BBC დიდი ბრიტანეთი
ჯეიმს ლენდეილი
პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა ვერ დაიწყება მანამ, სანამ დასავლელი მოკავშირეები უკრაინას მეტ სამხედრო მხარდაჭერას არ აღმოუჩენენ
იაპონურ გამოცემას მან განუცხადა, რომ ის ვერ გაუშვებს თავის მებრძოლებს წინა ხაზზე – მეტი ტანკის, არტილერიისა და სარაკეტო დანადგარ HIMARS-ის გარეშე.
YOMIURI SHINBUN-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში – „ მეტად არასახარბიელოა“.
„ჩვენ ველით დამატებით საბრძოლო მასალებს ჩვენი პარტნიორებისგან“ – განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ როდის დაიწყება კონტრშეტევა, მან უპასუხა: „ ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ამის დაწყება, არ შეგვიძლია გავაგზავნოთ ჩვენი მამაცი მეომრები წინა ხაზზე – მეტი ტანკის, არტილერიისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის გარეშე“.
შემდეგ მან დაამატა: „თუ თქვენ გაქვთ პოლიტიკური ნება, მაშინ შეძლებთ ჩვენ დახმარებას. ჩვენ ომში ვიმყოფებით და მოცდა არ შეგვიZლია“.
უკვე რამდენიმე კვირაა, მიდის საუბრები, რომ უკრაინა დაიწყებს საგაზაფხულო შეტევას რუსეთის არმიის წინააღმდეგ. უკრაინელმა მეთაურებმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ ეს გარდაუვალია. უკრაინის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელმა ალეკსანდრ სირსკიმ, ამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეს მოხდებოდა – „ძალიან მალე“.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ კონტრშეტევა უახლოეს პერიოდში დაიწყება. აშშ-ში ბაზირებული – ISW-ი (ომის შემსწავლელი ინსტიტუტი), გასულ კვირაში ვარაუდობდა, რომ რუსების შეტევა თანდათან კარგავდა ძალას და დაასკვნიდა: „ასე რომ, უკრაინა არის მომგებიან მდგომარეობაში, რათა დაიბრუნოს ინიციატივა და დაიწყოს კონტრშეტევა ფრონტის ხაზის კრიტიკულ უბნებზე“.
მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკი გაცილებით პესიმისტურად არის განწყობილი. ის ხშირად გვაფრთხილებდა, რომ ომი შეიძლება გაიწელოს წლები თუ დასავლელი მოკავშირეები არ დააჩქარებენ უკრაინისთვის იარაღის გადაცემას. თუმცა პირველი შემთხვევაა, როცა ის პირდაპირ აცხადებს, რომ კონტრშეტევა შეიძლება გადაიდოს დასავლური იარაღის უკმარისობის გამო. მისი შენიშვნა ასახავს, არა მარტო სურვილს შეიარაღების დაჩქარებისა, არამედ იმედგაცრუებასაც, დახმარების ამჟამინდელი ტემპის გამო.
უკრაინის მოკავშირეეები იძლეოდნენ დაპირებას, რომ მეტ ტანკს, არტულერიასა და შორსმსროლელ რაკეტას გადასცემდნენ უკრაინას. ზოგიერთი ქვეყანა ძლივს ასწრებს პირობის შესრულებას, ზოგიც ითხოვს დამატებით დროს, რათა შეიარაღებამ უკრაინაში ჩააღწიოს.
დასავლეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამხედრო დახმარება გზაშია, მაგრამ მომზადება და დაგეგმვა, დროს მოითხოვს. ისინი ასევე მიუთითებენ სხვა ფაქტორებზე, მაგალითად ტალახიან რელიეფზე, რაც ნებისმიერი არმიას ურთულებს მანევრირებასა და ფრონტის ხაზის გარღვევას.
სპეკულაციებმა უკრაინის კონტრშეტევაზე, კერძოდ მსჯელობამ იმაზე, თუ სად და როდის დაიწყება ის, ისეთი გაქანება ჰპოვა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა თანამემეამულეებს, შეწყვიტონ პოტენციური გეგმების გამომზეურება.
თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ – ანა მალიარმა, სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ მხოლოდ 3 ადამიანია უფლებამოსილი, ღიად ისაუბროს სამხედრო გეგმებზე. ესენია: პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და მთავარსარდალი.
„ყველა დანარჩენს, მხოლოდ მათი ციტირება მართებს“ – წერდა ის. „ ღვთის გულისთვის, შეწყვიტეთ ღია ეთერში კითხვების დასმა ექსპერტებისთვის იმის შესახებ, თუ როდის დაიწყება კონტრშეტევა, შეწყვიტეთ ბლოგებისა და პოსტების წერა ამ თემაზე, კეთილი ინებეთ და შეწყვიტეთ ჩვენი არმიის სამხედრო გეგმების საჯარო განხილვა.“