Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Telegraph  დიდი ბრიტანეთი

რიჩარდ კემპი

 

საეჭვოა უკრაინამ მოიპოვოს სწრაფი და გადამწყვეტი გამარჯვება. ნატომ უნდა მიიღოს ზომები, რომ საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციას ბზარი არ გაუჩნდეს

ნატო აუცილებლად უნდა ემზადოს იმისთვის, რომ უკრაინის კონტრშეტევა დასრულდება წარუმატებლად. ჯერჯერობით უკრაინის მიღწევები შეზღუდულია. მას, ვისაც სჯერა ელვისებური გარღვევისა, როგორც წესი, იმედგაცრუება ელის. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა გერმანული ჯავშანტექნიკა პოლონურ კავალერიაზე ლაშქრობს, ან ამერიკული „შოკი და თროლვა“, რომელიც დემორალიზებული ერაყის არმიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მაშინ, როცა ამ უკანასკნელს მხოლოდ ძველი ტანკები აქვს, ჰაერიდან მხარდაჭერა კი არა.

ახლა  ჩვენ თვალს ვადევნებთ გამოფიტვაზე ბრძოლის მსგავსს, როცა შემტევ ძალებს იერიში მიაქვთ კარგად გამაგრებულ თავდაცვით ხაზებზე. ოპერაციის მიმდინარე სტადია, წარმოადგენს ე.წ ბრძოლას დაზვერვით – 4 სხვადასხვა მიმართულებაზე: უკრაინელები სცდიან რუსულ პოზიციებს, რათა გამოავლინონ სუსტი ადგილები, რომლებიც კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს არტილერიისა და ჯავშანსატაკო რეზერვის ზემოქმედებით.

ამ დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგის მოტყუება: უნდა შეუტიო მაქსიმალურად ბევრ უბანზე, რათა რუსებმა იმკითხაონ, რომელ ადგილზე მიმართავს უკრაინა ძირითად დარტყმას. მაგრამ საბრძოლო მოქმედებების დროს, ოპერაციები იშვიათად მიდის გეგმის მიხედვით, შესაბამისად კიევის წარმატების შანსი, უკიდურესად მცირეა. რუსეთის გენშტაბის უფროსს – გენერალ ვალერი გერასიმოვს, უმრავი დრო და რესურსები ჰქონდა საიმისოდ, რომ ეფექტიანი თავდაცვა მოემზადებინა. ამას გარდა, რუსებს აქვთ რიცხობრივი უპირატესობა პრაქტიკულად ყველაფერში – ადამიანური რესურსიდან დაწყებული, ტანკებითა და არტილერიით დამთავრებული, რაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

ცალკე საკითხი, არის ავიაცია. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, წარმატებას ჰაერში გაბატონების ხარჯზე აღწევდნენ. უკრაინელებს ასეთი უპირატესობა არა აქვთ და კარგად დავინახეთ, ეს რა უჯდება: ბრძოლის ველის კადრებში, მკაფიოდ ჩანს ამერიკელების მიერ მიწოდებული საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და გერმანული ტანკები „ლეოპარდ-2“, განადგურებული რუსული დამრტყმელი ვერტმფრენების ცეცხლით.

ასე რომ, ეს კონტრშეტევა შეიძლება ნაირგვარად განვითარდეს. ერთი რამ ცხადია: უკრაინელების გამარჯვება ვერაფრით იქნება გარანტირებული. ჩვენ ვხედავთ, როგორი შფოთის ნოტები გამოსჭვივის   განცხადებებეში, რომელთაც თეთრი სახლი აქვეყნებს. ამის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ფიქრობს, თუ როგორ აისახება მის პოლიტიკურ პროგრამაზე უკრაინული კონტრშეტევის შედეგები, ბრძოლის ველზე კი უცილობელი გამარჯვება არ იკვეთება.

პირველი ეპისტოლე კორინთელების მიმართ გვამცნობს: „და უკეთუ საყვირმან უჩინოდ ხმაი გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად?“. თუკი ნატოს სამიტზე, რომელიც ივლისში ვილნიუსში იმართება,  ალიანსის წევრები ჩაიხედავენ ჩაფლავებული კონტრშეტევის უფრსკრულში, მერყევი და გაუბედავი ხმები იმატებს.

მათ, ვინც მთლიანობაში ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში იარაღის გაგზავნას, ექნებათ ახალი არგუმენტი: უკრაინას არა აქვს საკმარისი ძალა, რომ რუსეთზე გამარჯვება მოიპოვოს. არაფერს ვამბოთ იმაზე, რომ მიმდინარე წელს, ბევრი ქვეყანა, უფრო დუნე რეაქციას ავლენს, ვიდრე  ამას შექმნილი კრიზისი მოითხოვს. დღეს კიევს გაცილებით მეტი ლეოპარდი ექნებოდა, ამას გერმანია რომ არ შეწინააღმდეგებოდა და იქნებ ცაში F-16-ებიც გვეხილა, მისი მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილება ვაშინგტონს – ერთი წლის წინ რომ მიეღო.

რისკი მდგომარეობს იმაში, რომ ისეთმა ლიდერებმა, როგორიც არიან ემანული მაკრონი და ოლაფ შოლცი, შესაძლოა წლის დამლევს, კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ უბიძგონ. ევროპის ასეთი მერყეობა  შეასუსტებს ბაიდენის პოზიციებს კონგრესში – დიდია იმის ალბათობა, რომ წარმომადგენლობით პალატაში, რესპუბლიკელები შეეცდებიან დააბრკოლონ უკრაინისთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფა. ეს არ იქნება მართებული ნაბიჯი. თუ კონტრშეტევა წარუმატებლად დასრულდა, მაშინ დასავლეთმა სერიოზულად უნდა წამოჭრას საკითხი, თუ როგორ უნდა გაიზარდოს უკრაინის შემტევი პოტენციალი. ეს მხარდაჭერა უნდა გამყარდეს კიევისათვის ნატოში გაწევრიანების მკაფიო გეგმის მინიჭებით. ვილნიუსში ალიანსის ლიდერებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: თუ ჩრდილოატალანტიკური ალიანსით ზურგგამაგრებულ უკრაინას არ ძალუძს რუსეთის დამარცხება, მაშინ,  აზრი აქვს კი ნატოს არსებობას?

By admin