Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Al Ahram  ეგვიპტე

მუჰამედ იბრაჰიმ ად-დისუკი

 

               საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი, თავს მეორე შარლ დე გოლად მიიჩნევს, რაკი მოუწოდებს ევროკავშირს – ამერიკული ჰეგემონიის  „ბორკილები მოიშოროს“. მისი თქმით, ევროპელები არ უნდა აეწყონ შეერთებულ შტატებზე და ისინი უნდა ესწრაფოდნენ დაბალანსებულ პარტნიორობას ვაშინგტონთან

მაკრონი თვლის, რომ ევროპამ უნდა მოიცილოს ექსტერიტორიულ დოლარზე დამოკიდებულება, უნდა განავითაროს სამხედრო მრეწველობა და თავიდან აირიდოს ტაივანის გამო, აშშ-ჩინეთის კონფლიქტში ჩართვა. ის ღიად მოუწოდებს „ბიძია სემის“ წინააღმდეგ ჯანყისკენ, რადგან მიაჩნია, რომ ახლა ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რათა ევროპა ჩაეხსნას ამერიკულ ორთქლმავალს.

რისი მიღწევა სურს მაკრონს, ამხედრებულს ამერიკული დიქტატის წინააღმდეგ? უწერია თუ არა წარმატება მის რევოლუციურ პროექტს… თუ ეს უწყინარი ნიავია, რომელიც მსწრაფლ ჩადგება და ყოველივე საწყის წერტილს დაუბრუნდება?

იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, თუ რა ხდება მაკრონის ტვინში, საჭიროა დავაკვირდეთ საფრანგეთში ამჟამად არსებულ ვითარებას. ქვეყანაში იზრდება დაძაბულობა – ხელისუფლების არაპოპულარული გადაწყვეტილებისა და მის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო. ფრანგები შფოთავენ ინფლაციისა და ცხოვრების დონის გაუარესების გამო. მთელ ქვეყანას მოედო დემონსტრაციები და გაფიცვები, რასაც ახლავს ძალადობა და ვანდალიზმი. მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეშვა.

მას სჭირდება ქვეყანაში ვითარების მოწესრიგება და ამდენად პოლიტიკურ წნეხს ახორციელებს ევროკავშირზე. მაკრონს სურს გახდეს ევროპის კონტინენტის არაოფიციალური ლიდერი, რომელსაც ის ჰპირდება ნათელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალს. ალბათ ასევე ფიქრობს, შეახსენოს ევროპელებს დე გოლის საგმირო საქმეები. ის იყო პირველი, ვინც დაუპირისპირდა შეერთებულ შტატებს და გამოაცხადა საფრანგეთის ნატოდან გასვლა.

მაკრონი ცდილობს დაუმკვიდროს საფრანგეთს ლიდერობა ახალ მრავალპოლუსიან სამყაროში, აიღოს შეფობა ევროპაზე, რომელიც გმინავს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების მიზეზით. ის ფიქრობს, რომ თუ ევროპული ქვეყნები ირწმუნებენ საკუთარ ძალას, ისინი ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდებიან აშშ-ზე დამოკიდებულებისგან და გახდებიან მესამე მსხვილი ცენტრი რეფორმირებად საერთაშორისო სის ტემაში. მეტიც, მაკრონს სჯერა, რომ მიბრუნება აზიისკენ, კერძოდ  ჩინეთისკენ – ესაა გასაღები 2 საკვანძო პრობლემის მოგვარებისა.

პირველი: ეს არის ამერიკის მახრჩობელა „ალიკაპისგან“ გათავისუფლება. მეორე – არის უკრაინის კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეების გადაჭრა. ბევრი ევროპელი მოხელე ფიქრობს, რომ ამერიკამ „გააბა“ ევროპა კონფლიტში, რომელიც არსებითად წარმოადგენს აშშ-ს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, ოღონდ ეს ხდება უკრაინის ტერიტორიაზე. ისინი აშშ-ს ადანაშაულებენ ეკონომიკურ წნეხშიც, რაკი შეერთებული შტატები აიძულებს ევროპულ ქვეყნებს, მიუერთდნენ ანტირუსულ სანქციებს.

მეორე მხრივ, ევროპა, ბოლო დროს, არ აქცევს ყურადღებას შეერთებული შტატების ანტიჩინურ რიტორიკას. მაკრონი, რამდენიმე დღის წინ, ეწვია პეკინს – ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად.

აღნიშნავენ, რომ მაკრონის პოზიცია – აუჯანყდეს აშშ-ს – გაპირობებულია ელემენტარული პრაგმატიზმით.

პეკინთან ურთიერთობა ბრიუსელისთვის მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით. საქონელბრუნვა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის გასული წლის მონაცემებით 23% გაიზარდა და მან 912 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩსრ ევროკავშირის უმსხვილესი პარტნიორია ( განსაკუთრებით ეს ითქმის საფრანგეთზე) და ის მესამე მსხვილი იმპორტიორია ევროპული პროდუქციისა. ჩინური ექსპორტის მოცულობა 45 მილიარდი დოლარია, ხოლო იმპორტი 35 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბრიუსელი თავის ინტერესებს არ მიიტანს აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ომის სამსხვერპლოზე, რომელიც გამწვავდა ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის გამო.

სულ უფრო მეტ ევროპელს აღარ სურს „ამერიკის მიმდევრობა“ და მისადმი პოლიტიკური მორჩილება, მით უფრო, ეს ეწინააღმდეგება მათ სტრატეგიულ ინტერესებს. მათ აღარ უნდათ ამ ვითარებასთან შეგუება – არც ახლა და არც მომავალში. ამასთან, მათ არც შეერთებული შტატების სრული უგულვებელყოფა სურთ. აშშ თხევადი გაზის ძირითადი მიმწოდებელია ევროპისთვის, რომელიც ახლა ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის. ამას ემატება ამერიკული საჯარისო ფორმირებები ევროპულ ქვეყნებში, ასევე შეიარაღებისა  და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის მოთხოვნილება.

მაკრონი ევროპას სტრატეგიული ავტონომიისკენ მოუწოდებს. პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ის ეხმიანება ევროპელების მისწრაფებას -აშშ-სთან დაბალანსებული ურთიერთობის დამყარების შესახებ. დადგა დრო, გადაიხედოს საერთაშორისო ურთიერთობები ცვალებადი რეალობის შესაბამისად. რა მიჯნამდე მივა ევროპა ამერიკულ ჰეგემონიასთან ბრძოლაში და რას დაუპირისპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია ზემოთქმულს? აი, სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არის საჭირო ყურადღებით დავაკვირდეთ – რა  მოვლენები განვითარდება უახლოეს მომავალში.

 

 

 

 

 

 

 

By admin