Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Parlamentní listy  ჩეხეთი

ირჯი ვეიგლი

 

უკრაინული კონტრშეტევის მიმდინარეობა და ისრაელის პასუხი პალესტინური „ჰამასის“ დარტყმაზე, საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო რეალისტურად შევაფასოთ ინფორმაცია, უფრო ზუსტად – დეზინფორმაცია, რომელსაც გვაწვდიან მეინსტრიმი და სახელისუფლებო პოლიტიკოსები უკრაინაში არსებული კონფლიქტის შესახებ

დღეს გვესმის, რომ ისრაელმა იხმო 300 ათას რეზერვისტი – ღაზას სექტორში „ჰამასზე“ შურის საძიებლად. რეზერვისტები, ისრაელის არმიის 200 ათასამდე მოსამსახურესთან ერთად, ქმნიან ნახევარმილიონიან ძალას, რომელმაც უნდა დაარტყას ტერიტორიას, რომლის მოცულობა 365 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი 2 მილიონამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ჰამასს“ არ გააჩნია მძიმე შეიარაღება და ავიაცია, ღაზა კი იმყოფება ტოტალურ საჰაერო და საზღვაო ბლოკადაში.

ცნობილია, რომ 2022 წლის თებერვალში, რუსეთმა, სულ 200 ათასამდე ჯარისკაცის მონაწილეობით, დაიწყო სპეცოპერაცია უკრაინაში, სახელმწიფოში, რომლის ფართობი – 600 ათასი კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა 40 მილიონამდე.

ამ ძალის აშკარა სიმცირე, სრულ წინააღმდეგობაშია რუსეთის  მიზნებთან, რომლის შესახებაც გვიყვებოდა პოლიტიკური და მედია-ელიტა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ გამოუსწორებლად აგრესიული და იმპერიული რუსეთი, მიზნად ისახავდა უკრაინის მიტაცებას, ოკუპაციასა და მიერთებას, შემდეგ კი ევროპისკენ სვლას.

თითქოსდა, ჩვენ გვემუქრებოდა საშინელი საფრთხე და ყოველგვარი მორიგება ან შეთანხმება აგრესორთან, შეუძლებელი იყო. ერთდაერთი გამოსავალი, როგორც ამას გვარწმუნებდნენ, იყო რუსეთის დამარცხება უკრაინის საბრძოლო ველზე. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ასეთია ჩვენი მთავრობისა და პრეზიდენტის პოზიციაც.

სწორედ ამ ჭრილში უყურებდა და უყურებს უკრაინაში არსებულ შეიარაღებულ კონფლიქტს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ ვიხილეთ რუსული არმიის წარუმატებელი მცდელობა, დაეკავებინა აეროპორტი კიევის მახლობლად და დაემხო უკრაინული რეჟიმი. ჩვენს აღფრთოვანებას იწვევდა ახალი ამბები იმის თაობაზე, რომ უამრავი უკრაინელი პატრიოტი, აღჭურვილი ჩინებული ანტისატანკო რაკეტებით,  მიერეკებოდა რუსების მოძველებული ტანკების კოლონებს, დაბნეულ ჯარისკაცებთან და მათ უსუსურ მეთაურებთან ერთად. დავითმა სძლია გოლიათს, სიკეთემ კი ბოროტებას. რუსები გარბოდნენ კიევიდან და თითქოსდა თავქუდმოგლეჯილი მიექანებოდნენ გარდაუვალი მარცხისკენ. ჩვენ აგვიხსნეს, რომ ეს იყო პუტინის პარალიჩის და მისი ქრონიკული იდიოტიზმის, ასევე რუსი მეთაურობის ლოთობის შედეგი.

ახლა კი ირკვევა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები, კონცენტრირებული იყო სულ სხვა ადგილზე: ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე – სადაც რუსეთის საექსპედიციო კორპუსმა მსწრაფლ დაიკავა ტერიტორიული სარტყელი რუსეთის საზღვრიდან შავ ზღვამდე და ამით უზრუნველყო სახმელეთო კავშირი რუსეთსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ყირიმს შორის. კონფლიქტის შემდგომმა განვითარებამ დაგვანახა, რომ სწორედ ეს დერეფანი იყო სასიცოცხლო, ყველაფერი დანარჩენი კი – ცრუ მანევრს ან ეპიზოდურ მოვლენას წარმოადგენდა. ამჟამინდელი სიტუაცია მოწმობს, რომ შემდგომი წელიწადნახევრის განმავლობაში, ამ კორიდორის გასწვრივ მიწებზე, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რუსეთი გამალებული აშენებდა მაჟინოს მსგავს ახალ ხაზს და ელოდებოდა უკრაინის კონტრშეტევას. ცალკეულ ოპერაციებს ბახმუტთან და სევეროდონეცკთან, ატარებდნენ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები და სხვა სპეცდაჯგუფებები, ხოლო რუსეთის რეგულარული არმია, ემზადებოდა უკრაინელთა კონტრშეტევის მოსაგერიებლად. რუსებმა დატოვეს დნეპრის მარჯვენა ნაპირი და ხარკოვის ოლქის დიდი ნაწილი, რაც შემოგვასაღეს უკრაინელების მორიგ დიდ წარმატებად.

