ISW (INSTITUTE FOR THE STUDY OF WAR) აშშ
გრეის მეფსი, კაროლინა ჰირდი, ლეინ ფილიპსონი და ფრედერიკ ვ. კაგანი
27 მარტს დარხეულმა ხმებმა იმის შესახებ, რომ რუსეთის აღმოსავლეთ დაჯგუფების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი რუსტამ მურადოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, გამოიწვია ყრუ და ცინიკური გამოხმაურება რუსეთის საინფორმაციო სივრცეში. მილბლოგერები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ხელისუფლებამ, მურადოვი მოხსნა რუსეთის აღმოსავლეთ მიმართულების სამხედრო მეთაურის პოსტიდან, მაგრამ ISW-ის ამ დროისთვის არა აქვს შესაბამისი მტკიცებულებები
მურადოვმა რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო დაჯგუფების მეთაურობა, 2022 წლის 6 ოქტომბერს ჩაიბარა და ბოლო 5 თვის განმავლობაში უძღვებოდა შეტევითი ოპერაციების კატასტროფულ სერიას, რომელსაც მისი დაჯგუფება ატარებდა დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში. ერთ-ერთმა მილიბლოგერმა განაცხადა, რომ მურადოვი იმყოფებოდა „მივლინებაში“, რაც მისი თქმით, გათავისუფლების ტოლფასია. სხვები ამტკიცებენ, რომ მურადოვის ჩამოშორება – პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა დასძენენ, რომ მურადოვის შეცვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გათავისუფლება. ბლოგერების ნაწილმა აღნიშნა, რომ მურადოვი პასუხისმგებელია მნიშვნელოვან წარუმატებლობაზე, რომელიც რუსეთმა დონეცკის დასავლეთ ნაწილში იწვნია, აქ უპირველესად იგულისხმება დიდი დანაკარგი, რომელიც მოჰყვა პავლოვკის შტურმს 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ასევე რუსების ხანგრძლივი და უშედეგო მცდელობა, აეღოთ უგლედარი. დამოუკიდებელი რუსული გამოცემები, რომლებიც დაკავებულნი არიან „მნიშვნელოვანი ისტორიების“ გამოძიებით, გენშტაბთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთის გენერალური შტაბი, მურადოვს ბრალს დებს არაკომპეტენტურობაში და ბრძოლის ველზე განცდილ მარცხში, რომელიც მოხდა დონეცკის დასავლეთ ნაწილში, ეს ეხება თათრეთის მოხალისეთა ბატალიონის „ალგას“ სრულ განადგურებასაც. ერთმა ცნობილმა მილბლოგერმა განაცხადა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა ასევე განიხილავს დასავლეთ სამხედრო ოლქის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ევგენი ნიკიფოროვის გათავისუფლებას, რომლის შენაერთები მოქმედებენ კუპიანსკ-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ.
ISW-ი ვერ ადასტურებს ხმებს ვერც მურადოვისა და ვერც ნიკიფოროვის პოსტიდან გაშვების შესახებ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ რუსი მილბლოგერები განიხილავენ სწორედ იმ მეთაურების გადადგომას, რომელთაც ვერ მიაღწიეს არსებით წარმატებას და რომელთა ნაწილებმა განიცადეს დიდი დანაკარგი. რუსი მილბლოგერები მსგავს ჰიპოტეზას არ გვთავაზობენ, არც ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურ გენერალ-ლეიტენანტ ანდრეი მორდვიჩევთან და არც სამხრეთ მიმართულების ხელმძღვანელ გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კუზოვლევთან დაკავშირებით. არც ერთი და არც მეორე დაჯგუფება, არ იჩენს განსაკუთრებულ აქტიურობას ფრონტის კრიტიკულ უბნებზე. ამ გზით მორდვიჩევმა და კუზოვლევმა, როგორც ჩანს, თავიდან აიცილეს ის საფრთხე, რომ გამხდარიყვნენ რუსეთის ხელმძღვანელობის კრიტიკის ობიექტები, რადგან ისინი საკუთარ თავზე არ იღებენ ზედმეტ პასუხისმგებლობას. ასეთი ყრუ რეაქცია რუსეთის საინფორმაციო სივრცეში, მიუთითებს ფართო იმედგაცრუებაზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში სუფევს. როგორც მოლბლოგერები რამდენიმე თვეა ირწმუნებიან, სამეთაურო რგოლი საჭიროებს სისტემურ გადახედვას. მილბლოგერთა ნაწილი მუდმივად აქებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურს, არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინს, მიუხედავად იმისა, რომ მის დროს რუსეთის არმიამ დათმო ხერსონის დასავლეთ (დნეპრის მარჯვენა ნაპირი) ნაწილი. 27 მარტს, ერთმა ბლოგერმა განაცხადა, რომ სუროვიკინს უნდა დააკისრონ პასუხისმგებლობა თავდაცვაზე, როცა უკრაინელების კონტრშეტევა დაიწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ სუროვიკინის სტრატეგია უკეთესია, ვიდრე რუსეთის გენშტაბის უფროსის და რუსეთის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი ხელმძღვანელის – ვალერი გერასიმოვისა.
არსებული წარუმატებლობის ნიადაგზე, რუსეთის ხელისუფლება და ზოგიერთი ბლოგერი დაიციკლნენ ცალკეული მეთაურების მხილებასა და დასჯაზე, იმის ნაცვლად, რომ გამოავლინონ ენდემური პრობლემები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში, განახორციელონ კონტროლი საჯარისო ფორმირებებზე და მათი გაშლის სქემებზე.
რუსმა ბლოგერებმა თავშეკავებული რეაქცია გამოავლინეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 15 მარტის მიმართვაზე, იმის შესახებ რომ რუსეთი აპირებს განათავსოს ტაქტიკური იარაღი ბელორუსში. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ პუტინის მიმართვა ეხებოდა დასავლურ და არა შიდა აუდიტორიას. ბევრმა ბლოგერმა და ახალი ამბების აგრეგატორმა, უბრალოდ აქცენტები გაამახვილეს პუტინის ინტერვიუს რამდენიმე მონაკვეთზე, სადაც გაზვიადებულია რუსეთის სამხედრო მრეწველობის შესაძლებლობები. ამას ემსახურებოდა ბირთვულ იარაღზე საუბარიც. ერთმა მილბლოგერმა მართებულად შენიშნა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში, ვერ გააუმჯობესებს რუსეთის პოზიციას უკრაინაში და ამის ნაცვლად, ის უნდა ემზადებოდეს უკრაინელების სავარაუდო შეტევისთვის. ბლოგერმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა და მისი ორგანიზაციული მხარე. მეორე ბლოგერმა აღიარა, რომ პუტინის საუბარი ბირთვული იარაღზე, მიმართული იყო დასავლეთისკენ, თუმცა შეაქო პერსპექტივა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთვის შეიძლება „კოშმარად“ იქცეს.