Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

POLITICO აშშ

ნიკოლას ვინოკური, ჯაკოკოპო ბარიგაცი

 

  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არ მალავს საკუთარ ზრახვებს: წნეხში ამყოფოს უკრაინა იმ დრომდე, ვიდრე დასავლეთის სიმტკიცე არ შედრკება. შეიარაღებული კონფლიქტი უკვე 500 დღეზე მეტია გრძელდება და პუტინს მიეცა სრული საფუძველი იფიქროს, რომ მისთვის სასურველი სიტუაცია ყალიბდება. აქ არ მნიშვნელობს ის ფაქტი, რომ საქმე ისე არ წავიდა, როგორც მას თავიდან ეგონა

პოლონეთის, ესტონეთის, სლოვაკეთისა და სხვა აღმოსავლეთ თუ ცენტრალური ევროპის მთავრობები, ომის პირველი დღიდან, კიევის ყველაზე მედგარ მოკავშირეებად იქცნენ. მათ კიევს მიაწოდეს იარაღი, მიიღეს მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი და ხმამაღლა გამოდიოდნენ დასავლეთში, უკრაინის მხარდაჭერის მოწოდებით. ისინი ემხრობოდნენ მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოსკოვის წინააღმდეგ, მიუხედავად გერმანიისა და საფრანგეთის თავშეკავებული პოზიციისა.

ახლა ამ ქვეყნების მეთაურებს არჩევნებში გამარჯვებისთვის უწევთ ბრძოლა, ამასთან უხდებათ სხვა შიდა პრობლმებთან გამკლავება და ამდენად ეს მთავრობები უკვე შფოთავენ უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების ხსენებაზე – მათი კიევის მიმართ მხარდაჭერა, თანდათან კლებულობს.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია – პოლონეთი. მისი პრემიერ- მინისტრი მათეუს მორავეცკი აცხადებს, რომ ვარშავა ამიერიდან აღარ მიაწვდის იარაღს უკრაინას. ეს განცხადება, შედეგია კიევისა და მისი ევროკავშირელ მეზობელს შორის დაწყებული დავისა ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით. ვარშავა ირწმუნება, რომ ამგვარი მოწოდებებით, უკრაინამ ჯოხი გაუყარა პოლონელი ფერმერების ბორბალში. ყოველივე ეს, ხდება 15 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ.

„უკრაინა ხვდება, რომ ამჟამად მას უწევს ჭიდილი არა მომიჯნავე პოლონეთთან, არამედ პოლონურ არჩევნებთან – აცხადებს ლიბერალურ სტრატეგიათა სოფიის ცენტრის ხელმძღვანელი ივან კრასტევი – ახლა ასობით ათასი პოლონელი ფერმერის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, ვიდრე უკრაინის სატკივარი. მალე ვნახავთ, რომ იგივე მოხდება სხვა რეგიონებშიც“.

მორავეცკი პაექრობაში გამოიწვია ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელსაც ევროსაბჭოს თავჯდომარის პოსტი უკავია.  წინასაარჩევნო სტრატეგიის ფარგლებში მოქმედი პრემიერი, ელოლიავება მემერჯვენე პარტიის – „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონფედერაციის“ მომხრეებს, რომლებიც გამოდიან უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ.

„ჩვენ შევწყვიტეთ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, ვინაიდან კურსი ავიღეთ პოლონეთის არმიის თანამედროვე იარაღით აღჭურვაზე“ – თქვა მორავეცკიმ პოლონურ ტელეარხ POLSAT-ის გადაცემაში გამოსვლისას.

