ სამხედროებს გამოიყენონ რამდენიმე ფინური გარნიზონი და სამხედრო ბაზა. აქ იგულისხმება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები.
ერთობლივი გამოყენების ობიექტები ჩამოთვლილია ხელშეკრულების დანართში და მასში მხარეებმა გაითვალისწინეს თავდაცვის ძალების მოთხოვნები. ამ მომენტისთვის ხელშეკრულების ტექსტი გასაიდუმლოებულია და Yle-ს არ აქვს ცნობები კონკრეტულად რომელ აეროპორტებზე, პორტებსა და გარნიზონებში დაუშვებენ ამერიკულ შენაერთებს.
ამას გარდა, ფინეთი და აშშ შეთანხმდნენ იმ ობიექტებზე, რომლებითაც მხოლოდ ამერიკული მხარე ისარგებლებს. მათ, აშშ ალბათ გამოიყენებს იმ ტვირთების შესანახად, რაც მის ჯარისკაცებს დასჭირდებათ.
ფინეთის მეზობელი ნორვეგია შეერთებულ შტატებს უთმობს 3 აეროპორტსა და ერთ სამხედრო პორტს. Yle-ს ინფორმაციით, შვედეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ამგვარ ობიექტთა რაოდენობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ეს ნორვეგიაშია.
წყაროები: აშშ-ს მუდმივი ბაზები ფინეთში არ ექნება
ხელშეკრულება უზრუნველყოფს ამერიკული სწავლებების სამომავლოდ გაგრძელებას. ამერიკელების წვრთნები ფინეთში, განუწყვეტლივ მიმდინარეობს უკვე წელიწადზე მეტია.
ხელშეკრულება არ აწესებს შეზღუდვებს კონტიგენტის სწავლების რაოდენობაზე, მაგრამ ის შეიძლება დაზუსტდეს ფინეთის მოთხოვნით.
ფინეთში არ იქნება ამერიკული ბაზები, რომელზეც ამერიკელი სამხედროები მუდმივად იქნებოდნენ.
მოლაპარაკებებს უძღვებიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები. Yle-ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაიმართება მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი. თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ ხელშეკრულების პირობებით, ის ფინეთის მთავრობას მომავალ კვირაში წარედგინება.
შეთანხმებას შეისწავლის სახელმწიფო საბჭო, რის შემდეგაც დოკუმენტი, განხილვისა და დამტკიცებისთვის, გადაეგზავნება პარლამენტს. საკონსტიტუციო კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის, პარლამენტართა ხმების ნახევარი იქნება საკმარისი თუ ორი მესამედი.