THE HILL აშშ
კეროლაინ ვაკილი
მას შემდეგ, რაც ჯულიანის აცნობეს, რომ ის მიჩნეულია ფიგურანტად – 2020 წელს ჯორჯიაში ჩატარებული არჩევნების გამოძიების საქმეში, ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ ორშაბათს განაცხადა: „ჩვენ ვცხოვრობთ ფაშისტურ სახელმწიფოში“
„ეს არის მეექვსე შესწორების შეურაცხყოფა. ამ საქმეზე – მე ვიყავი ადვოკატი. ჩემი განცხადებები წარმოადგენს ან იურიდიულ საიდუმლოს ან გვეხება ჩვენ ორს, კეთდება მისი სახელით და ემსახურება მის დაცვას“ – განუცხადა ჯულიანიმ გამოცემა – NEWSMAX-თან. ის გულისხმობდა ექსპრეზიდენტ ტრამპს.
„როცა ადვოკატებს, რომლებიც საკუთარ კლიენტებს იცავენ, აქცევენ განსასჯელად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ფაშისტურ სახელმწიფოში. მომისმინეთ, ჩემს ოფისში უკვე ჩატარდა ჩხრეკა. ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამას მოვესწრებოდი“ – განაცხადა ჯულიანიმ.
მანამდე ჯულიანიმ დაუდასტურა THE HILL-ს, რომ ის ფიგურანტია იმ გამოძიებისა, რომელიც უკავშირდება ტრამპისა და მისი თანამოაზრეების მცდელობას, ნაფიცი მსაჯულების დიდი კოლეგიის მეშვეობით, გაუქმებულიყო 2020 წლის არჩევნების შედეგები – შტატ ჯორჯიაში.
უწყებაში ჯულიანი ფიგურირებს, როგორც „პრეზიდენტ ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი“ და „ტრამპის შტაბის წამყვანი ადვოკატი, რომელიც ცდილობდა გავლენა მოეხდინა ჯორჯიასა და სხვა შტატებში – 2020 წელს გამართული არჩვნების შედეგებზე“.
უწყებაში აღნიშნულია, რომ ჯულიანი იძლეოდა ჩვენებებს და წარადგენდა მტკიცებულებებს, რომ 2020 წელს მოხდა არჩევნების შედეგების ფალსიფიკაცია, მათ შორის იყო ჩანაწერი, როცა საარჩევნო კომისიის წევრებს, თითქოსდა მალულად, გადააქვთ „ჩემოდნები“, რომლებიც სავსეა დაუდგენელი წყაროდან მიღებული ყალბი ბიულეტენებით.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ მართალია ჯორჯიის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ამ ჩანაწერის ნამდვილობა, მაგრამ ჯულიანი კვლავ აგრძელებდა საუბარს არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ და ჩანაწერს საბუთად იშველიებდა.
„არსებობს მტკიცებულება, რომ მოწმის გამოსვლა და მისი ჩვენება სასამართლო განხილვებზე, იყო ნაწილი ტრამპის შტაბის კოორდინირებული გეგმისა – გავლენა მოეხდინა 2020 წლის არჩევნების შედეგებზე ჯორჯიასა და სხვა შტატებში“ – ნათქვამია უწყებაში.