დიდია ცდუნება, ეს დაძაბულობა წინასაარჩევნოო მღელვარებას მიეწერის, თუმცა არსებობს სრული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ეს დაძაბულობა შენარჩუნდება არჩევნების შემდეგაც. როგორც ერთმა დასავლელმა დიპლომატმა თქვა (მან ვინაობის გახმაურება არ ისურვა),  დავა ხორბლის საკითხზე ვარშავასა და კიევს შორის, აჩვენებს სერიოზულ შიშს იმის მიმართ, რომ უკრაინა შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანდეს. „პოლონეთი თავს ესხმოდა ევროკავშირის ნებისმიერ წევრს, რომელიც ორჭოფობდა უკრაინის ევროკავშირში მიღების მიზანშეწონილობაზე – ამბობს  ეს დიპლომატი – ახლა კი მან თავისი ნამდვილი სახე აჩვენა“.

პრობლემა ისაა, რომ მხარდაჭერა კლებულობს არა მარტო პოლონეთში. ომის დაწყებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნები წინამძღოლობდნენ უკრაინის მხარდაჭერას ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში და ყველაზე ხმამაღლა და ეფექტურად ამ მხრივ, ესტონეთის ლიბერალი პრემიერ-მინისტრი – კაია კალასი გამოდიოდა.

მას, როგორც ყოფილი პრემიერის ქალიშვილსა და ყოფილ ევროკომისარს, ბევრი მიიჩნევდა მგზნებარე აღმოსავლეთ ევროპის განსახიერებად, რომელსაც ბრიუსელამდე მიჰქონდა უკრაინელების სატკივარი. მაგრამ კალასის ავტორიტეტი შეირყა მის ქმართან დაკავშირებული სკანდალის გამო, რომელიც, როგორც ირკვევა, იყო თანამფლობელი იმ კომპანიისა, რომელიც თავის დროზე, რუსეთში საქმიანობდა და იგივეს აგრძელებდა 2022 წლის თებერვლის მერეც (როცა უკრაინაში ომი დაიწყო). ამ დროს კი კალასი სხვებისგან დაჟინებით მოითხოვდა მოსკოვთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას…

…აქვე შეგვიძლია ვახსენოთ სლოვაკეთიც. ცენტრალური ევროპის ეს სახელმწიფო, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე თავგადაკლული  მხარდამჭერი იყო, მაგრამ 30 სექტემბერს დანიშნულმა არჩევნებმა შეიძლება დააცხროს მისი მგზნებარება.

„თუ საზოგადოების მხოლოდ 40% უჭერს მხარს უკრაინისთვის იარაღის გადაცემას, ხოლო ხელისუფლება ასეთ თანადგომას ყველა დონეზე გამოხატავს, მაშინ ეს იწვევს საპირისპირო – არასახარბიელო რექციას“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს მკვლევარი – მილან ნიჩი.

ამ ქვეყნის პოპულისტი პოლიტიკოსი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, თავის კამპანიას პრორუსულ და ანტიამერიკულ ტალღაზე წარმართავს, გამოდის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ. ის ახლოა არჩევნებში გამარჯვებასთან, რასაც POLITICO-ს გამოკითხვები მოწმობს.

ფიცოს არჩევის შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიკტორ ორბანი, რომელიც უნდობლად ეკიდება კიევს, შეიძენს მოკავშირეს ევროპულ სცენაზე. ამ თვეში ფიცომ Associated Press-ს უთხრა, რომ თუ მისი პარტია მიიღებს საკმარის მხარდაჭერას და შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, მაშინ სლოვაკეთი „აღარ მიაწვდის უკრაინას, არც იარაღს და არც საბრძოლო მასალებს“.

ეჭვგარეშეა, უკრაინას ჰყავს არაერთი ერთგული მოკავშირე ევროპაში: ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, შვედეთი და სხვა ქვეყნები ძველებურად უჭერენ მას მხარს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონიც, მოულოდნელად გადაიხარა უკრაინის მხარეს. ზოგიერთი ანალიტიკოსი აკნინებს პოლონეთისა და სლოვაკეთის პოზიციის მნიშვნელობას ამ ეტაპზე და აღნიშნავს, რომ მათ არსენალში იარაღის მცირე რაოდენობა დარჩა საიმისოდ, რომ ის უკრაინას გაეგზავნოს.

By admin