Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

  NBC News აშშ

ქორთნი ქიუბი, ქეროლ ე.ლიი, კრისტენ ველკერი

 

    ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს კულუარული საუბრები უკრაინის მთავრობასთან – რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ, ასევე იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო სამხედრო კონფლიქტის დასრულებისთვის. ამის შესახებ გვაცნობა ერთმა მოქმედმა და ერთმა ყოფილმა მაღალი რანგის მოხელემ, რომელთაც იციან ამ დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ

როგორც წყაროები იტყობინება, მსჯელობა მოიცავს ზოგად განხილვას იმისა, თუ რის დათმობა შეიძლება მოუწიოს უკრაინას აღნიშნული შეთახმების მისაღწევად. ამ დისკუსიების ნაწილი, რომელიც „დელიკატურად“ მოიხსენიეს, უკვე ჩატარდა ოქტომბერში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც შედის 50 უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანა, მათ შორის არიან ნატოს წევრები.

ჩინოვნიკების თქმით, ეს დისკუსიები არის ანარეკლი იმ დინამიკისა, რაც ბრძოლის წინა ხაზზე  და ამერიკა-ევროპის პოლიტიკურ სივრცეში ხდება.

მსჯელობა დაიწყო დასავლელი ოფიციალური პირების შეშფოთების ფონზე, რომ კონფლიქტი უკრაინაში – ჩიხში მოექცა. დღის წესრიგში დადგა საკითხი იმის შესახებ, რამდენად მოახერხებენ დასავლური ქვეყნები სამომავლოდ კიევის სამხედრო მხარდაჭერას. ბაიდენის ადმინისტრაციის მოხელეები ასევე დააფიქრა იმან, რომ უკრაინა სერიოზულ პრობლემებს აწყდება ჯარისკაცების მობილიზაციის კუთხით, რუსეთს კი, როგორც ჩანს, სამხედრო რესურსი ამოუწურავი აქვს. ახლახან უკრაინის ქალაქებში ჩატარდა საპროტესტო აქციები, რომლებზეც პრეზიდენტ ვლადიმირ ზელესკისგან მოითხოვეს, დაწესდეს სამხედრო სამსახურის მკაფიოდ განსაზღრული ვადები.

ამერიკის მთავრობა შფოთავს, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას იჩენს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ, მას შემდეგ, რაც დაახლოებით 1 თვის წინ, დაიწყო კონფლიქტი ისრაელსა და ჰამასს შორის, იტყობინება წყაროები. ჩინოვნიკები შიშობენ, რომ ცვლილებები საზოგადოებრივ განწყობილებაში, გააძნელებს კიევის მხარდაჭერას.

აშშ-ს თავდაცვის უწყების ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე იყენებს ტერმინს – „პატური სიტუაცია“ – უკრაინის კონფლიქტის შეფასებისას. არაერთი ექსპერტი ამბობს, რომ ყოველივე იქამდე დადის, რომელი მხარე უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ბრძოლისუნარიანობას. კონფლიქტის ვერც ერთი და ვერც მეორე მონაწილე ვერ აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას ბრძოლის ველზე და ახლა ამერიკელი ჩინოვნიკები ვითარებას ახასიათებენ, როგორც „ბრძოლას თითოეული დიუმისთვის“. ამას გარდა, კერძო საუბრებში, ოფიციალური პირები უკვე ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ უკრაინას, დიდი ალბათობით დარჩა დრო ამ წლის ბოლომდე ან საუკეთესო შემთხვევაში, მომავალი წლის გაზაფხულამდე, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ დისკუსიები, მეტი დაჟინებით წარიმართება.

„ნებისმიერი ინიციატივა მოლაპარაკების შესახებ უკრაინის გადასაწყვეტია – აღნიშნავს თავის განცხადებაში – ენდრიუ უოთსონი, აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანი – ჩვენ ვაპირებთ კვლავ დავუჭიროთ მხარი უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“.

საკადრო პრობლემები უკრაინის არმიაში

ორი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რომლებიც იცნობენ ვითარებას, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება უკრაინის რესურსების მდგომარეობის.

„პირადი შემადგენლობის კომპლექტაცია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ადმინისტრაციის შეშფოთებისა – ამბობს ერთ-ერთი ჩინოვნიკი – შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა შეიძლება მიაწოდონ უკრაინას იარაღი, მაგრამ თუ არ იქნებიან კომპეტენტური სამხედროები, რომელთაც შეეძლებათ მისი გამოყენება, ყოველივე უსარგებლო იქნება“.

ბაიდენმა  კონგრესისგან მოითხოვა დამატებითი ფინანსები უკრაინისთვის, მაგრამ მის ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. ამის მიზეზია, რესპუბლიკელთა ნაწილის წინააღმდეგობა კონგრესში. ბოლო ინიციატივაში, თეთრმა სახლმა უკრაინის მხარდაჭერა, ისრაელის დახმარებას მიაბა. ამ წინადადებამ მხარდაჭერა ჰპოვა რესპუბლიკელთა ნაწილში, თუმცა ზოგიერთმა რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერდა მხოლოდ ისრაელის დახმარებას…

… ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები მოელიან, რომ უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას, განსაკუთრებით ახლა, როცა მან მძიმე ტექნიკა მიიღო. „თუმცა არის განცდა, რომ უკვე ძალიან გვიანია და დროა დაიწყოს მოლაპარაკებები“, როგორც ამას ერთი მაღალი რანგის მოხელე ამბობს. შეეძლება კი უკრაინას კიდევ ერთი საგაზაფხულო კონტრშეტევის დაწყება, ეს გაურკვეველია.

ამასთან, ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ შტატები უკრაინას მოლაპარაკების დაწყებას აიძულებს. მისი თქმით, უკრაინას „ცოტა დრო რჩება – ამინდის გათვალისწინებით, მაგრამ დრო საკმარისია – გეოპოლიტის კუთხით.“

 

By admin