MYSL POLSKA პოლონეთი
ანჟეი პშეჩნიაკი
რუსული გაზის ევროპიდან განდევნა, ყველა არსებული საშუალებით გრძელდება, მაგრამ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ის მაინც აღწევს ევროპის მიწებამდე. მაინც როგორია რუსული გაზის სამოქმედო რუკა ბებერ კონტინენტზე?
გასულ წელს, ევროპამ შეამცირა რუსული გაზის იმპორტი. გაზსადენების საშუალებით, მან მიიღო 62 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ( 2021 წელს – ეს მაჩვენებელი აღწევდა – 140 მილიარდ კუბურ მეტრს). წელს, როგორც ჩანს, ის იქნება 40-45 მილიარდი კუბური მეტრი – ფიქალის გაზის ჩათვლით.
ასე რომ, რუსული მეთანი თანდათან ქრება ევროპის ენერგეტიკული პეიზაჟიდან – ისე, როგორც ნავთობი, საწვავი და ქვანახშირი. თუმცა ეს პროცესი ყველაგან ერთნაირად არ მიდის – რაც უფრო ჩრდილოეთითაა განლაგებული რუსული გაზსადენი, მით უფრო უმოქმედოა ის და რაც უფრო სამხრეთით მდებარეობს, მით უფრო ენერგიულად ფუნქციონირებს. ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე მცირე გაზსადენი ფინეთში, დაიხურა მას შემდეგ, რაც დაიწყო ოპერაცია „გადახდა რუბლებში“, რის შესახებაც უკვე ვწერდით ჩვენს გამოცემაში.
მსოფლიოს უმსხვილესი გაზსადენები – „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორი მიმართულება, რომლებიც გადიოდა ბალტიის ზღვის ფსკერზე, აფეთქებულია. ამ მილებით შეიძლებოდა წლიურად 110 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარება. თუმცა ერთ-ერთი მიმართულება ამ ქსელიდან, დღეს არ ფუნქციონირებს. პრეზიდენტი პუტინი პერიოდულად იმეორებს საკუთარ წინადადებას და აცხადებს, რომ გაზი მეორე დღესვე ამოძრავდება „თუ ონკანი გაიხსნა“, თუმცა გერმანელები ჯიუტად ამბობენ – „არა“- ს. საიდან მოდის მათი ასეთი ამპარტავნება? იქიდან, რომ საკმარისია მათ რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვან – ამერიკელები გერმანელებს მყისვე ყელში წაწვდებიან და თავს კედელზე ახლევინებენ.
პოლონური „იამალი“ (32 მილიარდი კუბური მეტრის გამტარობა წელიწადში) ჩვენ უკვე დავგმანეთ, შემდეგ კი ჩვენ ხელთ ვიგდეთ კომპანია „ ევროპოლგაზი“-ის რუსული ნაწილი. საპასუხოდ რუსეთმა შემოიღო სანქციები და აკრძალა ნებისმიერი ურთიერთობა მის მფლობელთან. ახლა „იამალი“ ცარიელია, რაც არ უნდა საოცარი იყოს, სამხრეთით, უკრაინაზე გამავალი მილსადენი მშვიდად მუშაობს. ანუ სახელმწიფო, რომელიც რუსეთს ეომება, ჩვეულებრივ ატარებს აირს და საამისოდ გასამრჯელოს იღებს. თუმცა ამ მილსადენში 14 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიედინება, არადა შესაძლებელია 2-ჯერ მეტის გატარება.
ბებერი კონტინენეტის სამხრეთ ნაწილი რუსულ გაზზე გაცილებით მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე ჩრდილოეთი. ავსტრია, სლოვაკეთი და უპირველესად – უნგრეთი, არ აპირებენ შეთავაზებაზე უარის თქმას. გაზი, მათ ნაწილობრივ თურქეთიდან მიეწოდებათ, სადაც რუსეთიდან 2 მილსადენი შედის: „ლურჯი ნაკადი“, რომელიც წლიურად 16 მილიარდ კუბურ მეტრს ატარებს და „თურქული ნაკადი“, რომლის 2 გაშტოებით მიედინება 15.75 მილიარდი კუბური მეტრი აირი და ის ამარაგებს სამხრეთ ევროპას. მილსადენებზე სამუშაო ბევრია, თუმცა მათ წინაშე აღიმართა ბარიერი. ბულგარეთი, რომელიც რუსულ გაზს არ ყიდულობს (ეს ქვეყანა მყისიერად დაეთანხმა ბრიუსელის მოწოდებას, არ ეყიდა რუსული გაზი რუბლებზე), სანქციებში ორიგინალურად მონაწილეობს. მან ერთპიროვნულად დააწესა გადასახადი სერბეთში რუსული გაზის ტრანსპორტირებაზე და ის გაზის საფასურის 20%-ს (!) იღებს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრანზიტის მოსაკრებელი. ადრე წარმოუდგენელი იყო, ვინმეს გადასახადი დაეწესებინა კავშირის შიგნით, მაგრამ ჩვენ ხომ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა შეუძლებელიც შესაძლებელია.
ასე რომ, ევროპის ნაწილი ცდილობს გამოემშვიდობოს რუსულ გაზს, ამავე დროს, ევროპის ბაზარზე იყიდება ფიქალის გაზი, რომელიც ევროკავშირმა 40%-ით მეტი შეიძინა. პროცენტი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ ამ ტიპის გაზის მოცულობა ჯერჯერობით მცირეა. 2021 წელს, ფიქალის გაზის იმპორტმა შესადგინა – 13,5 მილიარდი კუბური მეტრი, 2022 წელს კი გაცილებით მეტი 19.3. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ის უკვე 10.8 მილიარდს შეადგენს…
… ზემოთქმულის მიუხედავად, ევროპა მაინც რჩება „გაზპრომის“ ყველაზე სასურველ ბაზრად. გასულ წელს, ამ ბაზარზე იყო შეუსაბამოდ მაღალი ფასები ( 984 დოლარი – 1000 კუბურ მეტრ აირზე), მიმდინარე წელს კი, როგორც ჩანს, საფასური იქნება 500 დოლარი, ჩინეთი კი იგივე მოცულობაში – 300 დოლარს იხდის. ჩვენი მიმოხილვა შეგვიძლია შევაჯამოთ ასე: ევროპა ეს არის მილევადი, გეოგრაფიულად მრავალფეროვანი, მაგრამ მაინც სასურველი ბაზარი.