Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Point  საფრანგეთი

 

      ინსულტისაგან დაუძლურებული, ახლობლების დაკარგვით განადგურებული, ფრანგული კინოს მარტოხელა ბებერი ლომი, ცდილობს გაუმკლავდეს გარემოცვისგან მომდინარე მორალურ წნეხს

ალენ დელონის სევდიანი ფინიშის სწორი… საკუთარ მამულში,  დუშში (მდინარე ლუარის ხეობა) განმარტოებული „მხცოვანი სამურაი,“ ძირითადად მოგონებებით ცხოვრობს. მარტოობა და წარსულის აჩრდილები – სულ ესაა, რაც მას შემორჩა.

განდეგილობა, რომელიც მან აირჩია, გამოწვეულია დღევანდელი დასვლური სამყაროს მიუღებლობით. სიტუაცია მოულოდნელად დამძიმდა გასულ წელს, ასე თვლის მისი ვაჟი ენტონი, რომელიც ყოველივეში ბრალს სდებს – განმარტოებული მსახიობის თანმხლებ ქალბატონს. ესაა იაპონელი ჰირომი როლინი, რომელიც ერთდროულად მსახიობის თანამგზავრიცაა, მდივანიც და მომვლელიც.

მათ ერთმანეთი გადაღებაზე გაიცნეს, სადაც ჰირომი ასისტენტად მუშაობდა, თუმცა გავიდა რამდენიმე წელი, ვიდრე ის ხელოვანის უახლოეს გარემოცვაში აღმოჩნდებოდა. ეს პროცესი დაჩქარდა ინსულტის შემდეგ, 2019 წელს. დელონის ჯანმრთელობის რეაბილიტაცია, დუნედ წარიმართა, საზოგადოებას კი მსახიობი, ამ ქალბატონს აცნობდა, როგორც თავის „იაპონელ თანამგზავრს“, რომელიც მასზე ზრუნავდა და ეხმარებოდა გამოჯანმრთელებაში. თუმცა, როგორც ჩანს, მცირე ხანში, ის უკვე დომინირებდა სახელგანთქმულ მსახიობზე. ხელოვანის ნათესავები ამბობდნენ, რომ დელონთან მათი ურთიერთობა შემოიფარგლებოდა ელექტრონული ფოსტით და ამ გზითაც, ისინი პასუხს, ხშირად ვერ იღებდნენ. მაგალითად მსახიობის ნათლულმა ჟერალდინ დანონმა  BFMTV-ს უთხრა, რომ მას  უშუალო ურთიერთობა  ნათლიასთან, უკვე ერთი წელია აღარ ჰქონია. ადრე კი ისინი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ,  სულ ცოტა „თვეში ერთხელ“.

რაც შეეხება ჰირომის, დელონის შვილებს, მასზე ეჭვი ჯერ კიდევ 2021 წლის დამლევს გაუჩნდათ. იმხანად ენტონის, უფროსს დელონების კლანიდან, ოჯახურ ვახშამზე კამათი მოუხდა ჰირომისთან: მან ის ამხილა იმაში, რომ ჰირომიმ სამი შვილიდან არც ერთს არ შეატყობინა მამის დავარდნა, რის შედეგად მან ღამე გააატარა საავადმყოფოში – მსახიობს შუბლზე არაერთი ნაკერი დაადეს.

                                               სასტიკი მოპყრობა ძაღლთან

ამ ფაქტის შემდეგ, ენტონის ეჭვი გაუმძაფრდა და ჰირომის თვალის დევნება დაიწყო. აგროვებდა მტკიცებულებებს „უმწეო ადამიანის ბოროტად გამოყენების ბრალდებით“. „მამაჩემი, როგორც ჩანს, შეეგუა ისეთ ცხოვრებას, რომელიც ადრე არ მოსწონდა. ეტყობა, მის ასეთ დასასრულს, მიიჩნევს რაღაცის საზღაურად – უთხრა მან AFP-ის ჟურნალისტებს – არა სულიერი სიმშვიდის, არამედ მარტო დარჩენის შიშით, ის იძულებულია იცხოვროს უცნობ ადამიანთან“.

გასულ კვირაში, მოხდა რაღაც გაუგებარი. ალენ დელონმა შვილს დაურეკა და შესჩივლა, რომ ჰირომიმ მისი ძაღლი სახელად ლებო („ მალინუას“ იშვიათი ქვესახეობის ნაგაზი) წაიყვანა სადღაც მონტარჟში და ქოხში გამოკეტა. ვარსკვლავის მოთმინების ფიალა აივსო. ძაღლებს დელონი თავის ყველაზე ერთგულ მეგობრებად თვლიდა და დაახლოებით 50 მათგანი  – დამარხული ჰყავს დუშიში. ის, ამ სამარხებს, რეგულარულად სტუმრობს.

„ძაღლები ჩემი ცხოვრების სიყვარულია –  აღიარა მან  Paris Match-თან, 2018 წელს. ადამიანი ძაღლს ჰგავს. უნდა ვაღიარო, რომ მე ისინი გაცილებით მიყვარს, ვიდრე ადამიანები… მიყვარდა ერთი-ორი პიროვნება, მაგრამ მათ გარეშე ცხოვრება მოვახერხე, ძაღლის გარეშე კი არ შემიძლია“.

ძაღლის მოცილებამ და მისმა გამოკეტვამ, როგორც ჩანს, დეტონატორის ფუნქცია შეასრულა ამ კონფლიქტში. ალენმა და მისმა სამმა შვილმა სარჩელი შეიტანეს ჰირომის წინააღმდეგ, მას მამულიდან აბარგება მოსთხოვეს და სახლში საკეტებიც კი შეცვალეს.

ეს მორიგი დარტყმაა ხელოვანისთვის, რომელიც მძიმედ ასრულებს სიცოცხლეს და ეძებს სიმშვიდეს. ინსულტისაგან დაუძლურებული, ის ახლა ხელჯოხით გადაადგილდება, ცხოვრობს მოგონებებსა და სინანულში ჩაძირული, მისტირის დაკარგულ ახლობლებს. ბოლო ასეთი ადამიანი, მისი მეუღლე ნატალი იყო, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით 2021 წელს გარდაიცვალა. ახლა ალენი ერთადერთია იმ მეგობართა ამქრიდან, რომელშიც შედიოდნენ რეჟისორი კასელი, მსახიობები ბელმონდო და ტრენტინიანი.

კიდევ  დარჩა ბრიჟიტ ბარდო, რომელსაც ის ხშირად ურეკავს და რომელთანაც უყვარს სიკვდილზე საუბარი. „სიცოცხლემ ჩემთვის აზრი  დაკარგა, ბევრი რამ გადავიტანე და ბევრიც ვნახე. მთავარი კი ისაა, რომ მძულს ეპოქა, რომელიც ახლა საფრანგეთში დგას – ყველაფერი ყალბია, ყველაფერი შერყვნილი, აღარ არსებობს ღირსეული ადამიანების პატივისცემა, დაგპირდებიან რაიმეს და შემდეგ სიტყვას ტეხენ“… ბოლოს კი დასძინა: „ვიცი, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ“.

 

 

By admin