Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  დიდი ბრიტანეთი

ჯონათან ბილი

 

 

თითქმის 8 თვე შესრულდა იმ დროიდან, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. აქ რუსები ჯერ კიდევ უტევენ, ეს იმ დროს, როცა უკრაინა წინ მიიწევს და ათავისუფლებს ტერიტორიებს აღმოსავლეთსა და სამხრეთში. აღმოსავლეთში – ბახმუტი რჩება რუსეთის მთავარ სამიზნედ და ისინი, ამ მიმართულებით, წინ მიიწევენ

ქალაქში გამუდმებით ისმის სროლის ხმა – დღისით თუ ღამით. ასე გრძელდება უკვე რამდენიმე კვირაა.

70 000 მაცხოვრებლის უმეტესობა, ქალაქიდან უკვე გაიქცა – დარჩნენ ძირითადად ხანდაზმულები. ისინი ცხოვრობენ წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე.

ბოლო ევაკუაციის დროს, მცირე რიგები წარმოიშვა, მაგრამ მოხალისეებს უშიშრად გადაჰყავთ ხალხი ქალაქიდან და პირუკუ.

მათ შორისაა – ოლენა, რომელიც ევაკუაციას ელის. ის თითქმის 70 წლისაა.

„ხალხი გაწამებულია“ – ამბობს ის, იმ დროს, როცა ქალაქზე მორიგი შეტევა მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველა თავისებურად რეაგირებს ამაზე: ზოგი სიგარეტს მოწევას იწყებს, ზოგი რაიმეს ღეჭვას, დანარჩენი ზის და ტირის.

მისი თქმით, ცხოვრება გაუსაძლისი შეიქნა, კერძის მომზადება ღია ცის ქვეშ უწევთ, წყალი კი სათლით მოაქვთ.

„კრულ იყოს ის, ვინც ეს ომი დაიწყო. დღეში ასჯერ ვწყევლი“ – ამბობს ის.

ოლენა ჰყვება, რომ ბახმუტში დარჩენილები სასოწარკვეთილებამ შეიპყრო.

ავტობუსში ამავალი ხელებს მაღლა იშვერს – მადლობის ნიშნად, რომ, როგორც იქნა, ტოვებს აქაურობას.

ბახმუტში რუსეთი თავგანწირული ცდილობს, შეცვალოს ომის სურათი. ეს ადგილი, მცირე გამონაკლისია, სადაც ის უკან არ იხევს. მისი წინსვლა ბახმუტისკენ მდორედ და დიდი დანაკარგით მიმდინარეობს, მაგრამ რუსები ახერხებენ ახალი პოზიციების დაკავებას.

იმაში, რომ რუსეთი ბახმუტის დაუფლებას ცდილობს, არის გარკვეული ლოგიკა. ზაფხულის დასაწყისში, მან აიღო მახლობელი ქალაქები – სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი.

ბახმუტი შემდეგი უნდა იყოს და იგულისხმება, რომ ამას მოჰყვება წინსვლა კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ.

თუმცა, ასე იყო მანამდე, ვიდრე უკრაინა დაიწყებდა მოულოდნელ კონტრშეტევას აღმოსავლეთსა და სამხრეთში.

რუსული შენაერთები უკუაგდეს კიდევ უფრო შორს – ჩრდილოეთში. ქალაქები კრამატორსკი და სლავიანსკი უკვე აღარ არის რუსული არტილერიის დაფარვის ზონაში, როგორც ეს ივლისში იყო.

რუსეთი დიდწილად, შეტევიდან – თავდაცვაზე გადავიდა.

პოლკოვნიკი სერგეი ჩერევატი, უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობის წარმომადგენელი ეჭვობს, რომ რუსებს ეყოფათ მებრძოლების რაოდენობა და შეიარაღება ბახმუტის ასაღებად, რომლის შესანარჩუნებლად  უკრაინელებმა უკვე მიმართეს მთელი ძალისხმევა. ამავე დროს, მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ააგოს ახალი თავდაცვითი ზღუდეები ჩრდილოეთით – სვატოვოსა და კრემენნაიასთან, სადაც მომარაგების ხაზებს უკრაინელები ემუქრებიან.

უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთი წინა ხაზზე აგზავნის ტექნიკას, რომელიც რამდენიმე ათეული წლისაა. პოლკოვნიკმა ჩერევატიმ მითხრა, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რა დამატებით ძალების მობილიზებას შეძლებს რუსეთი და რა ხარისხის იქნება რეზერვები: „ჯერჯერობით, ისინი დაბალ ხარისხს აჩვენებენ და არა აქვთ საკმარისის იარაღი.“

პოლკოვნიკს განადგურებული რუსული ტექნიკის სასაფლაოზე შევხვდი – ქალაქ ლიმანთან ახლოს. უკრაინას სურს რომ რუსული არმია მსოფლიოს, ამგვარი სახით წარუდგინოს – უკრაინული მხარე დღემდე კრძალავს ჟურნალისტების შეშვებას წინა ხაზზე.

პოლკოვნიკი ჩერევატი აცხადებს, რომ ბოლო დროს, რუსეთი ბრძოლის ველზე ძველ ტანკებს – Т62-ებს გზავნის, რომლებიც 1960-იან წლებში აიწყო, ვინაიდან თანამედროვე ტექნიკის ძირითადი ნაწილი, უკვე განადგურებულია.

გასულ თვეში პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ომში დამატებით 300 000 კაცს გაიწვევს და ახლა რუსეთი ამბობს, რომ ეს დავალება 2 კვირაში შესრულდება.

ბახმუტზე შეტევის ოპერაციას, ხელმძღვანელობს კერძო კომპანია „ვაგნერ-ჯგუფი“, თვლის ბრიტანეთის დაზვერვა. დაქირავებულთა ეს კონტიგენტი, უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის, ხოლო გასულ თვეში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მისი ლიდერი გადმობირებას ეწევა რუსეთის ციხეში.

„ ან კერძო კომპანიები ან პატიმრობა და თქვენი შვილები, თავად გადაწყვიტეთ“ – ეუბნება ის რუსეთის მოქალაქეებს.

ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ რუსებმა ბახმუტი აიღონ, მაგრამ რა იქნება  ამის შემდეგ?

„ვიდრე ლისიჩანსკს დავტოვებდით, ჩვენ ისინი გამოვფიტეთ, ამბობს პოლკოვნიკი ჩერევატი. ის ელის, რომ ბახმუტშიც იგივე მოხდება. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ტემპს, პოლკოვნიკი განმარტავს, რომ ერთადერთი, რაც ამას მოჰყვება, ესაა უკრაინელების მოტივაციის ზრდა: „ჩვენ ისინი დავამარცხეთ ბრძოლის ველზე და ერთადერთი უპირატესობა, რაც მათ დარჩათ, ესაა – რაკეტები“.

 

By admin