Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Al Jazeera  ყატარი

 

                        მოსკოვმა განაცხადა, რომ „საპასუხო დარტყმის“ შედეგად დაიღუპა 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, თუმცა კიევის თქმით, მისი შეიარაღებული ძალები არ დაზარალებულან

რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა გამანადგურებელი „ საპასუხო დარტყმა“ მიაყენეს ყაზარმებს, რომლებსაც იყენებდნენ უკრაინული ძალები დონბასში. იმავდროულად, უკრაინა უარყოფს დარტყმის შედეგად მიღებულ დანაკარგს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტები მოხვდა 2 დროებით ბაზას დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, სადც იმყოფებოდა 1 300 უკრაინელი სამხედრო. უწყების თქმით, 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იქნა მოკლული,  ე.წ. „ საპასუხო დარტყმის“ შედეგად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა – იგორ კონოშენკოვმა განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა, როგორც პასუხი, უკრაინის მხრიდან მაკეევკაზე თავდასხმაზე, როცა დაიღუპა ათობით რუსი ჯარისკაცი.

უკრაინის ოფიციალური პირები უარყოფენ ამ თავდასხმის შედეგად მიღებულ დანაკარგს.

სერგეი ჩერევატიმ, უკრაინის წარმომადგენელმა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში, აღნიშნა, რომ დაზიანდა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტუქტურა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები არ დაზარალებულან“ – თქვა მან.

დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის მეთაურმა –  პაველ კირილენკომ მანამდე, კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა 7 რაკეტა ესროლა კრამატორსკს და დასძინა, რომ დაზიანდა „სასწავლო დაწესებულება, საწარმო და საგარაჟე კოოპერატივი, თუმცა მსხვერპლი არ არის“.

კრამატორსკის მერმა – ალექსანდრ გონჩარენკომ აღნიშნა, რომ დაზიანდა 2 საგანმანათლებლო შენობა და 8 საცხოვრებელი სახლი.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის რეპორტიორებმა, მოინახულეს 2 კოლეჯის საერთო საცხოვრებლები, სადაც რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ღამის თავდასხმის დროს, ფრონტის ხაზის სიახლოვეს, იმყოფებოდნენ უკრაინელი სამხედროები.

მათი განცხადებით, არც ერთ ნაგებობას რაკეტები უშუალოდ არ მოხვედრია და მათ არ აქვს სერიოზული დაზიანება, არ ჩანს ცხედრები, სისხლის კვალი და რაიმე ნიშანი იმისა, რომ აქ უკრაინელი სამხედროები  იმყოფებოდნენ.

                                                                                            თავდასხმა მაკეევკაზე

1 იანვარს, გამთენიისას, უკრაინელმა მეომრებმა რაკეტები დაუშინეს დონეცკის ოლქში მდებარე მაკეევკის ერთ-ერთ ობიექტს, სადაც იმყოფებოდნენ რუსი ჯარისკაცები.

მოკლული იქნა, სულ ცოტა 89 რუსი ჯარისკაცი და ეს იყო ყველაზე გამანადგურებელი თავდასხმა რუსულ ძალებზე მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს, მოსკოვმა ომი წამოიწყო.

კვირას უკრაინელმა სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ დარტყმა მიაყენეს სამედიცინო უნივერსიტეტის კორპუსს რუბეჟნოეში. ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქი ლუგანსკის ოლქის აღმოსავლეთში.  დაიღუპა 14 რუსი ჯარისკაცი, რომელიც იქ იმყოფებოდა. დაჭრილების რაოდენობა უცნობია, ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის აღმოსავლეთის სხვა ნაწილში, ბახმუტში,  როგორც ამას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო აცხადებს, დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 8 დაიჭრა.

 

By admin