Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The New Statesman  დიდი ბრიტანეთი

ქეთი სთოლარდი

 

 ვაშინგტონი – სამშაბათს გამართული შუალედური არჩევნების დროს, ამომრჩევლებისთვის მთავარი საკითხი არ იყო საგარეო პოლიტიკა. წინა პლანზე იდგა ინფლაციის ზრდისა და აბორტის უფლების პრობლემები, თუნდაც აშშ-ში დემოკრატიის  ბედი. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები შეიძლება აისახოს ამერიკის დამოკიდებულებაზე გლობალური საკითხების მიმართ, რომელთა შორისაა უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება

ამ სტატიის წერისას, არჩევნების შედეგები მოწმობდა იმას, რომ მართალია დემოკრატებისთვის არჩევნების ღამე არ აღმოჩნდა ისეთი კატასტროფული, როგორც ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა, მაგრამ ფაქტია, რომ რესპუბლიკელები დაადგნენ წარმომადგენელთა პალატის კონტროლის გზას. ეს კი ნიშნავს, რომ სულ ცოტა მომავალი ორი წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში იქნება განხეთქილება და ხსენებული პალატა დაუპირისპირდება ჯო ბაიდენის დღის წესრიგს. რესპუბლიკელების ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში – ქევინ მაკკარტი, უკვე გვაფრთხილებს, რომ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას აღარ ექნება კარტ-ბლანში: „ვფიქრობ, რომ ადამიანები გააგრძელებენ ცხოვრებას რეცესიის პირობებში და ისინი არ აპირებენ გამოწერონ ჩეკი, სადაც არ იქნება მითითებული თანხის ოდენობა, ასე ვთქვათ – კარტ-ბლანში – განაცხადა მაკკარტიმ 18 ოქტომბერს – ისინი ამას უბრალოდ არ გააკეთებენ“.

პარტიის უკიდურესი მემარჯვენე ფრთა სულ უფრო სკეპტიკურად ეკიდება უკრაინის მხარდაჭერას. „რესპუბლიკელების ხელში, ერთი პენიც არ გაიგზავნება უკრაინაში – გვპირდებოდა წინასაარჩევნო მიტინგზე კონგრესის წევრი ქალბატონი – ტეილორ გრინი – უმთავრესი ჩვენი ქვეყანაა“. სამშაბათს, ის ხელახლა აირჩიეს. თაკერ კარლსონი „ფოქს ნიუს“-იდან რომელიც ყველაზე პოპულარული საკაბელო ტელეარხის, ახალი ამბების პროგრამას უძღვება, დიდი ხანია ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ს პოზიციას ამ კონფლიქტში და ალმაცერად უმზერს ვლადიმირ ზელენსკის მთავრობას. ქეი დი ვენსი, ავტორი წიგნისა – „ჰილბილის ელეგია“, რომელმაც გაიმარჯვა შუალედურ არჩევნებზე შტატ ოჰაიოში, ადრეც  მოუწოდებდა აშშ-ს – შეეწყვიტა უკრაინის დახმარება.

დონალდ ტრამპის დაბრუნება, რომელმაც რამდენიმე მიტინგი გამართა შუალედურ არჩევნებამდე და რომელმაც შეიძლება კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე (მან მიანიშნა, რომ 15 ნოემბერს გააკეთებს „ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას“), კიდევ უფრო გაამძაფრებს ისეთი საგარეო პოლიტიკის მოთხოვნას, რომელიც დაეფუძნება პრინციპს – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას. 2019 წელს, სწორედ ტრამპმა შეაჩერა 400-მილიონიანი დახმარება უკრაინისთვის, რასაც მოჰყვა მისი პირველი იმპიჩმენტი.

ამასთან, გაუთავებელი გამოძიებები, რაც მოსალოდნელია მომავალი 2 წლის განმავლობაში, რესპუბლიკელების მიერ მართულ წარმომადგენელთა პალატაში, ნიშნავს, რომ უკრაინის  დახმარება სამომავლოდ შემცირდება. რეალურად დემოკრატები შეეცდებიან, უახლოეს თვეებში „გაათრიონ“ დამატებითი დაფინანსება უკრაინისთვის, ვიდრე ორივე პალატა მათ კონტროლქვეშაა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რა იქნება, ეს გაურკვეველია. დანაწევრებულ და სულ უფრო პოლარიზებულ ამერიკას, ნაკლებად შეეძლება ყურადღების კონცენტრაცია საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. ამან უნდა დააფიქროს უკრაინისა და სხვა ქვეყნების მხარდამჭერები, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს –  აშშ-სგან მოელიან.

By admin