Euronews
„ევრონიუსი“ ესაუბრა საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ორივე მხარის მაღალი რანგის მოხელეებს, რათა გაეგო მათი აზრი კონფლიქტის მიზეზებსა და შედეგებზე
აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ანტიტერისტული ოპერაციის შედეგად, 24 საათის განმავლობაში აღადგინა სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღში.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 32 ადამიანი, ასობით პირმა მიიღო დაზიანება, ხოლო ათასობით ყარაბაღელმა გაქცევით უშველა თავს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დაძაბულობა იზრდებოდა ეთნიკური სომხებით დასახლებულ ანკლავში, რომელიც საერთაშორისო სამართლის თანახმად, აზერბაიჯანის ნაწილია, თუმცა გარკვეულწილად კონტროლდებოდა სომეხი სეპარატისტების მიერ.
ახლა ბაქოს მიზანია, სრული კონტროლი დაამყაროს განდგომილ რეგიონზე, სადაც 120 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობს.
„ევრონიუსი“ ესაუბრა ორივე მხარის მაღალჩინოსნებს, რათა გაეგო განახლებული კონფლიქტის მიზეზები და შედეგები.
ედმონ მარუკიანი – სომხეთის საგანგებო დავალებათა ელჩი:
„რა ჩაიდინა აზერბაიჯანმა? მან უკუაგდო ყველა ვალდებულება და დაიწყო სამხედრო აგრესია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც მისი მტკიცებით, აერთიანებს მათ მოქალაქეებს. ასე რომ, ახლა აზერბაიჯანი ბომბავს და ხოცავს საკუთარ მოქალაქეებს.“
ჰიქმეთ ჰაჯიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში:
„ ეს იყო შეზღუდული ოპერაცია, რის შედეგადაც მთლიანობაში მოხდა სამხედრო ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაცია. დღეს უკვე შემიძლია გაცნობოთ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო მოქმედება შეწყვეტილია. ყარაბაღელი სომხებისგან მიღებულია შეტყობინება, რომ ისინი ადგილზე ახდენენ საკუთარი შეიარაღებული ძალების განიარაღებას.“
შენარჩუნდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი?
ჰიქმეთ ჰაჯიევი: „აზერბაიჯანმა ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია: თუ სომხები განიარაღდებიან, ჩვენ შევწყვეტთ სამხედრო ჩარევას და დავიწყებთ მათთან ურთიერთობას. ჩვენ ისინი არაერთხელ მივიწვიეთ მოსალაპარაკებლად აგბულაქსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში.
გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხდა, რომ მზადაა შეხვედრისთვის, რათა შეიქმნას კონტექსტი ყველა ელემენტის რეინტეგრაციისთვის“.
ედმონ მარუკიანი:
„ჩვენ, ასე ვთქვათ, ცუდი გამოცდილება დაგვიგროვდა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე ურთიერთობაში. მე არა მაქვს რაიმე ინფორმაცია, რადგან კავშირი მთიან ყარაბაღთან გაწყვეტილია. ჩვენამდე აღწევს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. ასე რომ, ეს რაღაც ახალია. შესაძლოა ასეც იყოს. ამ პროცესში, მე უპირველესად ვგულისხმობ, სოფლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმასა და მათი ყარაბაღიდან გაძევებას.
როგორ იმოქმედებს ყოველივე ეს – მოლაპარაკებებზე?
ედმონ მარუკიანი: „პროექტზე მუშაობისა და მოლაპარაკებების დროს, ჩვენ ვისაუბრეთ ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებსა და გარანტიებზე. ყარაბაღელებმა დაკარგეს საკუთარი სახლი, ისინი განდევნეს. არ ფიქრობთ, რომ ახლა ეს თემაა აქტუალური? ასე რომ, მართლაც არ ვიცი, რა მოხდება მომავალში“.
ჰიქმეთ ჰაჯიევი:
„ ჩვენ ვემხრობით მშვიდობიან დღის წესრიგს და მართლაც ვთვლით, რომ ორ მხარეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მთელი რეგიონისთვისაა კარგი. აზერბაიჯანი მხარს უჭერს ინტეგრირებული სამხრეთ კავკასიის კონცეფციას და ამის ფარგლებში, სომხეთს მეზობელ ქვეყნებთან ტერიტორიული პრეტენზიების ნაცვლად, კეთილმეზობლური უღთიერთობის დამყარება უნდა ამოძრავებდეს“.