Lidovky ჩეხეთი
შტეპან ჰობზა
უქმეებზე, რუსეთმა ისევ მიიტანა იერიში რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით ოდესის ოლქზე, უკრაინის სამხრეთში. კიევის ცნობით, უკრაინელებმა გაანადგურეს სამიდან ორი რაკეტა და რვიდან შვიდი უპილოტო აპარატი – „შაჰიდი“, ასევე დამატებით 4 დრონი, რომელთა იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება
ეს დარტყმა – მხოლოდ ერთ-ერთია მსგავსი იერიშების სერიიდან, რომელიც რუსებს გააფთრებით მიაქვთ მეზობელი ქვეყნის სამხრეთში – უკრაინელთა კონტრშეტევის დაწყების დღიდან. ორი კვირის წინ, ოდესაზე რუსული „კალიბრების“ დარტყმის შედეგად, დაიღუპა მინიმუმ 3 კაცი, ხოლო 13 დაიჭრა – ერთი რაკეტა მოხვდა სავაჭრო ქსელის საწყობს.
საშიში ვერტმფრენები
ამ იერიშების მიზანი, სავარაუდოდ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადატვირთვაა. კიევს უწევს მათი დიდ ქალაქებში თავმოყრა, მაგალითად კიევსა და ოდესაში, ფრონტზე ნაწილების ეფექტიანი საჰაერო დაცვა კი ვერ ხერხდება, რადგან ბატარეები არ კმარა. ამდენად ფრონტზე, განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილში, რუსებს დიდი უპირატესობა აქვთ ჰაერში. უკრაინული კონტრშეტევა ადგილს ტკეპნის, მეთაურები ცდილობენ, როგორმე თავიდან აირიდონ დიდი მსხვერპლი.
შვეიცარიული გამოცემა „ნოიერ ზურჰეტ ცაიტუნგ“-ის შეფასებით, ახლახან რუსეთის მეთაურობამ სამხრეთ ფრონტზე კიდევ 20 თანამედროვე ვერტმფრენი – Ка-52 გადაისროლა. ის ბრწყინვალედ უმკლავდება სახმელეთო სამიზნეებს, ვინაიდან ფრენს დაბალ სიმაღლეზე და მოქმედებს ღამის განმავლობაშიც, ხოლო ანტისარაკეტო ჭურვებს 8 კილომეტრზე ისვრის.
ამდენად, კონტრშეტევისთვის, რომელიც უპირატესად ჯავშანნაწილებით მიმდინარეობს, ეს ვერტმფრენები წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს. „ბრიტანული სპეცსამსახურების შეფასებებით, რომლებიც განსაკუთრებული ოპტიმიზმით გამოირჩევიან, ეს ვერტმფრენები მხოლოდ დროებით უზრუნველყოფს რუსების უპირატესობას“- წერს შვეიცარიული გამოცემა.
ვერტმფრენების გარდა, რუსები (უკრაინის სამხრეთში) ადრინდელზე ხშირად იყენებენ გამანადგურებლებსა და ბომბდამშენებს. მაგალითად Су-24-ს შეუძლია 560 კილოგრამიანი ბომბის – КАБ-500-ის წაღება, რომელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიზუსტით, მაგრამ უაღრესად დამანგრეველია. უკრაინის სამხრეთ ტრამალებზე, მისი ეფექტი იზრდება: მისი აფეთქება კარგად ჩანს და ისმის დიდი მანძილზე. ასე რომ უკრაინელ მებრძოლებზე ხდება ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც.
შეცვლილი რუსული ტაქტიკა
ეს ტაქტიკა გულისხმობს ბრძოლის ისე წარმოებას, რომელიც პრინციპულად განსხვავდება იმისგან, რასაც ვხედავდით შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან წელიწად ნახევრის განმავლობაში, როცა რუსები თითქმის არ იყენებდნენ ავიაციას, მიუხედავად მათი დიდი უპირატესობისა ჰაერში. კრემლის საჰაერო ფლოტი, სიდიდით 10-ჯერ აღემატება კიევისას და მას შეუძლია 1500-მდე საავიაციო ერთეულის გამოყენება.
ამას გარდა, ეს თვითმფრინავები ბევრად უფრო თანამედროვეა, ვიდრე საბჭოური წარმოების МиГ-29 -ები. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელესკი არაერთხელ ითხოვდა მისთვის დასავლური ხომალდების გადაცემას, მაგრამ ჩრდილოატალანტიკური ალიანსის ლიდერებმა, მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს.
თავიდან რუსეთი უფრთხოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რამაც ბევრი ანალიტიკოსი მიიყვანა ერთ დასკვნამდე: ამ შეიარაღებულ კონფლიქტში, ავიაცია არ შეასრულებდა ჯოკერის როლს. „ჯერჯერობით გამანადგურებლები სახმელეთო ბრძოლებში არ ასრულებს მთავარ როლს. ომის ბედი ხმელეთზე გაირკვევა. მიუხედავად ამის, ვფიქრობ, რომ ბრძოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მძიმე შეიარაღების მოპოვება, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად“- ამბობს გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ჯერ კიდევ თებერვლის პოდკასტზე, აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი – რობერთ გეითსი.