Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Al Jazeera   ყატარი

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სერგეი ლავროვი ამბობს, რომ არის „მსგავსება“ კუბის კრიზისთან, უმთავრესად იმით, რომ დღეს რუსეთს ემუქრება უკრაინაში არსებული დასავლური იარაღი

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ეყოფა სიბრძნე, გაუმკლავდეს გლობალურ კონფრონტაციას ისე, როგორც ეს მოხდა 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის დროს. მას მხედველობაში ჰქონდა – ომი უკრაინაში.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, გამოიწვია უმსხვილესი საომარი დაპირისპირება მოსკოვსა და დასავლეთს შორის, მოყოლებული კუბის კრიზისიდან, როცა საბჭოთა კავშირი და აშშ ძალზე ახლოს იყვნენ ბირთვულ ომთან.

იმხანად,  აშშ-ს პრეზიდენტმა – ჯონ კენედიმ, აღმოაჩინა, რომ საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა, ბირთვული რაკეტები განათავსა კუბაზე მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა ღორების ყურეში შეჭრა, როცა ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ემიგრანტები, ცდილობდნენ კომუნისტური რეჟიმის დამხობას.

1962 წლის ოქტომბერში, საბჭოთა წყალქვეშა ნავის კაპიტანი აპირებდა, გამოეყენებინა ბირთვული იარაღი მას შემდეგ, რაც აშშ-მ ჩაყარა სიღრმისეული ბომბები წყალქვეშა ხომალდის გარშემო. მოგვიანებით, იმავე დღეს, კენედი საიდუმლოდ დაეთანხმა ამერიკული რაკეტების გატანას თურქეთიდან იმის სანაცვლოდ, რომ ხრუშჩოვი გაიტანდა საკუთარ რაკეტებს კუბიდან.

კრიზისი განიმუხტა, თუმცა იქცა  ცივი ომის პერიოდში 2 ზესახელმწიფოს დაპირისპირების სიმბოლოდ.

ინტერვიუში, რომელიც ჩაიწერა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმისთვის, ლავროვმა განაცხადა, რომ არსებობს „მსგავსება“ კუბის კრიზისთან, ძირითადად იმით, რომ ახლა დასავლური იარაღი უკრაინაში – რუსეთს ემუქრება.

„იმედი მაქვს, დღევანდელ ვითარებაში, ჯო ბაიდენს ექნება მეტი შესაძლებლობა მიხვდეს, ვინ და რატომ გასცემს ბრძანებებს“ – თქვა ლავროვმა.

„სიტუაცია საგანგაშოა, სხვაობა ისაა, რომ შორეულ 1962-ში, ხრუშჩოვმა და კენედიმ იპოვეს ძალა საკუთარ თავში, გამოევლინათ პასუხისმგებლობა და სიბრძნე, ახლა კი ვერ ვხედავთ ამგვარ მზაობას ვაშინგტონსა და მის სატელიტ სახელმწიფოებში.

„მზად ვარ მოვისმინო

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, უარი თქვა ლავროვის განცხადების კომენტირებაზე, მაგრამ მიუთითა ადრინდელ კომენტარებზე მოსკოვთან არსებული ღია კავშირების შესახებ.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით, კვლავინდებურად მზადააა უკრაინის თემაზე დისკუსიებისთვის.

„რუსეთი, პრეზიდენტის ჩათვლით, მოლაპარაკებებისთვის ისევ  მზადაა“ – თქვა მან. „ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, გავეცნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინადადებებს, თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს – დაძაბულობის დეესკალაცია“.

პუტინი არგუმენტად ასახელებს იმას, რომ დასავლეთი უგულვებელყოფს რუსეთის წუხილს საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასე მაგალითად, ის მიიჩნევს, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით, კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ რუსეთის წუხილი გაზვიადებულია და ამით ვერ გამართლდება მეზობელ პოსტსაჭოთა ქვეყანაში შეჭრა, რომლის საზღვრებიც რუსეთმა ცნო 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ.

 

 

By admin