Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ISW  აშშ

კატერინა სტეპანენკო, რაილი ბეილი, კაროლინა ჰერდი, ანჯელიკა ევანსი და ფრედერიკ უ. კაგანი

 

                 ბელორუსის პრეზიდენტმა – ალეკსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ დამფინანსებელი ევგენი პრიგოჟინი და კერძო სამხედრო კომპანიის ძალები, 6 ივლისისთვის არ იმყოფებოდნენ ბელორუსში

ამით მან შესაძლოა მიანიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც 24 ივლისის შემდეგ, ლუკაშენკოს შუამავლობით – პრიგოჟინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შედგა, შესაძლოა პრიგოჟინის მიზეზით არ სრულდებოდეს. ლუკაშენკომ და კრემლმა ადრე განაცხადეს, რომ პრიგოჟინმა, პუტინმა და ლუკაშენკომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, პრიგოჟინსა და „ვაგნერის“ ძალებს მიეცათ უსაფრთხოების გარანტიები ბელორუსის ტერიტორიაზე. ამ გარიგების შინაარსი სრულად არ ხმაურდება, მაგრამ, როგორც ჩანს, „ვაგნერი“ არ ასრულებს თავის წილ ვალდებულებებს. ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ძალები, ამ დროისთვის იმყოფებოდნენ თავიანთ მუდმივ ბანაკებში (რუსეთში ან უკრაინაში), რომელთაც მათ მიაშურეს ბახმუტის ბრძოლის შემდეგ. ლუკაშენკომ დასძინა, რომ პრიგოჟინი იყო სანკტ-პეტერბურგში და შესაძლოა 6 ივლისს მოსკოვშიც კი გადაფრინდა. ლუკაშენკომ უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ ბელორუსი აშენებს ახალ საწვრთნელ ბანაკებს „ვაგნერის“ ძალებისთვის და აღნიშნა: ბელორუსმა ვაგნერს შესთავაზა რამდენიმე ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზა, მათ შორის – მოგილოვის ოლქში. ლუკაშენკომ მიანიშნა, რომ „ვაგნერი“ „სხვაგვარად უყურებს თავის სამყოფელს“. დეტალების გამხელისაგან ლუკაშენკომ თავი შეიკავა. ამასთან ბელორუსის პრეზიდენტმა უარყო ის, რომ შეთანხმებამ ძალა დაკარგა და აღნიშნა: „ვაგნერის“ ძალების ბელორუსში გადასროლისა და განლაგების საკითხი – „ ჯერ არ არის გადაწყვეტილი“.

რუსულმა წყაროებმა ასევე მიუთითეს, რომ პრიგოჟინი რუსეთშია, თუმცა ISW-ის –  ამ დროისთვის არ შეუძლია დაადასტუროს პრიგოჟინის ადგილსამყოფელი. რუსული ოპოზიციური გამოცემა იტყობინება, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი დაეშვა როსტოვის ოლქში მას შემდეგ, რაც 6 ივლისს მოსკოვიდან აფრინდა. 5 ივლისს, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გვაცნობა, რომ პრიგოჟინმა პირადად წამოიღო რამდენიმე ცალი ცეცხლსასროლი იარაღი ეფესბეს სანკტ-პეტერბურგის შენობიდან. გამოცემა ასევე იტყობინება, რომ პრიგოჟინმა 1-2 ივლისის უქმეები მოსკოვში გაატარა. ISW-მ ვერ აღმოაჩინა იმის ვიზუალური მტკიცებულებები, რომ ვაგნერის პერსონალი ბელორუსში გადავიდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება თვალს არ ადევნებს პრიგოჟინის გადაადგილებას და აღნიშნა, რომ კრემლი ამის საჭიროებას ვერ ხედავს. პესკოვის განცხადება აბსურდულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კრემლსა და რუსულ ძალებს დაუბრკოლებლად შეეძლოთ მისი აყვანა ან ის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეეზღუდათ მისი გადაადგილება. ეს მით უფრო აბსურდულად მოჩანს, თუ პრიგოჟინის მიერ ეფესბეს შენობიდან იარაღის წამოღებას ვირწმუნებთ. როგორც ჩანს, ლუკაშენკო ცდილობს დისტანცირებას იმ შეთანხმებისგან, რომელშიც ის შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. ამასთან, ამით ის თავის მნიშვნელობაზე მიუთითებს, პარალელურად კი პუტინის სისუსტესაც უსვამს ხაზს. ლუკაშენკომ დემონსტრაციულად განაცხადა, რომ „ვაგნერის“ წევრები და პრიგოჟინი არიან რუსები და მათი ადგილსამყოფელის შესახებ კითხვები, მას არ ეხება. ლუკაშენკო, როგორც ჩანს, თავს შორს იჭერს „ვაგნერისგან“, ამასთან, იმაზეც მიანიშნებს, რომ შეთანხმებაზე პასუხისმგებლობა კრემლს აკისრია. ლუკაშენკო აგრძელებს ტრაბახს იმის თაობაზე, რომ პრიგოჟინთან მოლაპარაკებები სწორედ მან წარმართა უნარიანად. ჟურნალისტის შეკითხვაზე მან ისიც უპასუხა, რომ პუტინის ავტორიტეტი – ამ ამბოხით არ შელახულა.

By admin