Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Forbes აშშ

დევიდ ექსი

 

    უკრაინის მოკავშირეებმა, შეიძლება ითქვას, იპოვეს გამოსავალი თუ როგორ ეჩუქებინათ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკები: მათ ფული გადაუხადეს ჩეხურ ფირმა CSG Defense-ს, რათა მას აეღო 1980-იან წლებში შექმნილი T-72M-ები, გამოეცვალა მათთვის ძრავები, ნაწილობრივ განეახლებინა ელექტრონიკა და მათზე დაეყენებინა დინამიკური დაცვა. ტანკები, ახალი სტანდარტით T-72EA, უკვე მზადაა უკრაინაში გასაგზავნად

კიევისთვის მიცემული პირობის თანახმად, უკრაინის T-72EA-ს პარკი მიაღწევს 105 მანქანას. წელს, აშშ-მ და ნიდერლანდებმა გაიღეს სახსრები 90 ასეთი ტანკის მოდერნიზაციისთვის.

47-ტონიანი სამადგილიანი T-72EA – არ არის საუკეთესო ტანკი უკრაინის შეიარაღებაში, მაგრამ არც ყველაზე უარესია. ამასთან, მას აქვს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა. ის ხელმისაწვდომია მაშინ, როცა უკრაინას არ ჰყოფნის ტანკები, რათა შეავსოს ტექნიკის დანაკარგი და შეაიარაღოს ახალი მექანიზებული ბრიგადები, რომლებიც უკვე საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

ევროპაში, ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში, ინახება ასობით ძველი  T-72M-ი და თითოეული განიხილება EA სტანდარტამდე განახლების კანდიდატად.

T-72EA-ში „გადაწყვეტილია რიგი პრობლემები, რომლებიც გააჩნია ორიგინალურ T-72-ებს, ეს ეხება საცეცხლე შესაძლებლობებს, მობილობასა და დაცვას“ – აცხადებენ კომპანია CSG Defense-ში.

მოდერნიზაციის პროცესში, ძველი 780 ცხენის ძალის სიმძლავრის დიზელის ძრავა იცვლება 840-იანით, ამონტაჟებენ ახალ რადიოსადგურსა და თანამედროვე თბოვიზორს, ასევე ამატებენ დინამიკური დაცვის ახალ შრეებს.

რა თქმა უნდა, EA სტანდარტითაც – ჩვენს წინაშეა T-72-ი, მისთვის დამახასიათებელი მთავარი ნაკლოვანებებით: პირველი – საბრძოლო მასალები მოთავსებულია კოშკურის ქვეშ. საკმარისია მას ჯავშანგამტანი ჭურვი მოხვდეს, რომ ხდება მეორადი აფეთქება, რომელიც ახდენს კოშკურის გატყორცნას და ანადგურებს მთელს ეკიპაჟს.

თუმცა კონსტრუქციული ხარვეზების მიუხედავად, T-72-ის EA მოდელი საუკეთესო ვარიანტია. რუსულ Т-72Б3-ს და  პოლონურ PT-91-ს, აქვს უკეთესი ოპტიკა და ცეცხლის მართვის გაუმჯობესებული სისტემა, მაგრამ არცთუ დიდად. ამიტომაა, რომ უკრაინელებმა დაკარგეს თითებზე ჩამოსათვლელი T-72EA-ი არსებული 90 ერთეულიდან.

რაკი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ხანგრძლივობა 2-წლიან ვადას უახლოვდება, T-72-ი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას დაპირისპირების ორივე მონაწილისთვის. რუსეთში T-90-ისა და T- 80-ის რეზერვები, როგორც ჩანს, იწურება და ასეთ ვითარებაში, გამოსავალი T-72-ია. ამასთან, კრემლი ცდილობს დანაკარგის კომპენსირებას და თანდათან ზრდის ტანკების წარმოებას.

უკრაინას კი  T-72 და მისი ჩეხური და პოლონური მოდიფიკაციები, ეხმარება იმაში, რომ შეივსოს  „ლეოპარდ-2“-ების დანაკარგი, რომელიც მცირე პარტიის სახით – მას ნატომ მიაწოდა.

უკრაინელებმა დაკარგეს სულ ცოტა 11 „ლეოპარდ-2“-ი და იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მიიღებენ კიდევ 14 ერთეულს. უკრაინის თანამედროვე ტანკების არსენალს შეადგენს 14 ცალი ბრიტანული „ჩელენჯერ-2“-ი და 21 M-1 „აბრამსი“. თუ ამას დავუმატებთ  200 ნაკლებად დაცულ „ლეოპარდ-1“-ს, რომელთაც მიიღებს უკრაინა, მაშინ მთლიანი პარკი მიაღწევს  – 350 ერთეულს.

სწორედ ამდენ ტანკს კარგავს უკრაინა ყოველწლიურად. მართალია აშშ-ს შეუძლია კიევს გადასცეს  M-1-ები, მაგრამ გერმანიამ (ან რომელიმე სხვა ქვეყანამ) ნაკლებად სავარაუდოა უწილადოს მას „ლეოპარდები“. თუ კონფლიქტი გაგრძელდა 2025 წელსაც (კრემლი სწორედ ამას ვარაუდობს) კიევს მოუწევს ტანკები სადმე სხვაგან მოიძიოს.

…და ეს „სადმე სხვაგან“ – შესაძლოა ჩეხეთი აღმოჩნდეს.

By admin