ჩვენში და მთელს დასავლეთში, ჭარბობდა ოპტიმისტური განწყობილება და იყო იმის მოლოდინი, რომ საუკეთესო დასავლური იარაღისა და უკრაინელთა პატრიოტული ჰეროიზმის ერთობლიობა, დაიფრენდა რუსებს ზღვამდე და მოხერხდებოდა უკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება – ყირიმის ჩათვლით. ყველას გამორჩა ერთი უცნაურობა: თავიდან, ახალ ამბებს თუ დავუჯერებდით, უკრაინას თითქმის არ ჰყავდა არმია და მას გარდაუვალი ოკუპაცია ელოდა. მერე კი, რამდენიმე თვეში, სად იყო და სად არა, გაჩნდა შეიარაღებული ძალები, რომელსაც უკვე პრეტენზია ჰქონდა რუსეთის ფედერაციაზე გამარჯვების(!).

ნათელია, რომ დიდი, გაწვრთნილი და კარგად შეიარაღებული უკრაინული არმია ვერ გაჩნდებოდა, ვერც რამდენიმე კვირაში და ვერც რამდენიმე თვეში. კანცლერმა ანგელა მერკელმა პოსტიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ ე.წ. მინსკის შეთანხმება, რომლის მიზანს უკრაინის დონბასში არსებული კრიზისის დაძლევა წარმოადგენდა და რომლის  გარანტად გერმანია და საფრანგეთი გვევლინებოდნენ, ემსახურებოდა დროის გაყვანას. შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეს დრო გამოიყენეს უკრაინული არმიის შექმნისა და შეიარაღებისთვის, რათა ის მომზადებულიყო და შესძლებოდა რუსებისგან დონბასისა და ყირიმის გათავისუფლება. გარკვეულწილად ეს მოხერხდა: აშშ-მ და სხვებმა დიდი სამუშაო გასწიეს და უკრაინული არმია, იქცა მეტად სახიფათო მოწინააღმდეგედ რუსეთისთვის. სწორედ აქ იკვეთება რუსული დარტყმის არსი  და მიმართულება. ჩვენ ვიხილეთ რუსეთის პრევენციული დარტყმა უკრაინაზე. მოსკოვი ვერ დაელოდებოდა იმას, ვიდრე აშშ და მთლიანად დასავლეთი, შეაიარაღებდა კიევს და კიევი მზად იქნებოდა დაებრუნებინა ტერიტორიები, რომლის წართმევასაც, ის არ ურიგდებოდა… ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის და დაერტყა იმ დროს, რომელსაც საამისოდ ყველაზე შესაფერისად თვლიდა. მოსკოვისთვის მთავარია სახმელეთო კორიდორი ყირიმთან, უამისოდ ეს სტრატეგიული ნახევარკუნძული დაუცველია. ამით აიხსნება ოპერაციის ხასიათი, გამოყენებულ ძალთა რაოდენობა და ბრძოლის მიმდინარეობა. თუ დავუშვებთ, რომ სწორედ ეს იყო რუსული დარტყმის მთავარი მიზანი და არა უკრაინის მთლიანი ოკუპაცია და  მისი იმპერიისთვის მიერთება, რასაც ჩვენ დღენიადაგ გვიმტკიცებენ, მაშინ ლოგიკა გასაგებია. გამოდის, რომ ვლადიმირ პუტინი არ ტყუის, როცა ამბობს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია აღწევს თავის მიზნებს, ის წარმატებით ინარჩუნებს სტრატეგიულ დერეფანს ყირიმთან, გამოფიტულ და დანგრეულ უკრაინას კი წინ, ომის მეორე ზამთარი ელის. ახლა ფსონი გადარჩენაზე კეთდება. თუ შეიარაღებული კონფლიქტი გაგრძელდა და მოსალოდნელ რუსულ შეტევას მოჰყვა  უკრაინის ფრონტის გარღვევა, ქანცგამოცლილ უკრაინას გაუჭირდება რუსების შეჩერება. ახლო აღმოსავლეთში იფეთქა ახალმა ომმმა, რაც დიდი ძალისხმევას მოითხოვს დასავლური ქვეყნებისგან, როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური თვალსაზრისით. ითვალისწინებს კი ვინმე ყოველივე ამას?

 

By admin