ISW აშშ
კატერინა სტეპანენკო, რაილი ბეილი, გრეის მეპსი, ნიკოლ ვოლკოვი, ფრედერიკ უ. კაგანი
27-28 მაისის ღამეს, რუსულმა არმიამ – ომის დაწყებიდან ყველაზე დიდი შეტევა მიიტანა უკრაინაზე უპილოტო „შაჰედებით“. უკრაინის გენშტაბი იტყობინება, რომ რუსულმა მხარემ გამოიყენა 59 უპილოტო „შაჰედ 131/136“, რომელთაგან უკრაინელებმა ჩამოაგდეს 58
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა – იური იგნატმა, ეს შეტევა შეაფასა, როგორც ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის დაწყების დღიდან და განაცხადა, რომ რუსეთის ძირითად სამიზნეს წარმოადგენდა კიევი. ჟიტომირის ოლქის ხელმძღვანელი – ვიტალი ბუნჩენკო იუწყება, რომ რუსულმა უპილოტოებმა დაარტყეს ინფრასრტუქტურის დაუდგენელ ობიექტს. საავიაციო საბრძოლო მასალების მიმართვა კიევისკენ, ნაცვლად იმისა, რომ პრიორიტეტი ენიჭებოდეს ინფრასტრუქტურულ და სამხედრო ობიექტებზე იერიშს, ზღუდავს რუსული საჰაერო კამპანიის შესაძლებლობებს, შეაკავოს უკრაინელების მოსალოდნელი კონტრშეტევა. ამის შესახებ ISW – ადრეც საუბრობდა.
დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფინანსებელი – ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტში დამხმარე ძალების შესვლის თავდაპირველმა ვადამ – პირველმა ივნისმა, შესაძლოა გადაიწიოს 5 ივნისამდე. 28 მაისს პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლების გასვლამ ქალაქიდან, შესაძლოა დამატებით რამდენიმე დღე გასტანოს, რადგან „ვაგნერს“ არ შეუძლია მთელი ტექნიკა მარტივად გაიტანოს 1 ივნისამდე. პრიგოჟინის თქმით, 5 ივნისისთვის, „ვაგნერის“ ძალები აპირებენ, ბახმუტიდან სრულად გასვლის შემდეგ, ზურგის საველე ბანაკებში განთავსებას. 28 მაისს, Washington Post-ი იტყობინებოდა, რომ „ვაგნერის“ ძალები ტოვებენ ბახმუტს, ხოლო მათ პოზიციების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას იღებს რეგულარული არმიის პერსონალი. უკრაინული მხარე ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა ქალაქ ბახმუტში რეგულარული ძალები თანდათან ავიწროვებენ „ვაგნერს“. რუსულმა წყაროებმა შეავსეს 27-28 მაისის ვიდეოჩანაწერები ახლით, რომლებზეც, მათი თქმით, წარმოდგენილნი არიან მოხალისეთა ბატალიონის -„ნევსკის“ და არარეგულარული პირველი სადაზვერვო-დივერსიული ბრიგადის – „ვოლკის“ მებრძოლები, რომლებიც მანამდე მოქმედებდნენ ავდეევკის რაიონში. გამოითქმის მოსაზრება, რომ რუსული არმია ახდენს არალეგალური ძალებისა და დონეცკის სახალხო რესბუბლიკის სამხედრო ელემენტების – ავდეევკის შემოგარენიდან, ბახმუტის რაიონში გადასროლას. ადრე ISW აღიშნავდა, რომ რუსეთის მიერ ამ ნაწილების ბახმუტში გადასროლამ, შეიძლება შეასუსტოს რუსეთის შეტევითი ოპერაციები ავდეევკა-დონეცკის ფრონტზე.
რუსული ოპერაციების ტემპი ბახმუტის რაიონში მნიშვნელოვნად დაკლებულია. 28 მაისს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსმა მებრძოლებმა ჩაატარეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ორეხოვო-ვასილევკის რაიონში (ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით – 11 კილომეტრში) და ხრომოვოეს დასავლეთით (უშუალოდ ბახმუტის დასავლეთით). უკრაინის აღმოსავლეთ დაჯგუფების პრესმდივანი, პოლკოვნიკი სერგეი ჩერევატი 26 მაისს იუწყებოდა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქალაქ ბახმუტის რაიონში, მოხდა მხოლოდ ერთი საბრძოლო შეტაკება. გეოლოკაციური კადრები, რომლებიც 28 მაისს გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ რუსულმა შენაერთებმა მცირე წარმატებას მიაღწიეს კლიშეევკის დასავლეთით (7 კილომეტრი ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით). რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებდნენ, რომ რუსული დაჯგუფებები უტევდნენ კლიშეევკის დასავლეთით, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები ინარჩუნებდნენ პოზიციებს ამ რაიონში. რუსული წყარო ამტკიცებდა, რომ 27 მაისს, უკრაინელი მებრძოლები აგრძელებდნენ კონტრშეტევებს ორეხოვო-ვასილევკის რაიონში, სადაც სხვადასხვა წყაროების გადმოცემით, უკრაინულმა ჯგუფებმა წინ წაიწიეს ერთი კოლომეტრით. ბახმუტში მყოფი უკრაინელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი იმის გამო, რომ რუსული ოპერაციების ტემპმა იკლო – ისინი იმედოვნებენ, რომ ეს გარემოება წაადგებათ მათ, უკეთ წარმართონ შეზღუდული და ლოკალიზებული კონტრშეტევები. ადრე ISW აღნიშნავდა, რომ რუსული შეტევითი ოპერაციების შენელება ბახმუტის რაიონში, სავარაუდოდ დაეხმარებოდა უკრაინულ ძალებს, ხელთ იგდონ ინიციატივა და დაიწყონ ოპერაციების ახალი რაუნდი, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებენ.