DNES.cz ჩეხეთი
მიროსლავ კორეცკი
1991 წელს, ევროპაში ერთთვიანი მოგზაურობის შემდეგ, მატარებლის სტუდენტური ბილეთით სახლში ვბრუნდებოდით. თავიდან მრავალრიცხოვანი კომპანია, მგზავრობის დროს დაიშალა. მე და ჩემმა მეგობარმა გოგონამ, დაღლილებმა, დამტვერიანებულებმა და ჯიბეგაფხეკილებმა, 20 აგვისტოს ბერლინში ამოვყავით თავი – ეს იყო ბოლო გაჩერება პრაღამდე
„ბერლინ-ჰაუპტბანჰოფის“ სარკინიგზო სადგურზე, ჩვენი ყურადღება საგაზეთო კიოსკებმა მიიპყრო, რომელთა წინ ხალხი გაცხარებული საუბრობდა. მიუხედავად ჩვენი დამტვრეული გერმანულისა, იმდენი გავიგეთ, რომ რუსეთში რაღაც ხდებოდა. საბჭოთა კავშირი ჯერ არ იყო დაშლილი.
ჩვენ არ გვესმოდა კონტექსტი, ინტერნეტისა და სმართფონების ერამდე დიდი მანძილი იყო დარჩენილი, ეკონომიის მიზნით, არც გაზეტებს ვყიდულობდით და არც ტელევიზორს ვუყურებით. მიუხედავად ამისა, ყურმოკრული ფრაგმენტების შეკოწიწებით, დაიხატა შემდეგი სურათი: სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი და კომუნისტური პარტიის კონსერვატიული ფრთის წევრები მეთაურობდნენ, იზოლირებული საბჭოთა პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი, დემონსტრაცია მოსკოვში, ტანკზე შემდგარი რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი…
სწორედ ეს შეგრძნება გამიახლდა შაბათს, როცა რუსეთიდან შფოთიანი ცნობები წამოვიდა. თუმცა მსგავსი განწყობა მქონდა 1993 წელსაც, როცა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად გაჩაღებულ ბრძოლაში, ელცინმა ბრძანება გასცა – პარლამენტისთვის სატანკო ცეცხლი გაეხსნათ. იგივე განცდა მქონდა კიდევ რამდენიმეჯერ: ჩეჩნეთის კრიზისის, ყირიმის მიტაცებისა და უკრაინაში ომის გაჩაღების დროს… მოკლედ „აღმოსავლური დათვის“ მეზობლად, ადრენალინის პერიოდული მოზღვავება გარანტირებული გაქვს.
მაშინ, 1991 წელს, ბერლინში დაგეგმილზე 2 დღით მეტხანს დავრჩით. დღევანდელი გადასახედიდან, იქნებ ეს ისტერიული რეაქცია იყო – დანამდვილებით არავინ იცოდა, რას უქადდა მოსკოვური ქარტეხილები ჩეხოსლოვაკიას. ჩვენი ახალი რეჟიმი, ჯერ კიდევ მყიფე იყო, ბერლინი კი გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნამდვილ დასავლეთს წარმოადგენდა.
დღეს ისიც, ვისაც რისხვა იპყრობს პუშკინის ან ოვეჩკინის ხსენებაზეც კი, აღიარებს, რომ რუსეთი იყო და არის ამოუცნობი სახელმწიფო, რომლის იმედი – არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით – არ უნდა გქონდეს. ისღა გრჩება, გაითვალისწინო მისი სპეციფიკა, არ მოახდინო კრემლის პროვოცირება, არც კუდი უნდა უქიცინო, უბრალოდ თავი შორს უნდა დაიჭირო და ელოდო … როდის „გამოაგდებს“ მორიგ „ოინბაზობას“.