BBC დიდი ბრიტანეთი
ჯეიმს ლენდეილი
დასავლეთის სახელმწიფოებს უთავდებათ საბრძოლო მასალები, რაც ასე სჭირდება უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად, გვაფრთხილებენ დიდი ბრიტანეთი და ნატო.
ადმირალმა რობ ბაიერმა, ნატოს უმაღლესი რანგის მოხელემ, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ „უკვე ჩანს კასრის ფსკერი“
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ და სამხედრო საწარმოებმა უნდა „ გამოუშვას პროდუქცია, გაცილებით მაღალი ტემპით“.
უკრაინა იყენებს ათასობით ჭურვს ყოველდღიურად და უდიდესი ნაწილი ნატოს მიერ არის მიწოდებული.
ადმირალმა, რომელიც მეთაურობს ნატოს სამხედრო კომიტეტს, განაცხადა: ათწლეულების განმავლობაში არსებულმა არასათანადო ინვესტირებამ, ნატოს ქვეყნები მიიყვანა იქამდე რომ, როცა მათ მოუწიათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, საწყობები სანახევროდ შევსებული ან სრულიად ცარიელი იყო.
„ჩვენ გვჭირდება დიდი მოცულობები. ეკონომიკა „საჭირო დროს“ და „საკმარისი რაოდენობით“ , რომელსაც 30 წლის განმავლობაში აშენებდა ჩვენი ლიბერალური სამყარო, კარგია ბევრი ასპექტით, მაგრამ არა შეიარაღებული ძალებისთვის, როდესაც ომი მიმდინარეობს“.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა – ჯეიმს ჰიპმა ფორუმზე განაცხადა, რომ დასავლური შეიარაღების მარაგები „ცოტა არ იყოს, შეთხელდა“. მან მოუწოდა ნატოელ მოკავშირეებს, დახარჯონ ეროვნული შემოსავლის 2% თავდაცვაზე და მათაც აღუთქვეს, რომ სწორედ ასე მოიქცევიან.
„თუ ახლა, ევროპაში ომის მიმდინარეობისას, დრო არ არის ვხარჯოთ შემოსავლის 2%, მაშინ დროული, როდისღა იქნება“ – იკითხა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიდგომა – „საჭირო დროს“ – სრულიად უადგილოა, როცა ხვალ ბრძოლაში უნდა ჩაება“.
„ჩვენ ვერ შევჩერდებით, რადგან მარაგები მწირია“ – თქვა ბატონმა ჰიპიმ. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დღეს, ხვალ და ზეგაც… ჩვენ რომც გავჩერდით, ეს არ ნიშნავს, რომ პუტინიც გაჩერდება“.
ვითარება გვკარნახობს, რომ „ჩვენ დღენიადაგ უნდა ვზრუნავდეთ იმაზე, როგორ შევავსოთ საკუთარი მარაგები“.
„პრობლემა ისაა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი, არ ხარჯავს მშპ-ს 2%-ს თავდაცვაზე, ეს კი უნდა იყოს მინიმალური ხარჯი თავდაცვაზე და არა ჭერი“.
შემდეგ მან დასძინა: „როცა საქმე ჩრდილოატლანტიკურ კავშირს ეხება, აშშ აკვირდება აღმოსავლეთს თუ დასავლეთს და ჩვენი კოლეგები კონგრესში უნდა ხედავდნენ, რომ ევროპული ქვეყნები კეთილსინდისიერად ხარჯავენ 2%-ს ნატოს დასაფინანსებლად“.
ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კიევში გამართეს ისტორიაში პირველი სამიტი, ნატოს ეგიდის გარეშე და უკრაინას მუდმივი მხარდაჭერა აღუთქვეს. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა განაცხადა, რომ ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოაწესრიგოს საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზა, რათა ხანგრძლივ პერსპექტივაში, აღმოუჩინოს დახმარება უკრაინას, „რადგან ახლა ჩვენ გვიწევს, საკმაოდ ღრმად საკუთარ ჯიბეებსა და აქციებში ხელის ჩაყოფა“ – თქვა მან.
„სამომავლოდ, ვფიქრობ, აუცილებელია ის, რომ უკრაინას შეეძლოს შეიარაღების შეძენა ევროპის ბაზაზე. აქ ჩვენ მძიმე გაკვეთილები მივიღეთ, ვგულისხმობ, მასშტაბსა და მოცულობას, განსაკუთრებით, ეს ეხება საარტილერიო ჭურვებს“.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, მან უკრაინას მიაწოდა 300 000 საარტილერიო ჭურვი და წლის ბოლომდე აპირებს „კიდევ 10 ათასის“ გადაცემას.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი ირწმუნება, რომ ამავე პერიოდში, ამერიკამ უკრაინას გადასცა 2 მილიონზე მეტი ნატოს სტანდარტის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი.
კიევის დამოკიდებულება ამერიკულ შეიარაღებაზე იმდენად დიდია, ნატოს წევრები გამოთქვამენ შიშს, რომ მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამან შეიძლება განაპირობოს ტრამპის არჩევა.
ისინი შიშობენ, რომ უკრაინის მხარდამჭერა შშ-ს მხრიდან, შეიძლება შემცირდეს თუ ტრამპი – მოსკოვთან კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას ამჯობინებს.
პრობლემა ისაა, რომ მიუხედავად დახმარების მოცულობის ზრდისა, უკრაინა ხარჯავს საბრძოლო მასალებს „იმაზე სწრაფად, ვიდრე დასავლური სახელმწიფოები ახერხებენ მის მომარაგებას.
ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებმა შეათანხმეს გეგმები გამოცდილების გაზიარების, იარაღის მწარმოებლებთან კონტრაქტების დადებისა და წარმოების მაქსიმალური სუბსიდირების შესახებ.
თუმცა მათ უწევთ ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია, რათა უკრაინის მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამის საპირისპიროდ, რუსეთი, როგორც ჩანს, გაცილებით უკეთ ახერხებს, მოაწესრიგოს საომარი პერიოდის ეკონომიკა და შეავსოს საკუთარი მარაგები.