The Times of Israel ისრაელი
ოთხშაბათს, 12 ივლისს, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გვაუწყა, რომ მან მიიწვია ისრაელის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში, მაგრამ სხვა მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებით, ნეთანიაჰუმ არ მიიღო მისი ეს წინადადება
ისრაელის ტელეკომპანია Kan-ის რეპორტიორმა ზელენსკის ჰკითხა უკრაინისა და ისრაელის ურთიერთობაზე ვილნიუსის სამიტზე გამართული პრესკონფერენციის დროს.
„ნეთამიაჰუ მიიწვიეს უკრაინაში. მე დავპატიჟე 2 სხვა პრემიერ-მინისტრიც, რომლებიც ნეთანიაჰუმდე იყვნენ – უპასუხა ზელენსკიმ (ის გულისხმობდა – ნაფთალი ბენეთს და ოპოზიციის ამჟამინდელ ლიდერ – იაირ ლაპიდს) – მინისტრები სხვადასხვაა, შედეგი კი ერთი და იგივე“.
ზელენსკიმ აქცენტი ასევე გააკეთა უკრაინის ინტერესზე, მოიპოვოს ისრაელის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, კერძოდ ანტისარაკეტო სისტემა – „რკინის მუზარადი“.
„ჩვენ ეს (გადაცემა) მოვითხოვეთ კონფლიქტის დასაწყისში, მაგრამ შედეგი იგივეა, რაც პრემიერ-მინისტრების შემთხვევაში იყო – განმარტა მან – თვეები გადის, შედეგი კი არ ჩანს, სამწუხაროდ“.
გასულ უქმეებზე ისრაელის ელჩმა უკრაინაში – მახაილ ბროდსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ კიევი, გაეროში ხშირად აძლევს ხმას ანტიისრაელურ რეზოლუციებს. ბროდსკის თქმით, ასეთი რეზოლუციები – საერთო რაოდენობის 90%-ს შეადგენს.
ინტერვიუში, რომელიც შაბათს ინტერნეტ-გამოცემა „ზერკალო ნედელი“-ში გამოქვეყნდა, ბროდსკიმ კიევის პოზიციას უწოდა „ არანორმალური მდგომარეობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ხშირად მიმართავს ისრაელს სხვადასხვა თხოვნით“.
ისრაელმა მხარი დაუჭირა პროუკრაინულ პოზიციას გაეროში, მათ შორის მოუწოდა რუსეთს დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში, თუმცა დასავლელი მოკავშირეებისგან განსხვავებით, ისრაელმა უარი თქვა უკრაინის პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე, მიუხედავად ამ უკანასკნელის მრავალჯერადი თხოვნისა.
გასულ კვირაში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისთან იხმო უკრაინის ელჩი, მას შემდეგ, რაც მან მწვავე გამოთქმები გააკეთა და ისრაელი რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ მას ვუთხარით, რომ ამგვარი კომენტარები, მას არ წაადგება – გვითხრა ისრაელის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა – ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ორმხრივი ურთიერთობის გაფუჭება“.
ნეთანიაჰუმ გამორიცხა უკრაინისთვის „რკინის მუზარადის“ გადაცემა და ეს იმ საფრთხით ახსნა, რომ ასე საიდუმლო ტექნოლოგიები – შესაძლოა ირანს ჩაუვარდეს ხელში.