American Thinker აშშ
ანდრეა ვიდბერგი
ევროპული წარმომავლობის ჩემი მშობლები, ბოლომდე ვერ ხვდებოდნენ და არ ითავისებდნენ ამერიკას. მთელი ჩემი ბავშვობა, ისინი ყველა ბრუნვაში ასხამდნენ ხოტბას ევროპას, ადიდებდნენ, არა მარტო ევროპულ კულტურასა და ამ კონტინენტის ღირშესანიშნაობებს, არამედ ევროპულ სოციალიზმსაც – „აკვნიდან – სამარემდე.“ „რატომ არ აკეთებს იგივეს ამერიკა“ – ვერ იგებდნენ ისინი და ვერ ხვდებოდნენ, რომ ამერიკამ ყოველივე ეს დათმო … სწორედ რომ ევროპის გულისთვის. თავისუფალი ფული, „აკვნიდან – სამარემდე“ მოქალაქეებზე ზრუნვისთვის, არსებობდა იმიტომ, რომ ხარჯებს მათ თავდაცვაზე – ძირითადად ამერიკა იხდიდა
ახლა ცივი ომი დიდი ხნის დასრულებულია და ამერიკული ფული, როგორც იქნა, ამოიწურა და ევროპა ცარიელი ავზის ამარა აღმოჩნდა. ბენზინისგან დარჩა მხოლოდ გამონაბოლქვი, პუტინმა კი, შურისგების მოტივით, ევროპას ბუნებრივი აირი გადაუკეტა. ერთდროს თვითკმაყოფილ და უდარდელ ევროპას, ემუქრება ცივი, ბნელი და მშიერი ზამთარი – მას კი ეს ყელში ამოუვიდა და ის ქუჩაში გავარდა.
საიტმა Not The Bee-მ შენიშნა, რომ არც ამერიკული და არც ევროპული მედია, არ იწვის სურვილით, გაააშუქოს კონტინენტზე მიმდინარე მოვლენები. მათი გულგრილობა გასაგებია: ეს მოვლენები შლის პროპაგანდისტულ სურათს ბედნიერ ევროპელებზე, რომლებიც, როგორც ერთი, მთად აღიმართნენ პუტინისა და ნახშირბადის დიოქსიდის წინააღმდეგ – მიუხედავად იმისა, რომ იყინებიან საკუთარ ჩაბნელებულ ბინებში. პრესის დუმილის პიკზე, Not The Bee-მ შეკრიბა შთამბეჭდავი კოლექცია მასობრივი პროტესტების ამსახველი ფოტოებისა, რომლებიც ევროპის დიდი ქალაქებში იმართება. ნაწილი ამ სურათებისა, დავურთე წინამდებარე სტატიას, თუმცა გირჩევთ, რომ ამ კრებულს სრულად გაეცნოთ.
მას შემდეგ, რაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, ევროპას მართავს ტირანიული მონარქია, სახელწოდებით „სოციალიზმი“ – ოღონდ მეფეთა და არისტოკრატთა ნაცვლად, სავარძელში მოკალათებულან პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. მაგრამ მათი ძალაუფლებაც აქვს სასრული. დიდწილად, ძალაუფლებაზე ბიუროკრატიის მონოპოლიის წყალობით, ევროპაში არჩევნებს ისეთივე აზრი აქვს, როგორც ჩრდილოეთ კორეაში: ვისაც არ უნდა მისცე ხმა, საბოლოოდ ხელში შეგრჩება – ბანალური პარტიული ყალთაბანდი. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკული ფულისა და ელიტების მზაობის წყალობით, დაამკვიდრონ კონტროლირებადი საბაზრო ეკონომიკის იდეოლოგია (ერთგვარი ოპიუმი ხალხისთვის), ეს სისტემა გამართულად მუშაობდა ათწლეულების განმავლობაში.
ახლა კი ევროპული ელიტის კლიმატური დოქტრინის ზეგავლენით, უარიყო საბაზრო იდეოლოგია (მათ ხომ მხოლოდ წიაღისეული საწვავი ადარდებთ) და ელიტები ეცადნენ, მიბრუნებოდნენ ბუნებრივი გარემოს პრეისტორიულ სიწმინდეს. ცოტა უფრო გამჭრიახი რომ ყოფილიყვნენ მათი წარმომადგენლები, მიხვდებოდნენ, რომ ბუნების ქალწულებრივი სიწმინდე, მოიპოვებოდა… თურმე ნუ იტყვით… მონათა კატორღული შრომით – კეთილშობილი მოქალაქეების სასარგებლოდ.
ჩვეულებრივი მოკვდავები ევროპაში, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ამქვეყნიური სამოთხე, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გვპირდება, რაღაც მყრალ სურნელს აფრქვევს – მიხვდნენ და გაბრაზდნენ. ახლა საკითხი ასე დგას: დაანგრევს თუ არა ევროპაში გამეფებული უკმაყოფილება, მეორე მსოფლიო და ცივი ომების შემდეგ არსებულ სტატუს-კვოს. და თუ ასე მოხდა, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა დასკვნა უნდა გამოიტანონ ამერიკელებმა, რომელთა პრეზიდენტმა, მოინდომა – ქვეყანა ევროპულად ემართა.