MILITARY WATCH MAGAZINE აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აგერ უკვე მეთექვსმეტე თვეა გრძელდება და ამ დროის განმავლობაში – არტილერია, ჯავშანტექნიკა, რაკეტები და სახმელეთო ჯარების სხვადასხვა შეიარაღება, უმოწყალოდ იხარჯება. ორივე მხარის მარაგები, სწრაფად იწურება. რუსეთმა თავისი საექსპორტო მოცულობების ნაწილი, გამოიყენა საკუთარი სამხედრო საჭიროებებისთვის და ინვესტიციებს დებს საბჭოთა ეპოქის დროინდელი უზარმაზარი სამრეწველო სიმძლავრეების განახლებაში, რომელიც საუკეთესო იყო სახმელეთო თუ საჰაერო იარაღის ყველა სახეობის შექმნის მხრივ. იმავდროულად, უკრაინა, რომელმაც ამოწურა საკუთარი საბჭოური პერიოდის მარაგები, მთლიანად დამოკიდებულია დასავლურ შეიარაღებაზე. ბევრი დასავლური ქვეყანა, თავიდანვე არ იწვოდა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის სურვილით. ამ მხრივ, მხოლოდ ბრიტანეთი, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები წარმოადგენდნენ გამონაკლისს
მიუხედავად ამისა, ეს დამოკიდებულება სწრაფად შეიცვალა, ვინაიდან დასავლური ბლოკისთვის რუსეთის დამარცხება მთავარ ამოცანად იქცა. თუმცა, რადგან ნატოს მარაგები იწურება, განსაკუთრებით კი ევროპაში, დასავლეთს უკრაინისთვის გადასაცემი იარაღის მოძიება სხვა ადგილებში უწევს. რუსეთი პარალელურად ზრდის ტექნიკის მწარმოებელ ინდუსტრიას, რომელიც, როგორც ამბობენ, თავისი შესაძლებლობებით აღემატება – ერთად აღებული ნატოს ყველა ქვეყნისას.
დასავლეთის ბოლო ძიებების ფონზე, 2 ივნისს გახმიანდა, რომ აშშ-ს სურს ტროტილის შეძენა იაპონიისგან, რათა გააფართოვოს უკრაინისთვის მისაწოდებელი საარტილერიო ჭურვების წარმოება. მართალია იაპონია კრძალავს იარაღის მიწოდებას საომარ ზონებში, მაგრამ ტოკიო – სავარაუდოდ დაუშვებს გამონაკლისს. თუნდაც იმ საბაბით, რომ ტროტილი უკრაინას სჭირდება არასამხედრო დანიშნულებით. იაპონია იყო ერთ-ერთი იმ სამი არადასავლური ქვეყნიდან, რომელმაც მხარი დაუჭირა ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ – იგივე ითქმის სინგაპურსა და სამხრეთ კორეაზე.
ამასთან სეული, წნეხის შედეგად, იძულებული შეიქნა უკრაინისთვის იარაღი მიეწოდებინა. ამ ქვეყნის მარაგში არსებული არტილერია გადაეცა აშშ-ს, რათა ამ უკანასკნელს მიეწოდებინა ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. იაპონიის ქარხნების მიერ გამოშვებული ტროტილი, გამოიყენება 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების გამოსაშვებად, რომლის დანახარჯიც იზრდება იმ დროიდან, რაც ამ კალიბრის შეიარაღება უკრაინის არმიამ მოიპოვა ნატოს რამდენიმე წევრი-ქვეყნიდან. ეს გაპირობებულია იმით, რომ ამ ომში, არტილერია ორივე მხარისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. გერმანული და იტალიური ქვემეხები, რომლებიც უკრაინას მიეწოდება, ხშირად სრულიად გამოუსადეგარია, მაგრამ ჰაუბიცებმა – M777- მა, რომელთაც აშშ აწვდის უკრაინას, თავი კარგად წარმოაჩინეს ბრძოლაში, ხოლო ამერიკული საარტილერიო მართვადი ჭურვები – M -982 EXCALIBUR – მრისხანე ძალაა ბრძოლის ველზე.
იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ერთად, მაროკო და იორდანიაც იქცნენ უკრაინის მსხვილ მიმწოდებლებად. პირველმა გაიღო ტანკი T-72, ხოლო მეორე, როგორც 1 ივნისს გაირკვა, უკრაინას გაუგზავნის თვითმავალ საზენიტო დანადგარებს – GEPARD-ებს. იორდანიამ 2013 წელს ნიდერლანდებისგან 60 ერთეული ნახმარი 35 მმ-იანი ქვემეხი და 350 000 ჭურვი შეიძინა. ადრე ამ ქვეყანამ უკრაინისთვის გადასაცემად, დასავლეთს მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და ახლო მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ამას გარდა, არაერთხელ ითქვა, რომ საუბარია იორდანიის ჩამოწერილ ტანკებზე – CHALLENGER-1-ებზე, რომლებიც მიუხედავად ასაკისა, ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანია, ვიდრე ბევრი მანქანა, რომელიც იგზავნება საომარ ზონაში, იგივე ლეოპარდ 2A4-ი და ტანკი M-55-ი. გახმიანდა, რომ ბრიტანული სპეცსამსახურები განსაკუთრებით გააქტიურდნენ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის შავ ბაზრებზე, ისინი ცდილობენ იყიდონ იარაღი, რომელიც გამოადგება უკრაინას საომარი მოქმედებისას.
რაც შეეხება დასავლეთის უშრეტ ძალისხმევას უკრაინისთვის იარაღის მოძიებისა, ამ ფონზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა – ბენ უოლესმა 2 ივნისს განაცხადა, რომ მარაგების ხარჯვის მაღალი ტემპის გამო, დასავლეთის ქვეყნები იძულებულნი არიან – შეიარაღება საერთაშორისო ბაზრებზე მოიძიონ: „რეალობა ამგვარია, ჩვენ ყველაფერი გვითავდება“ – თქვა მან ნატოს წევრების შეიარაღებაზე. ცნობები უკრაინის მარაგების მდგომარეობაზე, სულ უფრო მძიმდება. ეს უპირველესად ეხება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც ამოწურვის პირასაა და მათ შევსებას, დასავლური ქვეყნები ძალზე შეზღუდულად ახერხებენ.
დიდმა ბრიტანეთმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა, დაჟინებით მოითხოვეს აშშ-სგან, რომ მას ნება დაერთო უკრაინისთვის გამანადგურებელ F-16-ის მიწოდების თაობაზე, რაც კიევს გაუიოლებს საჰაერო ბრძოლებს. თუმცა F-16-ის ასაკი და მისი თანამედროვე ვარიანტების დეფიციტი, ეჭვქვეშ აყენებს მის ბრძოლისუნარიანობას ისეთი ინტენსივობის ბრძოლებში და ისეთ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც აქვს საუკეთესო საჰაერო თავდაცვა. ეს გამანადგურებელი შემუშავებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში და მცირედით თუ სჯობს საბჭოურ თვითმფრინავებს, რომლებიც უკრაინას აქვს.
ლონდონმა ითამაშა წამყვანი როლი, როდესაც თავის სახმელეთო კონტიგენტი გაგზავნა კონფლიქტის ზონაში.
2022 წლიდან, სამეფო საზღვაო ძალები წინა ხაზზე იმყოფებიან და ისინი ასრულებენ მაღალი რისკის სამუშაოებს, ამავე დროს ქვედანაყოფი – SAS-ი, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე იმყოფება უკრაინაში. სპეცრაზმელები მოქმედებენ „უხილავი ქსელის“ ფარგლებში, რომელიც ადგილებზე დაკომპლექტებულია დასავლური პერსონალით. ისინი ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს: რეალურ ბრძოლებში მონაწილეობიდან დაწყებული, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფით, ხელმძღვანელობითა და კონტროლით დამთავრებული. ნატოს თანმგზავრულმა ქსელმა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა, ასევე დიდი როლი შეასრულა. სულ უფრო მეტი ანალიტიკოსი ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა აშკარაა იარაღის უკმარისობა და კონფლიქტის გამომფიტავი ხასიათი, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის, თუ ვინ უკეთ შეძლებს შეარაღების მოძიებას. დიდი ალბათობით დამარცხდება ის ქვეყანა, რომელიც უფრო მწვავედ შეიგრძნობს იარაღის დეფიციტს. ამდენად უკრაინის შეიარაღებას ენიჭება უაღრესი მნიშვნელობა და საამისოდ ნატოს წევრი ქვეყნები, მიდიან საკუთარი პოტენციალის გამოფიტვაზეც კი.