Daily Mail დიდი ბრიტანეთი
პეტერ ჰითჩენსი
მართლაც გაიჩხირა უკრაინა შეიარაღებულ კონფლიქტში? საბრძოლო მოქმედებების შედეგი ძნელია განჭვრიტო, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მაგრამ დღეს არაერთი ნიშანია იმისა, რომ დაასკვნა: უკრაინა გაიხლართა პოლიტიკურ და სამხედრო პრობლემებში
ვერც იმას იტყვი, რომ ამ ქვეყნის არმია განადგურდება და რუსები წუთი წუთზე შეიჭრებიან კიევში. მათაც არა აქვთ საქმე სახარბიელოდ.
მაგრამ შემოდგომა უკვე დადგა, დღემ იკლო და იმ მიწების დაბრუნება, რომლებიც რუსეთმა 2022 წელს მიიტაცა, სულ უფრო ნაკლებად სარწმუნოა. ის, ვინც დიდ იმედს ამყარებდა უკრაინელების საზაფხულო შეტევაზე, ჯერჯერობით გაწბილებულია. რას უნდა ველოდოთ?
აშშ ჯერ კიდევ წინააღმდეგია შეიარაღებულ კონფლიქტში პირდაპირი ჩართვისა (და ეს წინდახედული გადაწყვეტილებაა), მაგრამ ამ ვითარებაში, როგორ უნდა გამოვძვრეთ ჩიხიდან? ნუთუ საბრძოლო მოქმედებები უსასრულოდ გაგრძელდება, საფლავები ისევ გადაივსება ცხედრებით და უზარმაზარი ზიანი კვლავაც მიადგება უკრანასა და ევროპას? რა არის საბოლოო მიზანი?
მე არ ვარ სამხედრო სპეციალისტი. 40 წელია არ მისროლია შაშხანიდან. როცა ვისროდი, მაშინაც იშვიათად (დროგამოშვებით ვსარგებლობდი პარლამენტში არსებული ტირით, რომელიც ლორდთა პალატის ქვეშ უნდა განლაგებული).
მაგრამ სხვების მსგავსად, მეც ვგრძნობ, საით უბერავს ქარი, ხოლო როცა ძლევამოსილი ამერიკული ჟურნალი Foreign Affairs-ი აქვეყნებს სერიოზულ სტატიას სათაურით – „დასავლეთი უკრაინას ტოვებს? “, ჩემი პასუხი ამ კითხვაზე, ასეთია – „სავსებით შესაძლებელია“), მეჩვენება, რომ რაღაც ამგვარი, მართლაც ხდება.
ვერაფრით ვხვდები, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს დიდ ბრიტანეთს, რომელიც მხარს უჭერს ძვირადღირებული და რისკიანი კონფლიქტის გაჩაღებას ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რომელიც მიმდინარეობს საბჭოთა იმპერიის ორ კორუმპირებულ და ცუდად მართულ ნამსხვრევს შორის. მისი მიზანშეწონილობა ეეჭვება არა მარტო საძულველ ტრამპს, არამედ ბევრ სხვა ამერიკელ რესპუბლიკელსაც.
ბოლო დროს ჩნდება ცნობები უკრაინასა და პოლონეთის მთავრობას შორის ჩამოვარდნილ შუღლზე. თუმცა მიკვირს ის, რომ ეს აქამდე არ მოხდა – მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ 80 წლის წინანდელ ურთიერთობას მეზობელ ხალხებს შორის. ამ ტერიტორიაზე 500 წლის წინ არსებული ხდომილებები, დღესაც აფორიაქებს მოსისხლე მტრების გონებას.
შეგვიძლია გავიხსენოთ კორუფციული სკანდალიც უკრაინის სამხედრო კომისარიატებში. არადა ამას, არავინ გაუოცებია, რადგან უკრაინაში ნაბიჯსაც ვერ გადადგავ, მექრთამეობას რომ არ გადაწყდე. ამ ისტორიის დედააზრი ის არის, რომ ბევრმა ადამიანმა ქრთამით დაიძვრინა თავი ომში წასვლისგან. იმავდროულად უამრავ მამაკაცს (მათ კანონით ეკრძალებათ უკრაინის ტერიტორიის დატოვება) იჭერენ, როცა ისინი ცდილობენ რუმინეთთან საზღვრის გადაკვეთას, რაც ნიშნავს, რომ ნაწილი მაინც ახერხებს ქვეყნიდან გაქცევას. ეს უსერიოზულესი პრობლემაა ქვეყნისთვის, რომელიც ომში საშინელ დანაკარგს განიცდის.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს შეიარაღებული კონფლიქტი, პრიმიტიულად რომ არ იყოს წარმოდგენილი, როგორც ტოტალური ბოროტებისა და ტოტალური სიკეთის ჯახი ( ასე კი ნამდვილად არ არის), ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდით. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
თუ ჩვენ მართლაც შეგვტკივა გული უკრაინელ ხალხზე, უმჯობესია მყარი მშვიდობა ვეძიოთ, ნაცვლად ცეცხლზე ნავთის დასხმისა და ომის დაფინანსებისა, რის გამოც იტანჯებიან და იღუპებიან ნამდვილი უკრაინელები, თანაც ისე, რომ მათ აქედან – არანაირი სარგებელი არ აქვთ.