Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Rebelión  ესპანეთი

მარია მერსედეს ბლანკო რეიესი

 

„ბრძოლის დროს არ არსებობს იმაზე უკეთესი ან საშინელი რამ, ვიდრე ეს აჟიტირებული ადამიანების მიერ მოწოდებული პირველი ცნობებია“- წერდა უილიამ სლიმი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სახელგანთქმული ბრიტანელი მარშალი

იმ წუთიდან, რაც რუსეთის არმია – 2022 წლის 24 თებერვალს – უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ექსპერტებმა და მიმომხილველებმა არაერთხელ განაცხადეს შეიარაღებული კონფლიქტის მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე.

დღეს უკვე ნათელია ერთი რამ: უკრაინის კონფლიქტმა დაგვანახა, რომ ნატოს არ შეუძლია საკუთარი ტერიტორიის დაცვაც კი. იმავდროულად, შეიარაღებაზე  გაწეული უზარმაზარი ხარჯი, აშშ-ს პრობლემებს უქმნის აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში.

მართალია კონფლიქტების მიზეზები ნაირგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ომი ყოველთვის ხდება პოლიგონი, ახალი ტექნოლოგიების, ტაქტიკებისა და სტრატეგიების გამოსაცდელად – უკრაინაში შექმნილი ვითარება, ამის დასტურია.

სამწუხაროდ, არსებული რეალობა – ნატოს კარგს არაფერს უქადის. საქმე ისაა, რომ უკრაინას თავიდანვე არ გააჩნდა საკმარისი სამხედრო- საჰაერო ძალმოსილება და ამდენად, ის არ უნდა ჩართულიყო ბრძოლაში, მაგრამ ნატომ, მეტადრე კი აშშ-მ, უბიძგეს მას შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაბმისკენ. აშშ-მ და ნატომ კიევს გაუწიეს 100 მილიარდიანი სამხედრო დახმარება – ეს ხარჯი  განუხრელად იზრდება და ამჟამად დღიურად 100 მილიონ დოლარს აღწევს. მიუხედავად ასეთი კოლოსალური თანხისა, უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიტაცებული ტერიტორიის მცირე ნაწილი და განიცადა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდძალი დანაკარგი. გარდა ამისა, ზემოხსენებული ციფრები არ მოიცავს ნატოს შიდა სამხედრო ხარჯებს.

ნებისმიერ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ადრე თუ გვიან, დგება საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების შევსება-ჩანაცვლების საკითხი. კონფლიქტმა უკრაინაში, ნატო მიიიყვანა საგანგებო ვითარებისთვის განკუთვნილი მარაგების ამოწურვამდე.

საომარი მოქმედების 1 წლის თავზე, აშშ-სა და მის მოკავშირეებს მოუწიათ  კონტრაქტების გაფორმება არასანდო მიმწოდებლებთან, ოღონდ კი გაეზარდათ საბრძოლო მასალებისა და მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოება. მაგრამ აქ ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. საწარმოთა უმეტესობა, დიდი ხნის წინ იყო გაჩერებული და მათი ახლიდან ამოქმედება საჭიროებს დამატებით ძალისხმევასა და ხარჯებს. ამას გარდა, ხელახლა უნდა აეწყოს მიწოდების ჯაჭვი, ძველი იარაღის მაკომპლექტებლები კი აღარ გამოდის. მორიგი თავსატეხია კვალიფიციური მუშახელისა და ინჟინრების უკმარისობა – ხანმოკლე კონტრაქტით მუშაობაზე, ბევრი არ თანხმდება.

და ბოლოს, როგორც ამერიკული საწარმოო კომპანიის Raytheon-ის გენერალურმა დირექტორმა აგვიხსნა, რიგი მაკომპლექტებლებისა და მარაგ ნაწილების იმპორტი ხდება ჩინეთიდან. ცოტა ხნის წინ, ჩინეთმა შეზღუდა ელექტრონიკისა და სხვა სპეციფიკური საქონლის ექსპორტი აშშ-სა და ევროპაში (მათ შორისაა – იშვიათი მეტალები).

აშკარაა, რომ ნატოს რეზერვები არ კმარა უკრაინისთვისაც კი, ნატოს წევრ-ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა: რისთვის სჭირდებოდა ნატოს თავისი არსენალის განიავება მაშინ, როცა ცხადი იყო, რომ ალიანსი უიარაღოდ რჩებოდა, წყნარი ოკეანის არენაზე კი აშშ მკვეთრად სუსტდებოდა. თუმცა დასავლეთის ლიდერებიდან, ამაზე საუბარი არავის სურს. ჩვენ ხომ მუდამ გვჯერა, რომ „ყველაფერი რიგზეა“. არადა, ასე არ არის. არ შეიძლება 100 მილიარდი უაზროდ გაფლანგო და „ყველაფერი რიგზე“ იყოს. თუნდაც ხვალ რომ დასრულდეს კონფლიქტი უკრაინაში, მოისურვებს კი ალიანსი და აშშ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რეგულარულად შეივსოს არსენალი და შეიარაღების მოდერნიზაცია მოახდინოს? მზადაა კი აშშ შეცვალოს მიწოდების მთლიანი სისტემა, დათანხმდეს უცხოური ხელმისაწვდომი იარაღის შეძენას და გონივრული ეკონომია გასწიოს? უკრაინის კონფლიქტმა დაგვანახა, რომ ნატოს საკუთარი ტერიტორიის  დაცვაც კი არ ძალუძს. გამოიწვევს თუ არა ეს, მთელი ევროპული პოლიტიკისა და სტრატეგიის გადახედვას? კიევი თანდათან სუსტდება და უკრაინის „ ისტორია“ სასრულს უახლოვდება. ადრე თუ გვიან, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ევროპისა და აშშ-ს პოლიტიკოსთა ახლანდელი თაობა, მეორე პლანზე გადაინაცვლებს. რა იქნება მერე? ისეთი პირი უჩანს, თითქოს წინასწარმეტყველება უკვე ახდა და ყველაფერი უკვე გაირკვა..

უეჭველია, რომ უკრაინის კონფლიქტმა შეცვალა ევროპული ქვეყნების ეკონომიკები. ეს გამოიხატა საკვებზე, გათბობაზე, ელექტროენერგიასა და ბენზინზე ფასების ზრდაში. ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვერ ართმევს თავს მოძალებულ პრობლემებს და სახელმწიფო მხარდაჭერას საჭიროებს, რათა გაუმკლავდეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს.

 

 

 

 

 

By admin