Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

LE FIGARO   საფრანგეთი

ჯონათან სიქსუ

 

   8 თებერვალს, პარიზში ვიზიტის დროს, ვლადიმირ ზელენსკიმ ემანუილ მაკრონს სთხოვა დამატებითი შეიარაღება – ტანკები, თვითმფრინავები და საბრძოლო მასალები – რუსეთთან საომრად

მეორე დღეს გასპარ პრუსტმა, თავის დილის გადაცემაში EUROPE 1-ზე, შენიშნა: „მას მხოლოდ მონა ლიზას თხოვნა გამორჩა“. ამან მსმენელების დიდ ნაწილს ღიმილი მოჰგვარა.

საფრანგეთი, ისე, როგორც ბევრი სხვა დასავლური ქვეყანა, კვლავინდებურად განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას და რაკი ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, უკრაინის პრეზიდენტი აგრძელებს დიპლომატიურ ვიზიტებს მთელს მსოფლიოში, რათა შეინარჩუნოს მოკავშირეები. ასე რომ, 14 მაისს, ის ისევ ეწვია პარიზს – რომში სტუმრობის შემდეგ და ლონდონში ვიზიტამდე – რათა მოიპოვოს მხარდაჭერის ახალი ულუფა მორიგი სახელმწიფო მეთაურისგან: ლაპარაკია რამდენიმე მსუბუქ ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე. მეორე დღეს, RTL-ზე  დილის პროგრამაში, ლორან ჟერამ თავისი ძველი სარეკლამო რგოლის მიბაძვით, თქვა: „ზელენსკის ცირკი იწყებს  გასტროლს ევროპაში – თავისი ახალი ცხოველით. ზელენსკის შაპიტოში შეხვდებით: პირდაპირ ბრიუსელიდან – ქალი წვერ-ულვაშის გარეშე, რომელიც ყველას აღიზიანებს – ურსულა ფონ დერ ლაიენი. უფროსებო და ბავშვებო, მოდით, იხილეთ მოწვეული კლოუნები ბერნარ ანრი-ლევი და არიელი, რომლებიც კრემიან ნამცხვრებს ჩამოყრიან პირდაპირ უპილოტოებიდან. არ გამოტოვოთ ამერიკელი ჯო ბაიდენი, რომელიც საოცრად ბალანსირებს თავის ჯადოსნურ ოჩოფეხებზე და მაკრონი – ჟონგლიორი ქვაბებით…და ბოლოს, პროგრამის სული და გული – ნომერი „ადამიანი-ბირთვი“ ნატოს რეკვიზიტით! ზელენსკის ცირკი გუშინ საღამოს ელისეს მინდვრებზე, ხვალ კი თქვენს ქალაქში“. სტუდიაში ყველა მიხვდა ქარაგმას, მაგრამ „ზელენსკის ცირკმა“ ვერ ჰპოვა ისეთივე აღიარება, როგორც რამდენიმე კვირით ადრე, პრუსტის „მონა ლიზამ“.

ჟერას არ ჰქონია დიდი გამოხმაურების იმედი, მაგრამ უკრაინის ელჩმა საფრანგეთში – ვადიმ ომელჩენკომ არ დააახანა და 24 საათში გააშანშალა ვრცელი კომენტარი. „რაოდენი ცინიზმი და უტაქტობაა ჩვენი მეგობარი ხალხისგან. სრული უპასუხიმგებლობა და გულგრილობა. მე მოვითხოვ, ბოდიშის მოხდას ჩემი პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხის წინაშე, რომელიც იტანჯება და იბრძვის თავისუფლებისთვის მაშინ, როცა თქვენ გაქვთ საშუალება იცხოვროთ მშვიდად და უზრუნველად“ – დაწერა მან საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

იმისდა მიუხედავად, მოსწონთ თუ არა ლორან ჟერას ხუმრობა, საფრანგეთში კომიკოსისგან ბოდიშს არავინ ითხოვს. „მასხარა მეფის კარზე“- ისტორიული ტრადიციაა, რომლის მოშლა ყველაზე სასტიკმა მმართველებმაც ვერ შეძლეს. სწორედ რომ „პასუხისმგებლობის“ გამო, ფრანგები იმთავითვე უჭერდნენ მხარს უკრაინელების ბრძოლას. არაერთი ფრანგი არტისტი, ჟურნალისტი, რელიგიური მოღვაწე თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, იმიტომ არ დაღუპულა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რომ ახლა ფრანგებს ბოდიში მოსთხოვონ – თუნდაც ქარაფშუტა ხუმრობისთვის ან შეუსაბამო ტონისთვის. ასეთ ვითარებაში,ზნეობის დამცველებს ნაკლებ უნდა ადარდებდეთ, ხალასი იუმორი იყო ეს თუ უკბილო ხუმრობა.

სასაცილო იყო თუ არა, ლორან ჟერას აქვს სრული უფლება დასცინოს პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც სარგებლობს ჩვენი მხარდაჭერით, მაშინ როცა ჩვენი სამინისტროების, მერიის შენობები და სკოლებიც კი, მორთულია ყვავილებით უკრაინის დროშის ფერებში. ჩვენ შეგვიძლია ვიქილიკოთ მის სამხედრო ფორმაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ატარებს დიპლომატიურ მიღებებზე და რომელიც არის მხარდაჭერის გამოხატულება უკრაინელი ჯარისკაცების გმირული თავდადებისა ბრძოლის ველზე. საფრანგეთი დიდი ხანია დგას უკრაინის გვერდზე და ამას დღენიადაგ ადასტურებს.

ყველანაირი ომი საშინელებაა, მაგრამ საფრანგეთში ჯერ კიდევ არიან ბომარშეს მემკვიდრეები, რომლებსაც ერთი სული აქვთ ვინმეს დასცინონ, თუმცა მათაც მოუწევთ ქვითინი. მეტიც, სწორედ იუმორის წყალობით ვუმკლავდებით შეჭირვებასა და დიქტატურას, იუმორივე გვიბიძგებს მოკავშირეების მხარდაჭერისკენ.

ოდესღაც ლონდონში, ასე 40-იან წლებში, უინსტონ ჩერჩილი – შარლ დე გოლს შეხვდა ცერემონიაზე, რომელიც 1918 წლის ზავს ეძღვნებოდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, შეხვედრაზე ჭრელ კოსტიუმში გამოცხადდა. ფრანგმა გენერალმა მას ყურში ჩასჩურჩულა: „ეს უკვე ლონდონის კარნავალია!“ პასუხმა არ დაახანა: „აბა, ყველა რიგითი ჯარისკაცივით, ვერ იქნება გამოწყობილი.“

By admin