Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Telegraph UK / დიდი ბრიტანეთი

ჩარლზ მური

 

  ახლახან, შვედეთში ყოფნისას, აღმოვაჩინე სიტყვა – rysskräck-ი. ის ითარგმნება, როგორც „რუსების შიში“, ერთგვარი „რუსოფობია“

მანამდე, ერთი თვის წინ, მოვინახულე უკრაინული ქალაქი –  პოლტავა. სწორედ პოლტავის ბრძოლაში, 1709 წელს, პეტრე დიდმა შემუსრა შვედეთის მეფე კარლოს XII.  დამარცხება იყო იმდენად გამანადგურებელი, შვედები ისეთმა ძრწოლამ მოიცვა, რომ გაჩნდა ახალი ტერმინი – rysskräck-ი.

პოლტავის ბრძოლამ დალეწა შვედეთის იმპერია, უკრაინა მოაქცია მოსკოვის დაქვემდებარებაში და რუსეთი აქცია დომინანტ სამეფოდ ევროპის ჩრდილოეთში. მას შემდეგ, არა მხოლოდ შვედები, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებიც, აგერ უკვე 3 საუკუნეა, რაც თავს ვერ გრძნობენ დალხენილი. ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გასული წლის თებერვალში, ეს შეგრძნება გამძაფრდა ისე, როგორც არასდროს  – 1940-იანი წლებიდან მოყოლებული. სწორედ აქედან მომდინარეობს ფინეთის წარმატებული განაცხადი ნატოში გაწევრიანების თაობაზე და შვედეთის ალიანსში შესვლის მოთხოვნა, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

მეცნიერები დღემდე ბჭობენ, რას ნიშნავს ეს – rysskräck-ი, რუსეთის ხელისუფლების, თუ ზოგადად რუსების მიმართ შიშს. უკრაინელები სულ უფრო მეტი დაჟინებით ირწმუნებიან, რომ პრობლემა მხოლოდ პუტინსა და მის გარემოცვაში კი არაა, არამედ ამგვარი სულისკვეთებისაა თავად რუსი ხალხი. ქუჩებისთვის სახელების შეცვლა, რომლებიც დიდი რუს მწერლებს, ვთქვათ პუშკინსა და დოსტოევსკის გვახსენებენ, უკრაინაში სულ უფრო მეტ ძალას იკრებს. რუსულ ენაზე მოსაუბრეებს კი ალმაცერად უმზერენ. ახლახან პორტუგალიაში გამართულ კონფერენციაზე, გახმიანდა უკრაინელების თვალსაზრისი, რომ რუსეთის მიჩნევა ევროპული ცივილიზაციის ნაწილად – პრინციპული შეცდომაა.

ეს პოზიცია გასაგებია, მაგრამ არსებობს საკითხის მეორე მხარეც. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბობს შემზარავი ცნობები რუსების ქმედებათა  შესახებ, უკრაინელებისთვისვე აჯობებს, რომ გააცნობიერონ:  მტრულ სახელმწიფოშიც კი ყველა როდია მხეცი და არაკაცი. 1945 წელს, ჩვენ სწორედ ეს პოზიცია გვქონდა გერმანელების მიმართ – შეუძლებელია ყოველი მათგანი იყოს არაადამიანი. ეს მაშინ რწმენის დონეზე ხდებოდა და ეს არ იყო რაციონალური მსჯელობის შედეგად გამოტანილი დასკვნა… ჩვენ ამგვარი დიდსულოვნება  – ასმაგად დაგვიფასდა.

თუ უკრაინამ გაიმარჯვა  – დასავლეთის ჯეროვანი დახმარების შედეგად კი აუცილებლად ასე მოხდება, პრეზიდენტ ზელენსკის მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა და მიმართვა თავისი ხალხისადმი, რომ რუსებიც ადამიანები არიან.

By admin